რატომ ვერ გაბრწყინდა იბერია და რატომ არ ამართლებს ეკონომიკური განვითარების რეცეპტები (ნაწილი III:გადასახადების შემცირება და რეგულაციები
ამ ბლოგში შევეცდები, გავაანალიზო მედიაში უკვე არაერთხელ გაჟღერებული რეცეპტი - არსებული გადასახადების შემცირება, რაც ხშირად წარმოდგენილია, როგორც პანაცეა ეკონომიკური განვითარებისთვის. კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა. ეს იმიტომ, რომი ნფრასტრუქტურა, განათლება და სხვა ტიპის საჯარო სერვისები, რომელიც,როგორც წესი,სწორედ აკრეფილი გადასახადებით ფინანსდება, ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი წარმოებისთვის. თუ სახელმწიფო უარს იტყვის ზოგიერთი საჯარო სერვისის მიწოდებაზე, შესაძლებელია, ის კერძო სექტორმა ჩაანაცვლოს, თუმცა, როგორც პროფესორები ტიმოთი ბესლი და მაიტრეშ გათაკი ამტკიცებენ, არის გარკვეული სერვისები, რომელთა მინდობით კერძო სექტორზე სასურველი შედეგი შეიძლება არ დადგეს.
იგივე სასკოლო განათლების მიწოდება კერძო სექტორს კარგად შეუძლია, მაგრამ სახელმწიფოს მიერ საჯარო განათლების დაფინანსების გაუქმების შემთხვევაში, მოსახლეობის ნაწილი შესაძლოა, საშუალო განათლების გარეშე დარჩეს, რადგან კერძო განათლება იაფი არ არის. ამან შეიძლება გამოიწვიოს ღატაკი ფენების კიდევ უფრო გარიყვა და გაღატაკება. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევების მიხედვით, ბავშვების უმეტესობა, რომლებიც სიღატაკეში იბადებიან, სიღატაკეშივე ატარებენ სიცოცხლეს. გარდა იმისა, განათლება პოზიტიური გარეგანი ეფექტებით ხასიათდება, რაც კიდევ ერთი არგუმენტია მისი სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების გასამართლებლად.
საქართველოს შემთხვევაში, ერთ-ერთი პრობლემა ბიუჯეტის სიმცირეა (ხშირად უცხოურ საფეხბურთო კლუბების ბიუჯეტზეც კი ნაკლებია), შესაბამისად, განათლების, თუ სხვა საჯარო სერვისების დაფინანსებაც არ არის დიდი აბსოლუტურ რიცხვებში. არსებული გადასახადების შემცირებით ბიუჯეტის კიდევ უფრო შემცირება მოგვიწევს (მოკლევადიან პერიოდში მაინც), რაც ხარჯების შეკვეცას მოითხოვს. ამიტომ არაფინანსური აქტივები უნდა გავასხვისოთ, პენსია, ჯანდაცვა და სოციალური დახმარებები შევამციროთ, თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები შევკვეცოთ, ან კიდევ ვალი ავიღოთ, რაც მაინც ისევ ბიუჯეტის გადასახდელი იქნება.
ერთ-ერთი მოსაზრებით, გადასახადების შემცირება სახელმწიფო ორგანოების ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცის ხარჯზე უნდა მოხდეს. თუმცა, საეჭვოა, ისე შევამციროთ გადასახადები, რომ ეკონომიკური ბუმის გამოწვევა შესაძლებელი გახდეს. ამისთვის მხოლოდ დაბალი გადასახადები არ კმარა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი განუვითარებელი ქვეყანა, სადაც გადასახადებს მოსახლეობის და საწარმოების დიდი ნაწილი ისედაც,თითქმის,არ იხდის, უნდა ყვაოდეს.
ხშირად არასწორი დამოკიდებულებები არსებობს რეგულაციების მიმართაც. არის ხალხი, რომელსაც,თითქმის, ყველაფრის რეგულირება სურს და არიან ისეთებიც, რომლებიც საერთოდ არ ეთანხმებიან რეგულირების იდეას. რა თქმა უნდა, რეგულაციებს უდავოდ შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები და ამიტომ მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში (როდესაც სახეზეა საბაზრო ჩავარდნა) და მინიმალური დოზით უნდა მოხდეს მათი გამოყენება.
რეგულირება კომპლექსურია და რთული, შესაბამისად, ხშირია არაეფექტური რეგულაციები, განსკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში, მაგრამ როცა ბაზრის მიერ დადგენილი რეჟიმი სასურველ შედეგს ვერ იძლევა, ხანდახან რეგულირება გამოსავალია (ხშირად შეიძლება ის არც იყოს საუკეთესო გამოსავალი, არამედ მეორე საუკეთესო (second best) ან ცუდსა და უარესს შორის ცუდი (least worst) საშუალება).
მაგალითისთვის,ავიღოთ გაუმართავი ავტოტრანსპორტითა და უხარისხო საწვავით ჰაერის დაბინძურება: ბევრ ადამიანს არ ადარდებს (შეიძლება არც იცოდეს), რომ მისი სატრანსპორტო საშუალება მომეტებულ ზიანს აყენებს გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობას, ამაზე მიუთითებს, თუნდაც, კატალიზატორის მოხსნისა და გაყიდვის პრაქტიკა, რაც არც თუ ისე იშვიათად ხდება. არც ბევრ მეწარმეს შეიძლება ადარდებდეს, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული საწვავი, ვთქვათ, მომეტებული რაოდენობის ტყვიას შეიცავს, რაც ადამიანების ჯანმრთელობას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს (აქ საყურადღებოა, რომ ის არა მაინცდამაინც, უშუალოდ, მომხმარებელს აყენებს ზიანს, არამედ გარემოს, სადაც სხვა ადამიანები ცხოვრობენ). თუნდაც საქართველოს მაგალითზე, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო ჩარევის გარეშე ინდივიდუალური მცდელობები, როგორიცაა, საინფორმაციო კამპანიები, თუ მოსახლეობის ნაწილის პროტესტი გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ, საქმეს ვერ შველის.
რეგულირების მოწინააღმდეგეები ხშირად ამბობენ, რომ რეგულირება სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ხელს უშლის, რაც, გარკვეულწილად, მართალია. მაგალითად, თუ მთელ ტყეებს მოვჭრით და გავყიდით, სავარაუდოდ, გვექნება საგრძნობი ზრდა წლის ბოლოს, მაგრამ არის თუ არა ასეთი ზრდა მდგრადი და მოსახლეობისთვის კარგი? ძალიან მეეჭვება.
მომდვნო ბლოგებში საუბარი გვექნება ეკონომიკური განვითარების სხვა პარადიგმებზე.