ევროკავშირსა და ამერიკაში მორისონ საქართველო საკონსულტაციო სერვისების ექსპორტს ახორციელებს
მორისონ საქართველო ბუღალტრულ, აუდიტორულ და იურიდიულ მომსახურებას გერმანულ, ფრანგულ, პოლონურ და იტალიურ ფირმებს უწევს. წლის განმავლობაში ევროპული ქვეყნებიდან საშუალოდ ათამდე კონტრაქტი აქვთ. შეკვეთებს პერიოდულად აშშ-დანაც იღებენ, უახლოეს ხანში კი აზიის ბაზარზე შესვლასაც გეგმავენ.
მორისონ საქართველოს ქართული ჯგუფი საერთაშორისო ქსელის მორისონ ინტერნეიშენელის წევრი 2015 წელს გახდა. კომპანიის ძირითადი პროდუქტები აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებაა. ქართული წარმომადგენლობა ექსპორტზე პირველად აშშ-ში გავიდა, შემდეგ კი თავი ევროკავშირის ქვეყნებშიც დაიმკვიდრა.
შეკვეთებს ძირითადად ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა სოციალური ქსელების დახმარებით მოიპოვებენ. სერვისებს დისტანციურად აწვდიან, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც სამუშაოს სრულფასოვნად შესასრულებლად საზღვარგარეთ კომპანიებში ფიზიკურად ჩასვლაც დასჭირდათ.
პროექტებს საშუალოდ ორი კვირიდან ერთ თვემდე ვადაში ახორციელებენ. ცდილობენ, რომ შესრულების ხარისხის შესაბამისი ფასები შესთავაზონ. მომსახურების 40 პროცენტი ევროკავშირის და ამერიკის მიმართულებით ექსპორტზე გააქვთ, სერვისის 60 პროცენტის მომხმარებლები კი ადგილობრივი კომპანიებია. კომპანიაში მუდმივად 12 ადამიანია დასაქმებული, განსახორციელებელი პროექტების სიდიდის მიხედვით კი დროებით კონტრაქტორებსაც ხშირად იწვევენ.
მორისონ საქართველოს საქმიანობიდან მხოლოდ აუდიტორული მომსახურება არის რეგულირებული, მომსახურების გასაწევად აუდიტორთა რეესტრში დარეგისტრირება აუცილებელია. იურიდიული და ბუღალტრული მომსახურება კი ლიცენზირებას არ ექვემდებარება. თუმცა სერიოზულ კომპანიებთან ურთიერთობების დროს შეფასების აღიარებული სტანდარტების ფლობას განსაკუთრებული ყურდღება ექცევა.
მორისონ საქართველოს პარტნიორი და დირექტორი მიშა აბაიაძე ამბობს, რომ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნისთვის სერვისების ექსპორტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც ინდუსტრიული პროდუქტების საწარმოებლად ნედლეული არ გაქვს, მაშინ ინტელექტის გაყიდვა უნდა შეძლო: „მცირე ზომის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სერვისების გამყიდველი კომპანიიის არსებობა ტელევიზორებს ან სხვა მოთხოვნად ინდუსტრიულ პროდუქტებს ჩვენ ვერ ვაწარმოებთ, რომ განვითარებულ ქვეყნებთან კონკურენციაში შევიდეთ. მაშინ უცხოელებს რით შეიძლება შეეჯიბრო? ყველაზე სწორი ადეკვატურ ფასად ინტელექტის გაყიდვა იქნებოდა“.
მორისონ ინტერნეიშენელის წევრმა ქართულმა კომპანიამ 2 წელიწადში შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში სერვისების ექსპორტის განხორციელება შეძლო, ამას გარდა, უახლოეს ხანში სერვისების გაყიდვას აზიის ბაზარზეც გეგმავენ.
ავტორი: ზურაბ მოდებაძე