ტრამპის სანქციების ექო
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ ორ აგვისტოს ხელმოწერილმა კანონმა გლობალური პოლიტიკური აურზაური გამოიწვია, რეალურად ცოტა ვინმეს თუ ქონია კანონის მიერ რუსეთის (ასევე ირანისა და ჩრდ.კორეის) წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების შესახებ დეტალური და სრული ინფორმაციის ფლობის ფუფუნება ერთი მხრივ, 184 გვერდიანი კანონის ტექსტის სიდიდის და მეორე მხრივ, მასში ჩამოთვლილი კონკრეტული მექანიზმების ჯუნგლებში გარკვევის ნაკლები სურვილის გამო. ამასთან ერთად, მედიის ძირითადი აქცენტი რატომღაც მხოლოდ ენერგოსექტორში გათვალისწინებულ სასანქციო მექანიზმებზე გაკეთდა, რამაც სხვა სფეროებში დაწესებული არანაკლებ მტკივნეული შეზღუდვები ყურადღების მიღმა დატოვა.
შესაბამისად, სრულიად მიზანშეწონილი იქნებოდა ერთი მხრივ,შემოღებული სანქციების დაჯგუფება შესაბამისი კონკრეტული სფეროს ან სექტორის მიხედვით, ხოლო მეორე მხრივ, მოკლე პროგნოზის გაკეთება მოსალოდნელი ეფექტის შესახებ. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში აღსანიშნავია ნავთობის (ენერგო) სექტორში დაწესებული სანქციები, რომელთა მიხედვით:
- აიკრძალა ფიზიკური და იურიდიული პირების დაკრედიტება 60 დღეზე მეტი ხნით
- აიკრძალა საქონლის, ტექნოლოგიების და მომსახურების (გარდა ფინანსურისა) მიწოდება რუსული პროექტებისთვის ღრმა წყლებში ნავთობის მოპოვებისთვის ან იმ პროექტებში სადაც რუსული ფიზ. და იურ. პირთა წილი 33%-ია ან აღემატება.
- დაწესდა სანქციები რუსული ბრენტის ნავთობის შემცველ პროექტებზე და გაზპრომის მიერ განხორციელებულ კაპიტალდაბანდებებზე, თუ ის აფერხებს ან წინააღმდეგობას უქმნის ევროპისა და ნატოს ქვეყნების ენერგომომარაგებას.
- ასევე სანქციები (სულ მცირე ხუთი 325-სექციიდან[1]) დაუწესდა იმ ფიზ. და იურ. პირებს, რომელთა ინვესტიციით (1მლნ დოლარი და მეტი, ან 5 მლნ დოლარი 12 თვიან პერიოდში) რუსეთის ენერგოექსპორტი მილსადენების მეშვეობით, და იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად აწვდიან ისეთ ტექნოლოგიას ან მომსახურებას, რომელიც აუმჯობესებს ან ზრდის რუსეთის ენერგოექსპორტს მილსადენების მეშვეობით.
ნავთობ და ენერგოსეტორთან პირდაპირ კავშირშია საფინანსო-საბანკო სექტორში დაწესებული სანქციები, რამეთუ ენერგოგიგანტების საფინანსო ვალდებულებების მომსახურება სწორედ რომ საფინანსო-საბანკო სუბიექტების მიერ ხორციელდება. შესაბამისად აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაცია კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში და საფინანსო-საბაკო სფეროში შემდეგ სანქციებს აწესებს:
- იმ ფიზ. და იურ. პირთა წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთი სახელმწიფო აქტივების პრივატიზებაში მიიღებენ მონაწილეობას 10 მლნ დოლარისა და მეტი თანხის ინვესტიციით 12 თვიან პერიოდში და ამით ხელს შეუწყობენ რუსეთის მთავრობის წევრებისა და ან მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების გამდიდრებას.
