კომპანია „მერიადიანმა“ წარმოება EBRD- ის იაფი კრედიტის დახმარებით დაიწყო
შპს „მერიადიანი“ ახალქალაში სოფელ ოკამის მიმდებარე ტერიტორიაზე ვულკანური წარმოშობის წიდის (პემზა) კარიერს ფლობს. ლიცენზიით თითქმის 400 ათასი კუბური მეტრი წიაღისეულის მოპოვების უფლება აქვთ, თუმცა სანამ EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) საკრედიტო ხაზის ბენეფიციარები არ გახდნენ, საწარმოს დამფუძნებლებმა მისი ამუშავება ვერ შეძლეს.
ევროკავშირის გადაწყვეტილებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ქართული ფინანსური ინსტიტუტების გავლით ადგილობრივი მეწარმეების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ხელს უწყობს. EBRD-ის მიერ გადაცემული მრავალ მილიონიანი პორთველით ქართული ბანკები მეწარმეებს შედარებით დაბალპროცენტიან კრედიტებს სთავაზობენ.
„მერიადიანი“-ს პარტნიორებმა საწარმოს ტექნიკური აღჭურვისათვის 126 000 ევროს ოდენობის სესხი „საქართველოს ბანკი“-სგან რამდენიმე თვის წინ აიღეს, თუმცა უკვე ვადაზე ადრე დააბრუნეს. შპს „მერიდიანი“-ს დირექტორი დავით გვარჯალაძე ამბობს, რომ ევროული კრედიტის გარეშე კარიერიდან წიაღისეულის ამოღება ძალიან გაუჭირდებოდათ: „კრედიტით კოვშიანი მუხლუხოებიანი 26,5 ტონიანი ექსკავატორი შევიძინეთ. ამას გარდა, წიდის დასაფქველი დანადგარი ვიყიდეთ, რომელის დამონტაჟებას უახლოეს ხანში დავასრულებთ და საწარმოს სრული დატვირთვით ავამუშავებთ და ნებისმიერი დაკვეთისთვის მზად ვიქნებით. სრული სიმძლავრით ამუშავების დროს მინიმუმ 20 თანამშრომელი გვეყოლება დასაქმებული. ამ 7 პროცენტიანი სესხის გარეშე საქმის დაძვრა რთული იქნებოდა“.
კარიერი დაახლოებით 8 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული.
ამჟამად 2400 კუბურ მეტრამდე „პემზა“ აქვთ მოპოვებული, ლიცენზიით გათვალისწინებული სრული მოცულობა კი 2028 წლამდე უნდა აითვისონ.
წიდა საამშენებლო ბლოკების დასამზადებლად გამოიყენება, რომელიც თბოიზოლაციის ბუნებრივი საშუალებაა. წიდას ხანძარსაწინააღმდეგო ეფექტიც აქვს, ამიტომაც სართულებს შორის ბეტონის საფარის ქვეშ ხშირად ათავსებენ. ხანძარსაწინააღნდეგო ეფექტის გარდა ხმის საიზოლაზიო საუკეთესო საშუალებაა. კომპანიის წარმომოადგენლები ამბობენ, ვულკანური წარმოშობის მიუხედავად, რადიაციის თვალსაზრისით, შესწავლილია და არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს. ბოლო პერიოდში „პემზა“ ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადი ხდება.
რადგან ახალქალაქში მკაცრი ზამთარი იცის, შპს „მერიდიანი“-ს დამფუძნებლები სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე ისეთი საწყობის გაკეთებას აპირებენ, საიდანაც გადამუშავებული და გადაუმუშავებელი ნედლეულით ყველა სეზონის განმავლობაში მომხმარებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მომარაგებენ. კომპანიის წარმომადგენლების მტკიცებით, მათ კარიერზე მოპოვებული წიდა გაცილებით მსუბუქია, რაც განსაკუთრებით იმ დეველოპერულ კომპანიებში ქმნის მოთხოვნას, რომლებიც მაღლივ შენობებს აშენებენ.
ავტორი: ზურაბ მოდებაძე