თეთრიწყაროს ახალგაზრდები ევროკავშირის მხარდაჭერით ადგილობრივად სხვადასხვა სფეროებში დასაქმდნენ
„სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ – ასე ეწოდება ოთხწლიან პროექტს, რომელიც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
პროექტი ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში გასულ წელს დაიწყო, რომლის განმახორციელებელია ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG).
პროექტს სამი მიმართულება გააჩნია:
- “ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG)”, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის
- ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები
- დასაქმების პროგრამა (Employment Shuttle)
პროექტი გასულ წელს დაიწყო და კიდევ სამ წელს გაგრძელდება. დასაქმების პროგრამის პირველი ფაზა მარტში დასრულდა და რეგიონში მცხოვრები უმუშევარი ახალგაზრდების ნაწილი წარმატებით დაასაქმა. პროგრამის მონაწილეები, ადგილობრივად, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორებში დასაქმდნენ.
LAG
ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. თეთრიწყაროს LAG-ი 2017 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა. განვითარების ჯგუფი, ისევე როგორც მისი მმართველი საბჭო, ადგილობრივი საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. ამ დროისათვის ჯგუფში 97 ადგილობრივია გაწევრიანებული. ჯგუფი დაკომპლექტებულია „ლიდერ“ მეთოდოლოგიის სექტორული გადანაწილების პრინციპის დაცვით და წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების (სრული შემადგენლობის 46%), კერძო სექტორისა (სრული შემადგენლობის 16%) და ადგილობრივი ხელისუფლების (სრული შემადგენლობის 38%) სექტორულ ერთობას. რეგიონის საჭიროებების შესწავლის შედეგად, თეთრიწყაროს LAG-მა უკვე შეიმუშავა ადგილობრივი განვითარების სტრატეგია. სტრატეგიაში გამოკვეთილ პრიორიტეტებზე დაყრდნობით გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელზეც LAG-ი პროექტის გუნდთან ერთად მუშაობს. გაცემული გრანტების შედეგად განხორციელებული პროექტებით ადგილობრივი მოსახლეობა თავადვე შეძლებს თეთრიწყაროს განვითარებაში წვლილის შეტანას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აპლიკაციების გადარჩევის პროცესი. გრანტებისთვის ჯამურად მილიონ 100 ათასი ევროა გამოყოფილი.
ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით გამოვლენილი პრიორიტეტული მიმართულებებია:
- გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კატასტროფის რისკის შემცირება
- სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ინიციატივების კონკურენტუნარიანობისა და მოდერნიზების მხარდაჭერა
- სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
- სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია
ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები
ENPARD თეთრიწყაროს მეორე მიმართულებაა ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები, რომლის შექმნა RDFG-ის მოდელს ეფუძნება და აერთიანებს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს. ფერმერთა ცენტრები ადგილობრივი სკოლების ბაზაზეა განთავსებული, სადაც ახალგაზრდები თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობებს ეცნობიან. ცენტრების მიზანია, ახალგაზრდებმა დაინახონ საკუთარი მომავალი სოფელში და დიდ ქალაქებში მიგრაცია ერთადერთ ალტერნატივად აღარ განიხილონ. ახალგაზრდები სწავლობენ მოქალაქეთა ინტერესების დაცვას, სამოქალაქო ჩართულობას, ლიდერობას, მეწარმეობას და ეცნობიან ინოვაციურ ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობის სფეროში.
ამჟამად, ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები ქვემო ქართლის 4 და კახეთის 1 სკოლაში ფუნქციონირებს: კოდაში, შაუმიანში, დმანისში, წინწყაროსა და საგარეჯოში. ცენტრის წევრი ახალგაზრდები ცდილობენ აქტიურად ჩაერთონ საკუთარი თემის პრობლემების მოგვარებასა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.
დასაქმების პროგრამა (employment shuttle)
ENPARD თეთრიწყაროს მესამე მიმართულება ასევე RDFG-ის მიერ შემუშავებული დასაქმების პროგრამაა (employment shuttle). პროგრამა აერთიანებს 20 აქტიურ და მოტივირებულ სამუშაოს მაძიებელს, რომლებიც მენტორის დახმარებით ერთიან გუნდად მუშაობენ, რათა მოხდეს თითოეული წევრის ინტეგრაცია შრომით ბაზარზე. პროექტის ფარგლებში იგეგმება დასაქმების პროგრამის ექვსი ფაზის განხორციელება. თითოეული ფაზა ორი სახის ტრენინგს აერთიანებს. ერთი არის გრძელვადიანი კურსი რომელიც 5 თვე გრძელდება და მონაწილეთა რაოდენობა 20-მდეა შეზღუდული, ხოლო მეორე მოკლევადიანი ტრენინგი 2 დღე გრძელდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ორი დღის განმავლობაში მონაწილეები სწავლობენ იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია სამსახურის ძიების პროცესში. პირველი ფაზა უკვე დასრულებულია და წარმატების მაგალითებიც სახეზეა. კერძოდ, პროგრამის 20 მონაწილიდან 10 უკვე დასაქმდა.
22 წლის ნინო მეტრეველი დასაქმების პროგრამის წარმატებული ბენეფიციარია. ნინო პროგრამაში ჩართვიდან ერთი თვეში საქართველოს მელიორაციის ქვემო ქართლის რეგიონალურ სამსახურში დასაქმდა.
„პროგრამამ მიმახვედრა, რომ სამუშაოს ძიების პროცესში უამრავ შეცდომას ვუშვებდი. მაგალითად, გასაუბრებაზე სათანადოდ მომზადებული არ მივდიოდი, CV-სა და სამოტივაციო წერილსაც არ ვწერდი სტანდარტების მიხედვით. სამუშაოს მაძიებლებს ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად იმუშაონ საკუთარი თავისა და უნარების განვითარებაზე, მონაწილეობა მიიღონ მსგავს პროგრამებში და შედეგს აუცილებლად მიიღებენ“- ამბობს პროგრამის მონაწილე.
პროგრამის მონაწილეები ადგილობრივად როგორც სახელმწიფო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორებში დასაქმდნენ. პროგრამის მენტორები აღნიშნავენ, რომ პროგრამის მონაწილეთა ერთობა იმდენად ძლიერია, ისინი ერთმანეთის დასაქმებაზეც ზრუნავენ. ცხრილში წარმოდგენილია დასაქმებული პროგრამის მონაწილეები:
***
ENPPARD-ის ფარგლებში LAG-ების საპილოტე პროექტი ყაზბეგში, ბორჯომსა და ლაგოდეხში წარმატებით განხორციელდა. ცხრილში წარმოდგენილია ამ მუნიციპალიტეტებში პროექტის შედეგად დასაქმებულთა და ბენეფიციართა რაოდენობა.
ადგილობრივი განვითარების ჯგუფები თეთრიწყაროს გარდა საქართველოს კიდევ ოთხ მუნიციპალიტეტში: ქედაში, ხულოში, ახალქალაქსა და დედოფლისწყაროში შეიქმნა.
პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ 2020 წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდება, რომლის ბიუჯეტი 2.4 მილიონ ევროს შეადგენს. ზოგადად, ENPARD-ის 2017-2020 წლების ბიუჯეტი 73 მილიონი ევროა, აქედან სოფლის განვითარების მომსახურებების გაფართოების ხელშეწყობაზე 32 მილიონ ევრო დაიხარჯება.
ქეთი მელქაძე