ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები, როგორც ფისკალური რისკის წყარო
ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვა ენერგეტიკის სამინისტროსა და კერძო მფლობელობაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ერთ-ერთი კომპონენტია. ასეთ ხელშეკრულებებში მესამე მხარის პოზიციაში წარმოდგენილია საქართველოს „ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ (ესკო), რომელიც ელექტროენერგიას უშუალოდ კერძო კომპანიებისგან შეისყიდის. ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის კომპონენტის მიხედვით სახელმწიფო წინასწარ განსაზღვრულ დროით შუალედში გარკვეულ ფასად, გარკვეული „მოცულობის“ ელექტროენერგიის შესყიდვის ვალდებულებას იღებს. მეორე მხრივ, კომპანია ვალდებულია „ესკო“-თვის ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყოს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებაში მითითებული პირობების მიხედვით.
2015 წელს საქართველომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან“ („ს.ს.ფ“) ელექტროენერგიის გარანტირებულ შესყიდვასთან დაკავშირებული რისკების შეფასების მექანიზმის შემუშავების რეკომენდაცია მიიღო. საქართველოს მთავრობამ კი რისკების შეფასების მექანიზმის შემუშავებამდე გარანტირებულ შესყიდვებზე კერძო სექტორთან მოლაპარაკებებზე მოკლე ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, რომელიც 2016 წლის ნოემბერში გაუქმდა. თუმცა, ამავე საკითხზე საქართველოს მთავრობა 2017 წელს ისევ იღებს რეკომენდაციას „ს.ს.ფ“-სგან“. რეკომენდაციაში ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულება სახელმწიფო ფისკალურ რისკებს შორისაა დასახელებული. რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს გარანტირებული ხელშეკრულებების ინიცირებისგან სანამ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა არ მოწესრიგდება. „ს.ს.ფ.“ თავის რეკომენდაციებში მკაფიოდ ამბობს, რომ პრობლემაა ასეთი გარანტირებული შესყიდვების თაობაზე ხელშეკრულებების გაფორმება დიდი სიმძლავრის ჰესებთან. „ს.ს.ფ“ ითვალისწინებს რა საქართველოს ენერგოსექტორის სპეციფიკაციებს, რეკომენდაციის ფარგლებში მიზანშეწონილად მიიჩნევს 500 მგვტ.-მდე ჯამური სიმძლავრის მქონე პროექტებისთვის გარანტირებული ხელშეკრულებების გაფორმებას, რომელიც მოიცავს 8 თვიან პერიოდს და კვტ.სთ-ის შესასყიდი ფასი არ აღემატება 6 ცენტს. გარანტირებული შესყიდვების კუთხით, ფისკალური რისკების გათვალისწინების პირობით, გამონაკლისი დაიშვება ორ პროექტზე: კორომხეთი ჰესი და ნამახვან ჰესების კასკადი („“ს.ს.ფ“, ქვეყნების ანგარიში N 17/97, საქართველო“)
ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სამინისტრომ უკვე დაიწყო „ს.ს.ფ“-ის რეკომენდაციის განხილვა და მიმდინარეობს მუშაობა ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის კუთხით არსებული რეგულაციების გადახედვისთვის.
ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები ინვესტიციების მოზიდვისა და შენარჩუნების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელსაც მთავრობა მიმართავს. უცხოელი ინვესტორები, ენერგობაზრის სტრუქტურისა და ვაჭრობის მოდელთან ერთად ყოველთვის ინტერესდებიან გარანტირებული შესყიდვის საკითხით, ვინაიდან ეს უკანასკნელი კომპონენტი მათთვის რისკების დივერსიფიცირებისა და ინვესტიციის პერსპექტივის განსაზღვრის საშუალებაა. საერთო ჯამში, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ინვესტორებისთვის ქართული ენერგობაზარი ჯერჯერობით არ არის იმდენად მომხიბვლელი, რომ მათ სახელმწიფო გარანტიების გარეშე განახორციელონ მსხვილი ინვესტიციები ენერგიის გენერირების რგოლში. „ს.ს.ფ“ ითვალისწინებს რა ამ მოცემულობას, მიიჩნევს, რომ დღემდე განსაზღვრული ტიპის ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები საქართველოს ენერგოსექტორში ინვესტიციების მოზიდვისთვის საჭირო ინსტრუმენტია. თუმცა, როგორც უკვე ვახსენეთ, სასწორის მეორე მხარეს დევს საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის სტაბილურობა, რომელიც შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, გარანტირებული ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების გამო.
გარდა ფისკალური რისკისა (სახელმწიფოს ეზრდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი), სახელწიფოს მიერ ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები ენერგობაზრის ლიბერალიზაციაზე უარყოფითად მოქმედებს, ანუ ენერგობაზარი ნაწილობრივ კარგავს იმ საბაზრო თავისუფლებას, რომლის მეშვეობითაც უნდა განისაზღვრებოდეს ენერგიის კონკურენტული საბაზრო ფასები. შეიძლება ითქვას, რომ მსხვილმასშტაბიანი გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები ენერგობაზრის რეგულირების ირიბი ინსტრუმენტია მთავრობის ხელში. შესაბამისად, თუ პირდაპირ რეგულაციას ქართულ ენერგობაზარზე „სემეკი“ ახდენს, არაპირდაპირი ზეგავლენის მოსახდენად „ესკო“ თითქმის კარტ-ბლანშს ფლობს.
