ევროპული ფინანსური მხარდაჭერით „ყვარლის სარდაფ“-მა წარმადობა 80%-ით გაზარდა
შ.პ.ს. „ყვარლის სარდაფი“ EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის პროექტის კიდევ ერთი ბენფიციარია. EU4Business-ისა და EBRD-ის ხსენებული ერთობლივი პროექტის მიზანი საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაა, რომლებსაც სურთ საკუთარი პროდუქციის წარმოების მასშტაბების გაზრდა, სტანდარტების გაუმჯობესება, ევროპულ ბაზრებზე გასვლა და, ასევე, გამოშვებული პროდუქციის ხარისხის და უსაფრთხოების გაუმჯობესება. ამ პროექტის სპეციფიკაციები ( ქვეპროგრამები, CashBack-ის სისტემა და ა.შ.) ჩვენ წინა სტატიებში დეტალურად განვიხილეთ. ამ სტატიაში კი უშუალოდ პროექტის ბენეფიციარი კომპანიის, „ყვარლის სარდაფი“-ს დირექტორისგან, ოთარ ტაბატაძისგან ვიღებთ ინფორმაციას EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ეფექტურობის შესახებ:
„შ.პ.ს. „ყვარლის სარდაფი“ ღვინის ინდუსტრიაში ახალგაზრდა მწარმოებელია, ჩვენ 2009 წელს დავფუძნდით, მაგრამ, მიუხედავად მოკლე ისტორიისა, შევძელით საექსპორტო ბაზრებზე წარმატების მიღწევა და ბრენდის ცნობადობის ამაღლება, რასაც წარმოებული ღვინის მაღალი, სტაბილური ხარისხითა და კონკურენტუნარიანი ფასითმივაღწიეთ. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა და, შესაბამისად, არ ვაკეთებთ გათვლებს მოკლევადიან პერსპექტივაზე, რაც აისახება ჩვენი პროდუქციის ხარისხზე და ფასზე.
2017 წელს გაყიდვების მაჩვენებელმა 4 მილიონ ბოთლს გადააჭარბა, ამჟამად შევდივართ 7 ქვეყნის ბაზარზე: აშშ, ყაზახეთი, ბელორუსი, ჩეხეთი, უკრაინა, რუსეთი და ჩინეთი.“
„ყვარლის სარდაფი“ აწარმოებს როგორც კახეთის, ასევე დასავლეთ საქართველოს ყურძნის ჯიშებისგან მიღებულ სუფრის ღვინოებს. კომპანიის პორტფელშია საკმაოდ ფართო ასორტიმენტი: რქაწითელი, წინანდალი, ქინძმარაული, საფერავი, ახაშენი, მუკუზანი, ალაზნის ველი, ტვიში, უსახელაური და ოჯალეში.
კომპანიამ 2017 წლის მარტში EU4Business-EBRD-ის ფარგლებში საქართველოს ბანკისგან მიიღო პირველი დაფინანსება. აღნიშნული რესურსის ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 1,300,000 ლარი, რომელიც ახალი, უჟანგავი ფოლადის ფერმენტატორებისა და იტალიიდან ახალი ჩამოსასხმელი ხაზის შესაძენად დაიხარჯა.
„ყვარლის სარდაფ“-მა 2018 წლის დასაწყისში განახორციელა ახალი ინვესტიცია, გაზარდა უჟანგავი ფოლადის ფერმენტატორებისა და ცისტერნების რაოდენობა, რისთვისაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში დამატებით 1,000,000 ლარის დაფინანსება მიიღო.
კომპანიის დირექტორი აცხადებს: „ამ პროექტის ეფექტურობა მარტო წარმადობის ზრდაში, ან ახალი დანადგარების შესყიდვაში თუ ხარჯების ოპტიმიზაციაში კი არ მდგომარეობს, არამედ ხარისხის სტანდარტების ამაღლებაში. ეს პროექტი ყველა მწარმოებლისთვის არის მოტივატორი იმისა, რომ უფრო მეტად მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს და მინიმალური დანახარჯებით დანერგოს ISO-ს, HACCP-ისა და მათთან მიახლოებული წარმოების სტანდარტები.“ ასევე აღნიშნავს, რომ კომპანია კმაყოფილია აღნიშნული პროექტის მენეჯმენტით, დაფინანსების მისაღებად მათ ყველა ეტაპი ეფექტურად გაიარეს.
კითხვაზე, თუ როგორ გააუმჯობესა კომპანიამ წარმოების ეფექტურობა მიღებული დაფინანსებით, ოთარ ტაბატაძე პასუხობს: „პირველ რიგში უნდა აღინიშნოს პროდუქციის ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება. მივიღეთ ის ეფექტი, რასაც ვერ ვაღწევდით ძველი ფერმენტატორების საშუალებით, რაც საბოლოო ჯამში აისახება კომერციულ წარმატებაზე. EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის მხარდაჭერით შევიძინეთ EUROSTAR-ის ახალი ჩამოსასხმელი ხაზი, რომელიც არის უმაღლესი სტანდარტების დანადგარი. ამ ხაზის საშუალებით შევძელით ხარჯების დაახლოებით 150%-ით შემცირება და გავზარდეთ წარმადობა 80%-ით, რაც ალტერნატიულ ბაზრებზე თვითდამკვიდრების საშუალებას მოგვცემს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გავზარდეთ ავტომატიზაცია, რაც გამორიცხავს მოსალოდნელ შესაძლო საწარმოო დეფექტებს.
და ბოლოს, მინდა შევაჯამო, რომ ღვინის ინდუსტრიაში მოქმედი თითქმის ყველა მსხვილი, საშუალო, თუ მცირე ოპერატორისთვის სამიზნედ კვლავ რჩება ევროკავშირისა და აზიის ბაზარი, სადაც შეღწევა ჯერ კიდევ დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. სანამ მთლიანად დარგი არ გადავა მაღალ სტანდარტებზე, ძალიან რთული იქნება გაყიდვების დივერსიფიკაცია დიდ მასშტაბებზე. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვინის ინდუსტრიაში წარმოდგენილი ყველა საწარმო, რომელსაც აქვს ჯანსაღი ფინანსური მდგომარეობა, პრიორიტეტად უნდა აყენებდეს ტექნოლოგიური პროცესების განვითარებას.“