საქართველოს სავარაუდოდ ენერგოდირექტივების შესრულების თარიღის გადავადება მოუწევს
ენერგოეფექტურობა, რომელიც მთლიან მოხმარებულ ენერგიაში სასარგებლო მოხმარების მაღალ კოეფიციენტს გულისხმობს, დღითიდღე უფრო აქტუალური საკითხი ხდება მსოფლიოსთვის. შეზღუდული და ძვირი ენერგორესურსების, ასევე ეკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გათვალისწინებით განვითარებული ქვეყნები უდიდეს ყურადღებას უთმობენ ენერგოეფექტურობის ოპტიმიზაციას.ამ ქვეყნების ენერგოეფექტურობის სახელმწიფო პოლიტიკა გამიზნულია უპასუხოს როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ეკონომიკურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს. სხვადასხვა განვითარებული ქვეყნების მაგალითებიდან ჩანს, რომ ენერგოეფექტურუბის პოლიტიკა მიზნად ისახავს ეფექტიანობის მიღწევას ყველგან, სადაც კი ის გამოიყენება: საცხოვრებელ სახლებში, ეკონომიკის მომსახურებაში, ინდუსტრიაში, სატრანსპორტო სექტორში და სხვა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ განვითარებული ქვეყნების ენერგოპოლიტიკა ენერგოეფექტურობას ენერგეტიკული უსაფრთხოების თუ დამოუკიდებლობის გაუმჯობესების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად განიხილავს , საქართველოში კი დღემდე არ გვაქვს შემუშავებული მსგავსი ეფექტური ენერგოპოლიტიკის სახელმძღვანელო დოკუმენტი.
საქართველოს მიერ ევროგაერთიანების წევრობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, შეიძლება ითქვას, რომ დადებითად აისახება საქართველოს ენერგოსექტორზე, თუმცა, ამ საკითხზე მსჯელობა ეფექტური ენერგოსტრატეგიის დოკუმენტის არსებობის პირობებში უფრო მარტივი იქნებოდა. ენერგოგაერთიანებაში წევრობით არსებული ვალდებულებების ფარგლებში საქართველოს უახლოეს წლებში მოუწევს უამრავი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომლებიც პირდაპირ ენერგეტიკის სფეროს შეეხება. ანუ ჩვენ სტრატეგიული ენერგეტიკული დოკუმენტის გარეშე მოგვიწევს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, მაშინ, როდესაც განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა რადიკალურად განსხვავებულია; იქ ენერგოსექტორში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები უმეტესად ეყრდნობა წინმსწრებ სახელმწიფო ენერგოსტრატეგიის დოკუმენტს. ამ კონტექსტში შეიძლება ვახსენოთ ენერგოეფექტურობის კუთხით საქართველოს მიერ შესასრულებელი ევროკავშირის 2012/27/EU (იმპლემენტაციის ვადა: 2018 წლის 30 დეკემბრამდე) და 2010/31/EU (იმპლემენტაციის ვადა: 2019 წლის ივნისამდე) დირექტივები. პირველი მათგანი ენერგოეფექტურობის კუთხით განსახორციელებელი სამუშაოების ზოგადი დირექტივაა, ხოლო მეორე - შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას ეხება.