მაშინ, როდესაც ენერგობაზარი სახელმწიფოს მხრიდან აქტიური ჩარევის გარეშე ვერ ახერხებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას, გარანტირებული შესყიდვის პრაქტიკა არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად განვიხილოთ. ენერგოუსაფრთხოება კი საქართველოსთვის განსაკუთრებით მწვავე საკითხია, ვინაიდან დღემდე ენერგოიმპორტიორი ქვეყანა ვართ, ასევე ჩვენი ძირითადი ენერგორესურსის, ჰიდროენერგიის გენერირება მკვეთრი სეზონურობით ხასიათდება. გარდა ამისა, ენერგიის გარანტირებული შესყიდვები, როგორც ინსტრუმენტი, შესაძლებელია ეფექტური აღმოჩნდეს ქარის და მზის ენერგიის გენერირების წახალისების კუთხით, რაც საერთაშორისო დონეზე არც ისე იშვიათი პრაქტიკაა.
საქართველოს მიერთებით ევროპული ენერგოგაერთიანების დამფუძნებელ ქარტიასთან ჩვენ, სხვა დირექტივებთან და რეგულაციებთან ერთად, მივიღეთ დირექტივა #2005/89/EC ელექტროენერგიის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ. ეს დირექტივა პირდაპირ არ მიემართება გარანტირებული შესყიდვების თემას, თუმცა არსებობს ირიბი კავშირი, ვინაიდან დირექტივა ეხება ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების საკითხებს. დირექტივაში ენერგოუსაფრთხოების კუთხით ყურადღება გამახვილებულია გადამცემი სისტემის ოპერატორის როლზე და მის ფუნქციებზე. აღნიშნულია, რომ მსგავსი შუამავალი რგოლის ოპერირება არ უნდა ზღუდავდეს ენერგობაზრის თავისუფლებას, ანუ ელექტროენერგიის მწარმოებელს საშუალება უნდა ქონდეს თავისი პროდუქტის (ელექტროენერგია) მიწოდება მოახდინოს მისთვის სასურველ წერტილში, ხოლო მომხმარებელს ქონდეს მისთვის სასურველი მომწოდებლის არჩევის თავისუფლება. „ესკო“ კი საქართველოში ექსკლუზიურად, შეიძლება ითქვას მონოპოლისტურად, ახორციელებს ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტს, გარანტირებული სიმძლავრეებით ვაჭრობას, ელექტროენერგიის გარანტირებულ შესყიდვებს და სხვა ოპერაციებს. უნდა აღინიშნოს, კომპანია კომერციული საკუთრებაა, რომლის 100% პროცენტი „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაშია და მთლიანად მართვის უფლებით გადაცემულია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის.
ენერგობაზრის იდეალური ლიბერალიზაციისა თუ თავისუფლების ხარისხით ენერგოგაერთიანების არც ერთი ქვეყანა არ არის წარმოდგენილი, თუმცა საქართველო, ამ კუთხით, ენერგოგაერთიანების წევრ ქვეყნებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება. სხვა საჭიროებებთან ერთად საქართველოს ენერგობაზარზე მომხმარებლის თუ მწარმოებლის „არჩევანში“ თავისულლების მისაღწევად ენერგოსექტორში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა აუცილებელი.
ერთი მხრივ საქართველოში დამატებითი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლების შედეგად ჩვენთვის ენერგოდეფიციტური პერიოდის ხანგრძლივობა შემცირდება, ვინაიდან გაჩნდება დამატებითი ჰიდრორესურსები, რომელსაც ჰიდროენერგოდეფიციტურ პერიოდში გამოვიყენებთ, ეს ფაქტორი კი, თავის მხრივ შეამცირებს გარანტირებული ხელშეკრულებების გაფორმების აუცილებლობას. თუმცა, მეორე მხრივ, ახალი ჰესების მშენებლობით იზრდება ელექტროენერგიის გარანტირებული ხელშეკრულებების მასშტაბები. სწორედ, ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესის დარეგულირებისკენაა მიმართული „ს.ს.ფ“-ის რეკომენდაცია, რომლის მიხედით თავი უნდა შევიკავოთ გრძელვადიანი (8 თვეზე მეტი) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმებისგან მსხვილი მასშტაბის (500 მგვტ-ზე მეტი ) ჰიდროელექტროსაგურების მშენებლობის პროექტებთან, სადაც კვტ.სთ-ის ფასი საშუალო საბაზრო ფასზე მაღალი იქნება ( 6 ცენტზე მეტი). ასე, რომ აუცილებელია შესაბამისმა სახელმწიფო სამსახურებმა დეტალურად განიხილონ „ს.ს.ფ“-ის ეს კონკრეტული რეკომენდაცია და გარკვეულწილად განახორციელონ ამ რეკომენდაციების ეტაპობრივი შესრულება.