GeoVino ევროკავშირში ქართული ღვინოებსა და სხვა პროდუქტებს ონლაინ ყიდის
ონლაინ პლატპორმა www.geovino.de-ს საშუალებით ქართული პროდუქტები (ღვინო, ჩაი, ტყემალი, საწებელი, აჯიკა, სუნელები, ჯონჯოლი, მურაბები, მინერალური წყალი, ლიმონათი და ჩურჩხელა) გერმანიდან მთელს ევროკავშირსა და შვეიცარიაში იყიდება.
ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 2009 წელს კომპანია GeoVino ირინა ცხვარაძემ და მისმა გერმანელმა მეუღლემ ანდრე ჰაინმა დაარსეს (www.geovino.de-ს ამ კომპანიის გაყიდვების ვებგვერდია). ქართული ღვინის გაცნობისთანავე ანდრეს ევროპის ბაზრისთვის თითქმის უცხო ღვინის ევროპაში გატანის იდეა გაუჩნდა, ქართველმა მეუღლემ მის ინიციატივას მხარი დაუჭირა და ამ გადაწყვეტილებით წარმატებულ ბიზნესს საფუძველი ჩაეყარა.
ღვინო მათი ონლაინმარკეტის მთავარი პროდუქტია, თუმცა ვებგვერდზე ფართო ასორტიმენტის ნაწარმი იყიდება. სუნელებით დაწყებული და ყველაზე ცნობილი ქართული ნუგბარით ჩურჩხელით დამთავრებული. გაყიდვების უმეტესი წილი გერმანიაზე მოდის, თუმცა სტაბილური საცალო და საბითუმო გაყიდვები ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანასა და ასევე შვეიცარიაში ხორციელდება. ჰამბურგიდან ევროკავშირის მასშტაბით ნებისმიერ ადგილას შეკვეთის მისატანად მაქსიმუმ 24 საათი სჭირდებათ.
დაბალფასიან სეგმენტში ქართული ღვინის ფასები 5-7 ევროდან იწყება, მაღალფასიან სეგმენტში კი ქვევრის ღვინოები იყიდება. განსაკუთრებით პოპულარულია საფერავი (მშრალი) და ზოგადად ქვევრის ღვინოები.
www.geovino.de-ს დამფუძნებლები ქართული ღვინოების ალკოჰოლური სასმელების კონკურსებში მონაწილეობას მხარს აქტიურად უჭერენ; „ჩვენს კომპანიას არ მიუღია რაიმე შეჯიბრში მონაწილეობა, რომ ჯილდო მიეღო. სამაგიეროდ ვაწვდით ჩვენს მიერ არჩეულ რამდენიმე საინტერესო ღვინოს სხვადასხვა საერთაშორისო ღვინის შემფასებელ ორგანიზაციებს და იქ ქართული ღვინოები სხვადასხვა ჯილდოებს იღებენ. შემიძლია, ბოლო მაგალითი დაგისახელოთ. 2017 წლის დეკემბერში გავაგზავნეთ კომპანია შუხმანის ვინოტერრას ხაზის 3 სხვადასხვა ღვინო: საფერავი 2008, 2011 და გაუფილტრავი ქვევრი 2009 წლის, რომელთა შემქმნელი მეღვინე გოგი დაქიშვილია. სამივე ღვინომ ჯილდო აიღო: ვინოტერრა საფერავი 2008 - ვერცხლის მედალი, ვინოტერრა საფერავი 2011 - ოქროს მედალი და ვინოტერრა საფერავი გაუფილტრავი 2009 ქვევრის - უმაღლესი ოქრო. ამ უკანასკნელმა 100-დან 96 ქულა მოიპოვა, რაც ძალიან სასიხარულოა. ვამაყობთ ქართული ღვინოებით“, - აღნიშნავს ირინა ცხვარაძე.
ქართული პროდუქციის ცნობადობის ასამაღლებლად გამოფენებში მონაწილეობის გარდა, რეგულარულ ღვინის დეგუსტაციებს მართავენ. ასევე ქართულ საღამოებს აწყობენ, სადაც ქართველ მომღერალთა გუნდებს და ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენლებს იწვევნ.
კომპანიიის დამფუძნებელები საექსპორტო პროდუქტებს თავად ირჩევენ და მომწოდებლებთან პარტნიორობის გაგრძელების უმთავრესი პირობა ნაწარმის ხარისხის გრძელვადიანად შენარჩუნებაა: „საქართველოში ყოფნის დროს ვეცნობით მწარმოებლებსა და მათ პროდუქციას და რომელთაც ევროპული ბაზრისთვის საინტერესოდ ვთვლით, ექსპორტისათვის ვირჩევთ. დროთა განმავლობაში ხელახალი გადარჩევა ხდება, ის მწარმოებელი, რომელიც ხარისხის მუდმივ შენარჩუნებას ვერ ახერხებს, გამოდის ჩვენი კომპანიის ასორტიმენტიდან“, - ამბობს ირინა ცხვარაძე.
მომავალში კომპანიის გაფართოებას გეგმავენ. კარგად განვითარებული ციფრული ტექნოლოგიების წყალობით კომპანიას ამჟამად მხოლოდ 4 მუდმივი და ასევე რამდენიმე დროებითი თანამშრომელი ჰყავს. ამ მცირერიცხოვანი გუნდის მიუხედავად, GeoVino გაყიდვებს ყოველწლიურად ზრდის.
ავტორი: ზურაბ მოდებაძე