ზემოთ ხსენებული ევროპული დირექტივების შესრულება, რაციონალური დანახარჯების გაწევით, ერთმნიშვნელოვნად დადებით შედეგს მოუტანს საქართველოს ენერგოსექტორს, შესაბამისად, ექნება დადებითი ეკოლოგიური და ეკონომიკური შედეგიც, საერთო ჯამში კი შეიძლება ითქვას, რომ ამ დირექტივებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის. საქართველოში, ენერგოსექტორის გადაცემის, განაწილებისა და საბოლოო მოხმარების რგოლებში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ საქართველოში ენერგიის არაეფექტურად გამოყენების სადემონსტრაციოდ, დაწყებული ჰიდროენერგიის გენერირებით, დამთავრებული ელექტროენერგიის კომუნალური ტიპის მოხმარებით (არაეფექტური ელექტრო ნათურები, შენობებში თბო-იზოლაციის ნორმების დაუცველობა და ა.შ.). ენერგიის არაეფექტურობა, ბუნებრივია, მხოლოდ ენერგოსექტრით არ შემოიფარგლება. საქართველოში ტრანსპორტის (ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორი ენერგიის მოხმარების კუთხით) , სამრეწველო, მომსახურეობის და სხვა სექტორები ასევე ხასიათდებიან ენერგორესურსების არაეფექტური გამოყენებით, რასაც ამ სექტორებში თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიის უქონლობა, ენერგოეფექტურობის შესახებ არაინფორმირებულობა და ფინანსებზე ხელმიუწვდომლობა იწვევს. მხოლოდ ე.წ. ვარვარა ნათურების „LED” ტიპის ნათურებით ჩანაცვლებით საქართველოს ყოველწლიურად, დაახლოებით, 550 მილიონი კვტ/სთ ელექტრო ენერგიის დაზოგვა შეუძლია, მაშინ, როდესაც 2017 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში იმპორტირებული 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის საშუალო ფასი 4.1 ა.შ.შ. ცენტი იყო.
საქართველოს მიერთებით ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძვნებელ ხელშეკრულებასთან, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომელიც გულისხმობს საქართველოში არსებული და პოტენციური შენობების ენერგოეფექტურობის გაზრდას. ამ ვალდებულებას ჩვენ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ დამტკიცებული 2010/31/EU დირექტივა გვაკისრებს. დირექტივის შესრულების ამჟამინდელი ვადა 2019 წლის 30 ივნისია, თუმცა ეს ვადა შეიძლება შეიცვალოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელებული მოლაპარაკებების საფუძველზე.
2010/31/EU რეგულაცია მოიცავს რამდენიმე მუხლს:
- მინიმალური მოთხოვნების შემუშავება შენობებში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად
- „ნულოვანი ენერგიის“ შენობები
- წამახალისებელი ღონისძიებების გატარება
- შენობების სერთიფიცირება
- შენობების კონტროლი და ინსპექტირება
შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები გვავალდებულებს შევქნათ საერთო მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც შენობების მიმართ განისაზღვრება ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები. ეს მოთხოვნები უნდა შეეხოს შენობების თბო-იზოლაციას, კონდიცირებას, წლის გამათბობელ სისტემებს, განათებას და ა.შ. რეგულაცია შეეხება ახალ შენობებს, ასევე იმ ძველ შენობებს, რომლებსაც კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება.
„ნულოვანი ენერგიის“ შენობების კომპონენტი გულისხმობს მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე შენობების მშენებლობას. რეგულაციის ეს ნაწილი, რომელიც პირველ რიგში საჯარო შენობებზე გავრცელდება, შენობების ადგილობრივი განახლებადი ენერგიით მომარაგებასაც გულისხმობს.
წამახალისებელი ღონისძიებების გატარების კომპონენტი საქართველოს ავალდებულებს შექმნას იმ ინსტრუმენტების ჩამონათვალი, რომლის მეშვეობითაც განახორციელებს წახალისების ამ პროგრამას. ეს ჩამონათვალი უნდა განახლდეს ყოველ 2 წელში და ის უნდა მოიცავდეს წამახალისებელ ეფექტურ ინსტრუმენტებს, მათ შორის ფინანსურ და საკანონმდებლო ინიციატივებს.
შენობების სერთიფიცირების ნაწილი ენერგოგაერთიანების წევრ ქვეყნებს ავალდებულებს შექმნან შენობების სერთიფიცირების ეფექტური სისტემა. სერტიფიკატები უნდა იყოს ინფორმაციული, უნდა შეიცავდეს რეკომენდაციებს ენერგოეფექტურობის შესახებ, მიზნობრივ აუდიტორიას გასაგებ ენაზე აწვდიდეს შენობის ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებულ დეტალებს და უწევდეს მსგავსი ტიპის შენობებს პოპულარიზაციას.
შენობების კონტროლისა და ინსპექტირების კომპონენტის მიხედვით უნდა შეიქმნას შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა პერიოდულად შემოწმდეს 20 კვ.მ -ზე და 12 კვ.მ-ზე მეტი გათბობისა და გაგრილების სისტემები. ინსპექტირების შესრულება შესაძლებლი უნდა გახდეს აკრედიტირებული სპეციალისტების მიერ.
2010/31/EU რეგულაციის თითოეული კომპონენტის შესრულება, ოპტიმალური ხარჯის გაწევის პირობებში, დადებითი ეფექტის მომტანი იქნება როგორც საქართველოს ეკონომიკისთვის, ასევე ეკოლოგიისთვის: სხვა თანაბარ პირობებში, გაიზრდება ენერგოეფექტურობის საერთო მაჩვენებელი, გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები სამშენებლო და ენერგოსექტორში, ენერგორესურსების ეფექტური გამოყენების წყალობით გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა.
თუმცა, ქართულ რეალობაში არსებობს გარკვეული წინაპირობები, რომლებიც შეიძლება მივიჩნიოთ ზემოთ ხსენებული რეგულაციების ეფექტურად შესრულების ხელის შემშლელ ფაქტორებად. მაგალითად, შესაბამისი ქართულისახელწიფო სამსახურებისმხრიდან არ ხორციელდება კომპლექსური ღონისძიებები ენერგოეფექტურობის პოპულარიზაციისთვის. პრობლემაა ასევე ძვირი ენერგოეფექტური ტექნოლოგიის შეძენა ან მასში ინვესტირება, რადგან იაფი ფინანსური რესურსი ხელმიუწვდომელია, რადგან საქართველოში ენერგოეფექტური ტექნოლოგია დღემდე ინარჩუნებს მაღალ საბაზრო ფასებს;
ასევე,საყურადღებოა სახელმწიფოს მხრიდან ტარიფების სუბსიდირების საკითხიც, რომელიც, უარყოფითად მოქმედებს ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებში ინვესტირების სტიმულზე, რადგან, მომხმარებელი, რომელსაც სახელმწიფო ენერგიის საფასურს ნაწილობრივ უხდის არ არის მოწადინებული იზრუნოს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შეძენაზე. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ ენერგიის საბოლოო მოხმარებაში მაღალი ეფექტურობის მიღწევა არ არის ენერგოსექტორში მომუშავე დისტრიბუტორებისთვის მომგებიანი კომერციულ ინტერესი, მათთვის კომერციული აპრიორი მეტი აბონენტი და, შესაბამისად, მეტი მოხმარებული ენერგიაა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია უფრო ეფექტური საკანონმდებლო პოლიტიკის წახალისება, რაც ენერგო-დისრიბუტორებს ენერგოეფექტურობის საერთო პროგრამაში აქტიური ჩართვის სტიმულს მისცემს; სახელწიფოს მხრიდან საჭიროა, ასევე, ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერა იმ ბიზნესინიციატივებისთვის, რომელთა ბიზნეს-გეგმები საქართველოში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების წარმოებას გულისხმობს; და ბოლოს, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ადამიანური რესურსები, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის კუთხით, სამწუხაროდ, ვერ აკმაყოფილებს ამავე სექტორში ბაზრის თანამედროვე საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
ამ გამოწვევების წინაშე საქართველო მარტო არ დგას. ევროკავშირის თანმდევი და ეფექტური პოლიტიკა საქართველოს მიმართ გულისხმობს ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების ნაწილობრივ აღმოფხვრას, იქნება ეს ენერგოსექტორში საინვესტიციო გარემო, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება თუ ადამიანური რესურსების განვითარება. ამ კუთხით საქართველოსთვის უკვე არსებობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის საინტერესო მაგალითები. ამ მაგალითების განხილვა, რომელსაც Eugeorgia.info შემდეგ სტატიებში შემოგთავაზებთ, იმედი გვაქვს, საინტერესო იქნება როგორც დაინტერესებული მკითხველისთვის, ასევე ენერგოეფექტურობის კუთხით მომუშავე შესაბამისი სპეციალისტებისთვის.