ქართული IT კომპანიები საერთაშორისო ბაზრებზე გავიდნენ
„ჩვენი რესურსი რომ მსოფლიოსთვის საჭიროა, ამაში უკვე დავრწმუნდი. მოთხოვნა დიდია, თუ შენ მაღალი დონის სპეციალისტი ხარ, აუცილებლად იქნები წარმატებული“
ქართული კომპანია „საათეკი“ ბრიტანელების დაკვეთით პროექტების მენეჯმენტის ასოციაციის ვებგვერდზე მუშაობს. ახალი ვებპორტალი ბრიტანელებისთვის და არა მხოლოდ მათთვის უახლოეს მომავალში ამუშავდება, ეს ქართული კომპანიის მორიგი პროექტია ევროპაში, მანამდე კი იყო ათასობით მსგავსი ვებგვერდი.
„2003 წლიდან ვმუშაობთ და ამ დრომდე დაახლოებით ათასობით ვებგვერდი გვაქვს გაკეთებული სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, ერთ-ერთი კომპანია აწყობდა წელიწადში რამდენიმე გამოფენას, თითოეული ღონისძიებისთვის მზადდებოდა რამდენიმე ათეული ვებგვერდი, ეს კომპანია კი ჩვენი დამკვეთი იყო, ამ ვებგვერდებს სწორედ ჩვენ ვაკეთებდით“, - ამბობს „საათეკის“ დირექტორი გიორგიგორდელაძე.
კომპანია„საათეკი“ 2003 წელსდაფუძნდა. საერთაშორისო ტიპის ქართული IT კომპანია დაინტერესებულ პირებს ოფშორულ პროგრამირებას, ვებსერვისებსა და უკვე არსებული, მოძველებული პროგრამული სისტემების განახლებას სთავაზობს. 14 წლის წინ დიდ ბრიტანეთში პარტნიორი კომპანიის მოძიება ნაცნობი ქართველის დახმარებით შეძლეს. კომპანიის დირექტორი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ თავის დროზე ძალიან გაუმართლათ, შემდეგ კავშირები დაამყარეს, დღეს კი უკვე იცნობენ და ენდობიან.
„გაგვიცნეს, იციან ჩვენი პირობები, ხარისხი, ფასები. პირველ ეტაპზე ჩვენი მომსახურება ძალიან იაფი ღირდა, ეტაპობრივად გაძვირდა, მაგრამ მაღალ ხარისხს მუდმივად ვინარჩუნებთ, რაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია წარმატებისთვის. დღეს ვებსაიტებს ვაკეთებთ ძირითადად ბრიტანული კომპანიებისთვის, ასევე ვმუშაობთ მონაცემთა დამუშავების მიმართულებით, ვუწევთ სსხვადასხვა ტიპის IT მომსახურებას. გვყავს პარტნიორი კომპანია ინგლისში, რომელიც დაკავებულია კლიენტების მოძიებით,შეკვეთებს გვაძლევენ როგორც ბრიტანეთიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, მაგალითად, გვქონია პროექტები საუდის არაბეთში, ემირატებში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ირლანდიაში“, - ამბობს გიორგი გორდელაძე.
ჰოლანდიური კვლევითი ინსტიტუტის (CBI) ერთ-ერთი ბოლო კვლევა ევროპაში ვებდიზაინებსა და აპლიკაციებზე მოთხოვნას ეხება. საერთაშორისო დოკუმენტის თანახმად, ევროპული კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ საკუთარი ვებგვერდი, რადგან ევროპაში ინტერნეტის მოხმარების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ევროპული კომპანიების მხრიდან ვებტექნოლოგიებსა და აპლიკაციებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. ყველაზე ხშირად კომპანიები ვებგვერდებს ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში ქმნიან. ფინეთში კომპანიების 95%-ს, ხოლო დანიაში 91%-ს საკუთარი ვებპორტალი აქვს. საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 64%-ს შეადგენს, ხოლო ბულგარეთსა და რუმინეთში 50%-ია. აქედან გამომდინარე ევროპული ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა აქცენტი სწორედ ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაზე გააკეთონ, მითუმეტეს, რომ ამ რეგიონებში ეს მომსახურება განსაკუთრებით ხშირად გააქვთ ე.წ. აუთსორსინგზე. კომპანიების უმრავლეობას არა აქვს სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად საჭირო რესურსი ორგანიზაციაში, ამიტომ ვებდიზაინისა და აპლიკაციებისთვის ხშირად კონკურსს აცხადებენ. „იმისთვის, რომ თქვენი ცოდნა და უნარი ტექნოლოგიების თვალსაზრისით იყოს კონკურენტუნარიანი, საჭიროა, მუდმივად ადევნოთ თვალი თანამედროვე მიღწევებს“, - ვკითხულობთ CBI-ის კვლევაში.„ქონექთი გლობალურ ბაზართან ინტეგრაციის გზას ადგას, ვცდილობთ, ევროპელ დამკვეთს დავხვდეთ იმ სტანდარტებით, რასაც ევროპა ითხოვს“, - ქართულ ბაზარზე საკმაოდ წარმატებული კომპანია „ქონექთის“ სამომავლო გეგმები ახლა უკვე ევროპასა და გლობალურ ბაზარს უკავშირდება. კომპანიის დირექტორი გვიყვება, რომ დღეს ყოველი 5 პროექტიდან 1 უცხოურია. კომპანია ბრენდინგის, ვებგვერდების შექმნისა და ვიდეო პროდაქშენის მიმართულებით შეკვეთებს არაერთი ქვეყნიდან იღებს.
„ძალიან ბევრი პროექტი გვქონდა საქართველოში და არ იყო შესაძლებლობა, რომ უცხოურ დაკვეთებზე დიდი დრო დაგვეხარჯა, თუმცა, იანვრიდან დავიწყე მუშაობა ამ მიმართულებით, უკვე გავედით საზღვარგარეთ საკმაოდ წარმატებით. ჩვენი ერთ-ერთი პროექტის დამკვეთი დღეს ავსტრალიაა. ასევე გვქონდა საქმიანი ურთიერთობები ჰოლანდიაშიც. ჩვენი რესურსი რომ მსოფლიოსთვის საჭიროა, ამაში უკვე დავრწმუნდი. მოთხოვნა დიდია, თუ შენ მაღალი დონის სპეციალისტი ხარ, აუცილებლად იქნები წარმატებული. მთავარია, კომუნიკაცია დაამყარო“, - ამბობს დავით რიკიაშვილი.
საერთაშორისო კვლევის თანახმად, ევროპაში IT მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების დეფიციტია. სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში IT სპეციალისტების უნარი თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს ხშირად ვერ აკმაყოფილებს, არაერთი პროგნოზით, 2020 წლისთვის ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი დეფიციტია მოსალოდნელი, ხოლო ის ფაქტი, რომ ევროპული კომპანიების დიდ ნაწილს ვებდიზიანისა და აპლიკაციებთან დაკავშირებული პროექტები აუთსორსინგზე გააქვს, არა ერთ ფაქტორს უკავშირდება, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები თანხების დაზოგვას ისახავს მიზნად. როგორც ჩანს, ვებდიზაინისა და აპლიკაციების შექმნა ე.წ. „აუთსორსინგზე“ გაცილებით უფრო იაფი ჯდება. ეს კი კომპანიებს განვითარებადი ქვეყნებიდან აძლევს შესაძლებლობას, ევროპულ ორგანიზაციებთან წარმატებით ითანამშრომლონ, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაღალი ხარისხის მომსახურების პარალელურად კონკურენტუნარიანი ფასიც უნდა იყოს, CBI-ის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია განვითარებადი ქვეყნებისთვის სწორედ მომსახურების ღირებულებას უკავშირდება, ევროპული კომპანიის დასაინტერესებლად გამჭვირვალობა და დაბალი ფასები ყველაზე მიმზიდველი შეიძლება, აღმოჩნდეს. ამასთან, არანაკლებ მნიშნელოვანია ხარისხიც, რადგან ვებდიზაინისა და აპლიკაციების შექმნა ძალიან კარგ ტექნიკურ შესაძლებლობებს მოითხოვს.
ამისთვის კი საჭიროა:
- მუდმივად გაეცნოთ ბოლო მიღწევებს ვებტექნოლოგიების სფეროში, გაიღრმავოთ ცოდნა ამ მიმართულებით.
- ევროპული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია თქვენი ტექნიკური შესაძლებლობების დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგალითად, სარეკომენდაციო წერილები, ან თქვენ მიერ შექმნილი პროდუქტის ნიმუში, სასურველია ამის ნახვა შეიძლებოდეს თქვენს ვებგვერდზე.
- კონკრეტული ხელშეკრულების დადებამდე ევროპული კომპანიები ამჯობინებენ, ჯერ საპილოტე პროექტი შეუკვეთონ პოტენციურ მყიდველებს, ამ გზით ისინი კომპანიის შესაძლებლობებსა და გამჭვირვალობას სწავლობენ, პარალელურად ჩნდება ნდობაც.
როგორ უნდა მოიძიონ ქართულმა კომპანიებმა ევროპაში დამკვეთები? - ამის დიდი გამოცდილება საქართველოში უკვე არის. პირადი კონტაქტები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა კავშირის დასამყარებლად სხვა გზებიც არსებობს. დავით რიკიაშვილი გვიყვება, რომ ერთ-ერთი ევროპული კომპანია მას თავად დაუკავშირდა და თანამშრომლობა შესთავაზა. პროექტის დაფინანსების შემდეგ კი ბრენდინგისა და ვებგვერდის მიმართულებით მომსახურებას „ქონექთი“ უზრუნველყოფს.
„მემორანდუმის მსგავსი დოკუმენტი გავაფორმეთ. ამ შემთხვევაში ალბათ მათი ინტერესი იყო, რადგან საქართველოში ხორციელდება პროექტი, მაგრამ დღეს გერმანელი არ მოვა შენთან პირდაპირ, რადგან მას საკმარისი რესურსები აქვს საკუთარ ქვეყანაში. მათთან დასაკავშირებლად არის საკომუნიკაციო პლატფორმები, სწორედ ამ გზით მოვიძიეთ დამკვეთები. ზოგიერთი პლატფორმა გაძლევს კონკურსში ჩართვის შესაძლებლობას, სხვა შემთხვევებში დამკვეთი აქვეყნებს მოთხოვნებსა და პირობებს, შენ სთავაზობ საკუთარ წინადადებას. ასევე, ხდება ისეც, რომ თავად გიკავშირდებიან, ეს მაშინ, როდესაც მათთან შეხება უკვე გქონდა და გიცნობენ. პორტფოლიო რომ გაქვს ონლაინსივრცეში, ისინი ეცნობიან, მათ დიდი გამოცდილება აქვთ გემოვნების, სტანდარტის შეფასებაში,“ - ამბობს რიკიაშვილი.
CBI-ს კვლევის თანახმად, ძალიან მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაცია დამკვეთსა და პროექტის განმახორციელებელ კომპანიას შორის. ვებდიზაინისა და აპლიკაციების შექმნის პროცესში კომუნიკაციის ნაკლებობამ შესაძლოა, ძალიან ბევრი გაუგებრობა და უთახნმოება გამოიწვიოს. მაგალითად, ვებაპლიკაციის შექმნისას აუცილებელია კომპანიამ დამკვეთს დაუსვას შემდეგი კითხვები: რას უნდა მოიცავდეს აპლიკაცია? ვინ არის სამიზნე ჯგუფი? რომელ პლატფორმებზე უნდა იმუშაოს აპლიკაციამ? ასევე, რამდენია პროექტის ბიუჯეტი და როდის არის ბოლო ვადა. მუშაობის პროცესში კი სასურველია, რომ დამკვეთი კომპანია მუდმივად ჩააყენოს საქმის კურსში, რათა ყველა დეტალის შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს. ევროპელ დამკვეთებთან ურთიერთობის საკუთარ გამოცდილებაზე გიორგი გორდელაძეც გვიყვება.
„მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია დამკვეთთან, საქმის კურსში ვაყენებთ, როდის დიწყება მუშაობა, როდის სრულდება, რა ეტაპზეა ახლა პროცესი, რა პრობლემებს წავაწყდით, როგორ უნდა გადავჭრათ ეს დაბრკოლებები და ასე შემდეგ“,- ამბობს გიორგი გორდელაძე.
დავით რიკიაშვილის თქმით, კი ევროპელ კომპანიებთან მუშაობა მისთვის გაცილებით უფრო კომფორტულია.
„ევროპელი პირველ რიგში უყურებს შენს რეპუტაციას, შენს პროექტებს, თვითონაც არის ჩახედული, რაშიც არ არის გათვითცნობიერებული, იმაში არ გედავება. თუ სწორად აკეთებ, ენდობიან დიზაინერის, პროგრამისტის პროდუქტს. მაქსიმალურად დეტალურად გეუბნებიან, რა სურთ. ქართველს კი მეტი გამოცდილება სჭირდება, გარკვეული ეტაპები აქვს გასავლელი. სამომავლოდ უპირატესობას მივანიჭებ გლობალურ მიმართულებას იმიტომ, რომ ეს არის ბიზნესი და ჩემს კომპანიას განვითარებაში დაეხმარება. მსოფლიო ბაზარზე გასვლა ვისი ოცნება არ არის?", - ამბობს რიკიაშვილი.
CBI-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ვებდიზაინისა და აპლიკაციების შემქნელი კომპანიებისთის: მაშინ, როდესაც თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრი წარმატებული ვებაპლიკაცია უკვე არსებობს, განსაკუთრებით რთულია კონკურენტუნარიანი მომსახურების შეთავაზება ევროპელი პარტნიორებისთვის, მით უმეტეს, რომ ევროპაში მოთხოვნები საკმაოდ მაღალია. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ვებგვერდებისა და აპლიკაციების უსაფრთხოება, რადგან ოფიციალური მონაცემებით, ჰაკერების მთავარი სამიზნე ხშირად სწორედ ვებაპლიკაციებია. ამიტომ პროექტის განხორციელებისას აუცილებელია უსაფრთხოების ყველა პარამეტრის გათვალისწინება.
- გაავრცელეთ მკაფიო და გასაგები ინფორმაცია თქვენი კომპანიების მონაცემების უსაფრთხოებაზე.
- შექმენით ვებაპლიკაციები ყველაზე უსაფრთხო მეთოდით და მიაწოდეთ დამკვეთებს ინსტრუქციები, როგორ გამოიყენონ.
- მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების მისაღწევად მუშაობა აპლიკაციის შექმნის პირველივე ეტაპიდან დაიწყოს.
- ინფორმაციის დაცულობასა და უსაფრთხოებაზე გაეცანით ISO-27000 -ის სტანდარტებს.
ავტორი: ხატია შამანაური