გამომშრალი სოკოს ევროპულ ბაზრებზე შესვლა საქართველოსაც შეუძლია
2015 წლის ბოლოს სოკოს მსოფლიო ბაზარი 31,1 მლრდ. აშშ დოლარად შეფასდა და 2024 წლისთვის 69,3 მლრდ. აშშ დოლარამდე გაიზრდება
გამომშრალი და ნედლი სოკოს ევროპული ბაზარი - მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია და ფულად გამოხატულებაში მსოფლიო იმპორტის 30%-ს იკავებს. ევროკავშირის შიგნით ყველაზე მსხვილი ბაზრებია გერმანია, საფრანგეთი და იტალიაა. ევროპაში მაღალი მოთხოვნაა სოკოს შემდეგ ჯიშებზე: ველური თეთრი სოკო, მიქლიო და ტრიუფელი, ასევე ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ეგზოტიკური სოკო, როგორიცაა შიიტაკე, “კორდიცეპსი ჩინური“ და განოდერმა.
ევროპულ ბაზარზე წარმოდგენილი გამომშრალი სოკო ძირითადად, ველურია, ნაკლები რაოდენობით გვხვდება კულტივირებული სოკო. გამომშრალ სოკოს ევროპაში ფარმაკოლოგიასა და კულინარიაში - მზა პროდუქტების ერთ-ერთ ინგრედიენტად იყენებენ. არსებული მონაცემებით, 2016 წლის ბოლოს მზა კერძების ევროპულმა ბაზარმა 40 მლრდ. ევროს გადააჭარბა.
მსოფლიო ბაზრის დინამიკა
გამომშრალი სოკოს მსოფლიო ბაზრის ზრდა განპირობებულია დინამიური მოთხოვნით ორგანულ პროდუქტებზე და მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებით. გამომშრალი სოკოს სასარგებლო თვისებები, მათ შორის D ვიტამინის მაღალი შემცველობა, მომხმარებლისთვის ამ პროდუქტს უფრო მიმზიდველს ხდის. მეორე მხრივ, მაკროეკონომიკური ფაქტორები, როგორიცაა ურბანიზაციის სწრაფი ტემპი, მშპ-ს ზრდა ერთ სულ მოსახლეზე, ასევე გავლენას ახდენს გამომშრალი სოკოს გლობალურ ბაზარზე. სხვა ფაქტორებად შეიძლება დასახელდეს მზარდი ინვესტიციები საკვები მრეწველობის ინდუსტრიაში და ახალი პროდუქტების შექმნა, როგორიცაა, მაგალითად, სოკოსგან დამზადებული სუნელ-სანელებლები.
გეოგრაფიული თვალსაზრისით, გამომშრალი სოკოს მსოფლიო ბაზარი დაყოფილია შვიდ რეგიონად, ესენია: ჩრდილოეთ ამერიკა, დასავლეთ ევროპა, აღმოსავლეთ ევროპა, იაპონია, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი (იაპონიის გარდა), ლათინური ამერიკა, და ახლო აღმოსავლეთი.
არსებული მონაცემებით, 2015 წლის ბოლოს სოკოს მსოფლიო ბაზარი 31,1 მლრდ. აშშ დოლარად შეფასდა და 2024 წლისთვის 69,3 მლრდ. აშშ დოლარამდე გაიზრდება.
გამომშრალი სოკოს ექსპორტიორებისთვის გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები და იტალია - ყველაზე მიმზიდველი ბაზრებია. პერსპექტიულია ასევე, ლატვიის, ლიტვის, ცენტრალური ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის მზარდი ბაზრები. ევროპაში მზარდი მოთხოვნაა ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა: შორეული აღმოსავლეთის სოკოს ჯიშები, ასევე ტრიუფელი და გამომშრალი სოკოს ველური ჯიშები. 2015 წელს გამომშრალი სოკოს ევროპულმა იმპორტმა 147 მილიონი ევრო (10 ათას 500 ტ.) შეადგინა.
გერმანია გამომშრალი სოკოს უმსხვილესი იმპორტიორია. 2015 წელს ქვეყანამ 2,3 ათასი ტონა პროდუქტის იმპორტი განახორციელა. ტოპ-ხუთეულში შედიან ასევე, საფრანგეთი, ნიდერლანდები, იტალია და დიდი ბრიტანეთი.
როგორც მოსალოდნელია, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები მომდევნო წლებში გამომშრალი სოკოს იმპორტს გაზრდიან. ბოლო 5 წლის განმავლობაში გამომშრალი სოკოს იმპორტის ყველაზე მაღალი წლიური ზრდის ტემპი აჩვენეს შემდეგმა ქვეყნებმა: ესტონეთი (76%), ლიტვა (31%), სლოვენია (25%) და ბულგარეთი (20%).
უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნები:
გამომშრალი სოკოს უმსხვილესი ექსპორტიორი ევროკავშირში - ჩინეთია, რომელსაც ევროპულ ბაზარზე ძირითადად, შიიტაკეს ჯიშის სოკო შეაქვს. მეორე ადგილზეა ინდოეთი - გამომშრალი შამპინონის ძირითადი მიმწოდებელი. პროდუქტის მიმწოდებელთა სიაში ყველზე მაღალი ყოველწლიური იმპორტის ზრდა ბოლო წლებში დაფიქსირდა პოლონეთიდან (33%), კანადიდან (30%), რუსეთიდან (19%) და სლოვენიიდან (40%).
ევროკავშირის მიერ იმპორტირებული გამომშრალი სოკოს ბაზარზე 77% უკავია შემდეგ ჯიშებს: ჩინური შიიტაკე, შორეული აღმოსავლეთის სოკოს სხვადასხვა ჯიში, ტრიუფელი, ხეთამხალი (ე.წ. კალმახა-სოკო) და სოკოს ველური ჯიშები, როგორიცაა: თეთრი სოკო, მიქლიო, ხარისფაშვა. შამპინიონს უკავია 18%, გარდამრიდას (ან ყურა-სოკო) – 4%, ე.წ. ლაბისებრ სოკოებს (ბაზიდიომიცეტების ტიპში შემავალი სოკოები ჯგუფი, რომლის წარმოამდგენლებსაც ლაბისებრი კონსისტენციის ნაყოფსხეულები ახასიათებთ) - 0,75%.
ექსპორტი
გამომშრალი სოკოს ევროპული ექსპორტის ღირებულება (მათ შორის ევროკავშირის შიგნით) 2011 წლიდან ყოველწლიურად 15,2%-ით იზრდება და 2015 წელს 122 მილიონი ევრო (13 ათასი მილიონი ტ.) შეადგინა. ბოლო 5 წელიწადში ევროპულ ექსპორტიორებს შორის ყველაზე მაღალი საექსპორტო ზრდა დააფიქსირეს ლატვიამ (175%), ხორვატიამ (90%), დიდმა ბრიტანეთმა (46%) და პოლონეთმა (65%).
საფრანგეთი ევროკავშირის ქვეყნებს შორის გამომშრალი სოკოს უმსხვილესი მწარმოებელია (35 000 ტ.), შემდეგ მოდიან იტალია (35 000 ტ.) და გერმანია (33 000 ტ.). მწარმოებელ კომპანიებს შორის ევროპაში ყველაზე მსხვილია Arcadie (საფრანგეთი), Sabarot (საფრანგეთი), Inaudi (იტალია), Filotei Group (იტალია), Nasza Chata (პოლონეთი), Jampol (პოლონეთი) и Biofungi (გერმანია-შვეიცარია).
გამომშრალი სოკოს მოხმარება ევროპაში
ბოლო 4 წლის განმავლობაში გამომშრალი სოკოს მოხმარება ევროპაში ზრდის განსაკუთრებულ ტემპებს აჩვენებს. როგორც მოსალოდნელია, მომდევნო წლებში ევროპული მოხმარებლის ინტერესი გამომშრალი სოკოს, როგორც მცენარეული ცილის წყაროს მიმართ, კიდევ უფრო გაიზრდება. ამ პროდუქტის მოხმარება ევროპაში, ღირებულების თვალსაზრისით, გაიზარდა 158 მლნ. ევროდან 2010 წელს - 177 მლნ. ევრომდე 2014 წელს.
ევროკავშირში საექსპორტოდ განკუთვნილი გამომშრალი სოკოს შეფუთვის მკაცრი სტანდარტი არ არსებობს. როგორც წესი, პოლიეთილენის პარკებში მოთავსებულ პროდუქტს ევროპულ ბაზარზე მუყაოს ყუთებით აგზავნიან.
საბითუმო გაყიდვებისთვის განკუთვნილი სტანდარტული შეფუთვა სოკოს ჯიშზეა დამოკიდებული. სოკოს უბრალო ჯიშები, როგორც წესი, მოთავსებულია 20 კგ-მდე შეფუთვებში, მაგრამ უფრო ძვირადღირებული პროდუქტი, როგორიცაა, მაგალითად, ტრიუფელი, შესაძლოა, იყოს შეფუთული 500-გრამიან პლასტიკურ პაკეტებში ან 100-გრამიან შუშის ქილებში. შეფუთვის ზომა ე.წ. ხის პალეტის სტანდარტულ ზომას (800x1200 მმ и 1000x1200 მმ) უნდა შეესაბამებოდეს.