- იმ ფიზ. და იურ. პირთა წინააღმდეგ, რომლებიც ნებისმიერ ტრანსაქციას ან სხვა საფინანსო გარიგებას განახორციელებენ სასანქციო სიაში შეყვანილ რუსულ ბანკებთან 14 დღეზე მეტი პერიოდით. (მანამდე 30 დღე იყო)
- აშშს პრეზიდენტს დაევალა დააწესოს სანქციები (აქტივების დაბლოკვა, აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა, ვიზის ანულირება და არგაცემა) რუსეთის მთავრობის წევრის, მისი ოჯახის წევრის და დაახლოვებული პირის წინააღმდეგ, თუ ეს პირები/პირი რუსეთში და სხვა ქვეყანაში პირდაპირ არის გარეული ან ირიბად (დახმარება, სპონსორობა, მატერიალური და ტექნიკურ-ფინანსური, სასაქონლო და მომსახურეობრივი მხარდაჭერა) მონაწილეობს კორუპციულ გარიგებებში, მათ შორის სახელმწიფო კონტრაქტებისა და მიღებული შემოსავლების სხვის განკარგვაში გადაცემის ფორმით.
ახალი სანქციები განსაკუთრებით დიდ დარტყმას მიაყენებს რუსულ ენერგოკომპანიების საერთაშორისო პროექტებს, რაც პირველ რიგში "როსნეფტის", "გაზპრომის" და "ლუკოილის" საგარეო ექსპანსიის გეგმების დასასრულის მომასწავებელია. დასავლური კაპიტალი და მოპოვების ახალი ტექნოლოგები სწორედ ის ფაქტორებია, რაზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსული ენერგოსექტორი. რადგანაც ახალი სანქციები არ არის გეოგრაფიულად შეზღუდული მხოლოდ რუსეთით, რუსულ ენერგოკომპანიებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ექმნებათ პროექტების განხორციელების სირთულე, მით უფრო თუ მათი წილი ამ პროექტებში მინიმუმ 33%ს შეადგენს. ამას გარდა, რადგანაც სანქციები ასევე მოიცავს არა მხოლოდ ენერგომოპოვების არამედ ტრანსპორტირების სფეროსაც, იზრდება ასევე იმ უცხოური (არარუსული) კომპანიებისა და პირთა "დასჯის" რისკი, რომლებიც რუსულ კომპანიებთან ერთობლივ პროექტებში მონაწილეობენ. ამ თვალსაზრისით ევროკომისიის შეფასებით რისკის ზონაში მთელი რიგი პროექტები ხვდება, მაგალითად ისეთები როგორიცაა:
- Nordstream-I(Gazprom, Wintershall, PEGI/E.ON) და Nordstream-II(ENGIE, OMV, Shell, Uniper and Wintershall)
- Bluestream (Eni, Gazprom) and Turkstream (Gazprom)
- Sakhalin II expansion (Shell, Gazprom)
- Zhor Field in Egypt (BP, ENI, Rosneft)
განსაკუთრებით Nordstream-ის პროექტებზე სანქციების ნეგატიური ეფექტთან დაკავშირებით აღინიშნება ევროპელთა და პირველ რიგში, გერმანული Wintershall-ისა და ავსტრიული OMV-ს წარმომადგენელთა ღია შეშფოთება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა პირდაპირ დაადანაშაულა ამერიკული მხარე სანქციების მეშვეობით თხევადი გაზის ექსპორტით დაკავებული ამერიკული კომპანიების ლობირებაში. საინტერესოა ზოგადად “როსნეფტის”-უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანიის მდგომარეობა. აღნიშნული კომპანია, რომელსაც ეგვიპტის გარდა სხვა ქვეყნებშიც (მაგ. ვიეტნამი, ვენესუელა, ბრაზილია) გააჩნია პროექტები ერთგვარ სახელმწიფოს სახელმწიფოში წარმოადგენს და გაცილებით ნაკლებ გადასახადებს იხდის სახელმწიფო ბიუჯეტში ვიდრე მას ფინანსთა სამინისტრო ითხოვს. მიუხედავად ამისა, “როსნეფტის” აღმასრულებელი დირექტორი იგორ სეჩინი არ ერიდება არაფერს და სახელმწიფოსგან (პუტინისგან) 2016 წელს 1.5 ტრილიონი რუბლის დახმარებას ითხოვს, და შედეგად 600 მილიარდ რუბლს იღებს კიდევაც. კომპანიის საერთო ღირებულება 55 მილიარდ აშშ დოლარს წარმოადგენს, ხოლო მისი საერთო დავალიანება 66 მილიარდს. მიუხედავად იმისა, რომ “როსნეფტმა” რუსულ ბაზარზე ბევრი პოტენციური კონკურენტი (“ბაშნეფტი”, “იუკოსი”) აგრესიულად გადაყლაპა, აშკარაა რომ როგორც ადრე და განსაკუთრებით ახლა, სანქციების ფონზე მას კაპიტალის სერიოზული დეფიციტი შეექმნება და იძულებული იქნება გადარჩენის მიზნით ისევ სახელმწიფოს მიმართოს. ხოლო იგორ სეჩინი პირდაპირ ექვემდებარება სასანქციო რეჟიმს, რადგანაც სანქციებში მოსახვედრი პირებისთვის დაწესებულ მთელი რიგ პუნქტებს სრულად აკმაყოფილებს.
