ქართული ოჯახური წარმოების ვისკი „Meister Bräu“ გერმანიაში იყიდება
„Meister Bräu“ რაც გერმანულად ლუდის ოსტატს ნიშნავს, ქართული ოჯახური წამოების ბრენდია. 2013 წელს დაარსებულ საწარმოს გერმანიისა და საფრანგეთის ალკოჰოლური სასმელების კონკურსში უკვე აქვს ოქროსა და ვერცხლის მედლები მოპოვებული. „Meister Bräu“-ს ლუდისგან დამზადებული ვისკი ექსპორტზე გერმანიაში შეაქვს, ადგილობრივ ბაზარზე კი გაუფილტრავ ლუდს რამდენიმე ბარში ყიდის.
ექსპორტიორ ოჯახურ წარმოებაში სულ სამი ადამიანია დასაქმებული. გოჩა ვაჭარაძე დამფუძნებელი და ლუდის ტექნოლოგია, მასთან ერთად მისი ცოლი მუშაობს, ფინასური საკითხების მოგვარებას კი მოწვეული ბურალტერი უზრუნველყოფს.
ცოცხალი, გაუფილტრავი ლუდისგან ვისკის წარმოების იდეა ოჯახის მეგობარს, გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ლუდის ტექნოლოგს ეკუთვნის, რომელმაც დისტრიბუციაც თავის თავზე აიღო და „Meister Bräu“ გერმანიის ბარებში გამოჩნდა. ექსპორტამდე გოჩა ვაჭარაძემ გერმანიაში წარმოების ტექნოლოგია შეისწავლა, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში დახვეწა და ისეთი ვისკი შექმნა, რომელმაც ევროპულ გამოფენებსა და კონკურსებში დიდი მოწონება დაიმსახურა.
ჯერ ქერის ალაოსგან ლუდს აკეთებენ, შემდეგ ლუდისგან კი ვისკის. ძირითადად გერმანულ ნედლეულს იყენებენ, ამიტომაც ბრენდს გერმანული სახელწოდება (Meister Bräu - ლუდის ოსტატი) შეურჩიეს. საწარმო 2013 წელს შეიქმნა, თუმცა ოპერირება 2014 წელს დაიწყო. ბაზარზე გამოსვლიდან ორ წელიწადში გერმანიაში გამართულ კონკურსში ვისკის კატეგორიაში ოქროს მედალი მიღეს, 2017 წელს საფრანგეთში ქ. ლიონში გამართულ კონკურსში კი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ახლად დაარსებულ საწარმოს წარმატების ისტორიას ევროპული ფესვები აქვს. ლუდისგან ნაწამოები ქართული ვისკის აღიარების მთავარი მიზეზი ძველი გერმანული ტრადიციული ტექნოლოგიაა: „ლუდს ძველი სამხრეთ გერმანული ტრადიცული მეთოდით ვხარშავთ. კონკრეტულად ეს ორმაგი ხარშვის მეთოდია. საქართველოში არცერთი ლუდსახარში ამ მეთოდს არ იყენებს. ორმაგი ხარშვით ცოცხალ გაუფილტრავ ლუდს ვიღებთ, ამ ახალგაზრდა ლუდისგან კი ვისკის ვამზადებთ. გაუფილტრავ მასაში ცოცოხალი ორგანიზმები ჭარბობენ. როდესაც ფილტრაცია ხდება, ცოცხალი ორგანიზმები კვდებიან და რჩება მხოლოდ სითხე, რაღაც კონკრეტული გემოთი. გაუფილტრავი ლუდის შემთხვევაში გემოვნური თვისებები არის სხვადასხვა. შეიძლება ყვავილის ტონები ან სხვა სასიამოვნო გემოები მოდიოდეს, ანუ გაუფილტრავ ლუდს სრულიად უნიკალური გემო აქვს“, - ამბობს გოჩა ვაჭარაძე.
„Meister Bräu“-ს ლუდში დამატებით ნახშიროჟანგის (CO2) შეტანა კი არ ხდება, არამედ დუღილის პროცესში გამოყოფილ CO2 -ს იყენებენ. ბუნებრივი გაზირება ცოცხალი ლუდის გამორჩეულ გემოს განაპირობებს.
პირველი პარტია 900 ბოთლი ვისკი გერმანიაში 2 წლის წინ გააგზავნეს, მიმდინარე წლის მაისში კი კიდევ იგეგმება ახალი პარტიის გაგზავნა. „Meister Bräu“ ვისკის გარდა გერმანელ მომხმარებელს უკვე ქართულ ტრადიციულ ჭაჭასაც შესთავაზებს. „Meister Bräu“-ს შორს მიმავალი გეგმებიც აქვს, კერძოდ ამერიკაში მოლაპარაკებებს აწარმოებენ და უახლოეს ხანში ამერიკულ ბაზარზე შესასვლელადაც ემზადებიან.
ავტორი: ზურაბ მოდებაძე