ევროპული ფინანსური დახმარებით შ.პ.ს. “SRT”-მ საწარმოო ხარჯები 60%-ით შეამცირა
შ.პ.ს S.R.T 2012 წლის ნოემბერში, ქ. ზუგდიდში დაარსდა. საწარმოს საქმიანობის სფერო არის თხილის შესყიდვა, გადამუშავება და ექსპორტი. საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქცია მთლიანად ექსპორტზე ევროპაში გადის. 2017 წელს სწორედ ეს კომპანია გახდა EU4Business-ისა და EBRD-ის საკრედიტო ხაზის ერთობლივი პროექტის ბენეფიციარი. ამ პროექტის ფარგლებში კომპანიამ 300 ათასი ევროს მოცულობის კრედიტი მიიღო, საიდანაც 15% (45 ათასი ევრო) კომპანიას გრანტის სახით გადაეცა. მიღებული დაფინანსებით კომპანიამ, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, თხილის ლაზერული დახარისხების დანადგარები შეიძინა და დაამონტაჟა. განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, შ.პ.ს SRT–მ წარმატებით გაიარა HACCP და ISO02200:2005 სერტიფიცირების პროცედურები და ამჟამად მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს. პროდუქტის ხარისხის ამაღლებას მოყვა საექსპორტო ბაზრის გაფართოება და პროდუქციის გასაყიდი ფასის მატება.
მიღებული დაფინანსების ეფექტიანობის შესახებ „Eugeorgia.info“ ესაუბრა S.R.T-ს დირექტორს, ბატონ, დემურ არდიას.
დაფინანსების მისაღებად რა პროცედურები გაიარეთ? როგორ შეაფასებდით ამ პროცესის სირთულეს?
საწარმოს წინსვლისთვის საჭირო იყო მისი ტექნოლოგიური ხაზის განახლება თანამედროვე ტიპის ევროპული წარმოების დანადგარებით. 2017 წელს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ EU4Business/EBRD-ის მეშვეობით შესაძლებელი იყო მიმეღო დახმარება ახალი თანამედროვე ტიპის სარჩევი დანადგარის შესაძენად. დაფინანსების მისაღებად მივმართე ბანკს და მისი მეშვეობით EBRD-ს. მინდა ავღნიშნო, რომ ჩემი წინადადება მიიღეს ყურადღებით და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, ყოველგვარი გართულებების გარეშე, დამიმტკიცეს აღნიშნული პროექტი.
რაში მოახდინეთ მიღებული დაფინანსების ინვესტირება და ამან როგორ გააუმჯობესა კომპანიის წარმოების ეფექტურობა ?
მიღებული დაფინანსებით შევიძინეთ თანამედროვე ტიპის თხილის სარჩევი დანადგარები, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა ჩვენი გამოშვებული პროდუქციის ხარისხი. განსაკუთრებით ავღნიშნავდი იმას, რომ გადამამუშავებელ ტექნოლოგიებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, ჩვენ მივიღეთ საწარმოო ხარჯების 60%-იანი შემცირება.
რამდენად მოგცათ მიღებულმა დაფინანსებამ კონკურენტული უპირატესობის გაზრდის შესაძლებლობა საექსპორტო ბაზრებზე ?
ამ დაფინანსებით შეძენილი დანადგარის მეშვეობით გაიზარდა პროდუქციის ხარისხი და, აქედან გამომდინარე, ჩვენს პროდუქტებზე იმატა მოთხოვნამ ევროპაში. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ აღნიშნული სახის ტექნოლოგიური გაუმჯობესება მეტად მნიშვნელოვანია საქართველოში თხილის წარმოების მასშტაბებისა და სტანდარტების გაუმჯობესებისთვის, რადგან თურქეთში და ევროკავშირის ქვეყნებში თხილის გადამუშავების პროცესში უკვე დანერგილია მრავალი სხვადასხვა სახის უახლესი და საკმაოდ ძვირადღირებული დანადგარები, რომელთა შეძენაც, როგორც წესი, ქართული თხილის გადამამუშავებელი კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ, ევროპულ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი ფინანსური მხარდაჭერა, როგორიცაა EU4Business-ისა და EBRD-ის შეღავათიანი საკრედიტო ხაზის ერთობლივი პროექტი.