კაპიტალის და განსაკუთრებით საინვესტიციო მიზნებისთვის გამოყოფილი კაპიტალის მოცულობები ბოლო პერიოდში სპეციალისტთა შეფასებით სულ უფრო და უფრო მცირდება. მიუხედავად გერმანული და სხვა ევროპული კომპანიების ჯერ კიდევ არსებული მზადყოფნისა განახორციელონ რუსულ ბაზარზე კაპიტალდაბანდებები, რაც სანკტ-პეტერბურგში ჩატარებულმა ეკონომიკურმა ფორუმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, კაპიტალის გადინების დინამიკა საგრძნობლად ნეგატიურია. ივლისის თვეში რუსეთის ცენტრალრი ბანკი იძულებული გახდა ლიცენზია გამოეწვია და გაკოტრებულად გამოეცხადა ერთ-ერთი მსხვილი ბანკი "იუგრა", რომელიც ნავთობსექტორში მოპოვებული კაპიტალით არის დაარსებული და ფიზიკურ პირთა შენატანების მხრივ 12 უმსხვილეს ბანკთა სიაშია . სადღეისოდ მას დასაბრუნებელი აქვს 170 მილიარდი რუბლი. ბოლო 5 თვის განმავლობაში საფონდო ბაზზარზე კაპიტალის სუფთა გადინებამ 2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია (Emerging Portfolio Fund Research (EPFR)), ხოლო რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, შარშანდელ მონაცემებთან შედარებით კერძო სექტორის მიერ იანვარ-ივლისის პერიოდში კაპიტალის ნესეტო გადინებამ 13 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. რუსი ექსპერტების შეფასებით სახელმწიფო სტატისტიკური სამსახურის მიერ კერძო სექტორში გამოვლენილი ჭარბი გაკოტრების ტენდენცია პირდაპირ უკავშირდება სანქციების რეჟიმს და შედეგად გამოწვეულ არასტაბილურობას საბანკო სეტორში, რომელსაც სადღეისოდ მსხვილი ბანკების ბაზრიდან გასვლა ან საგრძნობი შესუსტება ახასიათებთ.
ფინანსურ-საბანკო სექტორში შემოღებული სანქციები ასევე უკავშირდება და პირდაპირ კავშირშია სამხედრო და თავდაცვის სფეროში მოქმედი რუსული ფიზ. და იურ. პირების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან. ისინი ითვალისწინებენ:
- იმ პირთა და ორგანიზაციების აქტივების წართმევას, გაძევებას, ვიზების გაუქმებას და აშშ-ში შესვლის აკრძალვას (მინიმუმ 5 სანქცია 325 სექციიდან) 180 დღის შემდეგ, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ხელს უწყობენ ასადის რეჟიმის სამხედრო გაძლიერებასდა აწვდის ტექნოლოგიებს ან აშშ-ს მიერ აკრძალულ ნივთიერებებს.
- იმ პირთა და ორგანიზაციების დასჯას (ფინანსურ-ადმინისტრაციული, სექცია 325) ვინც პირდაპირ ან ირიბად დაკავებულია სამხედრო პროდუქციის შეტანით საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან დაკავებულია ნედლი ნავთობის მოპოვებისა და ტრანსპორტირების რუსულ პროექტებში.
ნათელია,რომ ამ სანქციების ქვეშ არა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები მოისაზრებიან, არამედ სახელმწიფო და კერძო ფინანსური ინსტიტუტები და მათ შორის უცხოური პარტნიორები. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სასანქციო სია ასევე მოიცავს ადამიანის უფლებების დარღვევებსა და კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებულ დარღვევებში შემჩნეულ (პირდაპირ და ირიბად) პირებს და ორგანიზაციებს, ნათელი გახდება, რომ შესაძლოა ერთი და იგივე ფიზ. ან იურ. პირს რუსეთში სანქციების რამოდენიმე კატეგორია ეხებოდეს, და როგორც წესი ასეთი პირები უშუალოდ წარმოადგენენ ან პირდაპირ კავშირში არიან რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებთან. სანქციების მსგავსი "დუბლირება" გარკვეულწილად გარანტიას იძლევა რომ თუ ერთ სასანქციო სფეროში შესაძლებელია სასანქციო რეჟიმში მოხვედრილმა პირმა მოახერხოს თავის დაღწევა, მეორე ან მესამე სფეროდან კვლავინდებურად შესაძლებელი იქნება მასზე სადამსჯელო მექანიზმების ამოქმედება. ამასთან ერთად კანონი აძლევს პრეზიდენტს სექცია 325-დან მინიმუმ ხუთი სანქციის ამოქმედების უფლებას ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლის მიმართ გაჩნდება სამართლიანი ეჭვი და დასაბუთება ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ.
სექცია 325-ში ჩამოთვლილი სასანქციო მექანიზმები:
- საბანკო გარანტიების, დაზღვევისა და კრედიტის გახანგრძლივების ნებართვის არგაცემა
- ლიცენზიის არმიცემა-გაუქმება საქონლისა თუ ტექნოლოგიის მიწოდებაზე
- 10 მლნ აშშ და მეტი კრედიტის გაცემის აკრძალვა ჯამურ 12 თვიან პერიოდში
- საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში ამერიკის ხმის გამოყენება კრედიტის გაცემის არდაშვებისთვის
- სასანქციო სიაში ფინანსური ინსტიტუტის მოხვედრის შემთხვევაში, ის ვერ გახდება პირველადი დილერი ან წაერთმევა აშშ-ს ხაზინასთან ფასიანი ქაღალდებით პირდაპირი გარიგების უფლება. ამ უფლებას ვერ მიანიჭებს ვერც ფედერალური რეზერვის სისტემა, მმართველთა ბორდი ან ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკი. ის ვერ იქნება აშშ-ს სამთავრობო თანხების შემნახველი. მათგან აშშ-ს მთავრობას ეკრძალება ნებისნმიერი საქონლისა და სერვისის შესყიდვა, ნებისმიერი ოპერაციის განხორციელება უცხოურ ვალუტაში, ქონების შეძენა, იმპორტ-ექსპორტი, ფინანსური სახის ნებისმიერი ტრანსფერი
- ეკრძალება აშშ-ს ნებისმიერ ფიზ. ან იურ. პირს ინვესტირება და მნიშვნელოვანი კაპიტალის, ვალდებულებების შეძენა სასანქციო პირებისგან
- ვიზის არგაცემა, არშეშვება ან რეზიდენტობის გაუქმება მათ შორის იმ პირებისთვის, რომლებიც სასანქციო პირთა კორპორატიული წარმომადგენლები ან მეწილეები არიან.
[1]სექცია 325 შეიცავს სასანქციო ზომების ჩამონათვალს, რომლის დაწესება შესაძლებელია დამრღვევ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინააღმდეგ.