ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “ქულბაქმა” წარმოება 40-ჯერ გაზარდა
კოოპერატივი “ქულბაქი” ცაგერის რაიონის, სოფელ ქულბაქში არსებული სათევზე მეურნეობაა სადაც ძირითადად კალმახი იწარმოება. კოოპერატივი 2014 წელს შეიქმნა და მასში ხუთი ადგილობრივია გაწევრიანებული. კოოპერატივის ჩამოყალიბებამდე წევრებს თევზაობის სიყვარული აერთიანებდათ და თავიანთ საქმიანობას როგორც ბიზნესს არ განიხილავდნენ:
“კოოპერატივის შექმნამდე უბრალოდ თავს ვირჩენდით, კალმახს ვაწარმოებდით გაცილებით მცირე მასშტაბებით, წელიწადში 500-1000 კგ-მდე. კოოპერატივი განვითარებაში დაგვეხმარა, მოვიპოვეთ გრანტი და გავაფართოეთ წარმოება. ამ დაფინანსების შემდგომ ჩვენს საქმიანობას სერიოზული სახე მიეცა. დიდი სიკეთეები მოგვიტანა კოოპერატივმაც და ENPARD-მაც”- ამბობს eugeorgia.info-სთან საუბარში კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი გასვიანი.
კოოპერიტივი ჩამოყალიბებისთანავე ჩაერთო ENPARD-ის კონკურსში, სადაც გაიმარჯვა და გრანტის სახით 40 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში მიიღო. ამ თანხით შეიძინეს ტრაქტორი და მანქანა თევზის გადასაზიდად, ასევე, მოეწყო დამატებითი ტბორები. შედეგად, წარმოება წელიწადში 30-40 ტონამდე გაიზარდა.
კოოპერატივი ძირითადად კალმახს აწარმოებს, თუმცა ასევე მოშენებული ჰყავთ სხვა სახეობებიც, მაგალითად, როგორიცაა კობრი. კოოპერატივის საკუთრებაშია 3ჰა საკალმახე ტბორი და 13 ჰა სხვა თევზის მოსაშენებელი ბუნებრივი ტბორი. კალმახი მოშენებულია ბუნებრივი მინერალებით მდიდარ სუფთა წყალში:
“კალმახს უყვარს სუფთა, ცივი და ჟანგბადით მდიდარი წყალი, აქ წყლის ტემპერატურა ზამთარ-ზაფხულის სეზონებზე არ იცვლება და 7-10 გრადუსამდე მერყეობს, რაც იდეალურ პირობებს ქმნის თევზისთვის”- ამბობს გიორგი გასვიანი.
კოოპერატივის წევრებმა ასევე ააშენეს სალიფსიტე. გამოყვანილი ლიფსიტები გამოიყენება როგორც თავიანთ წარმოებაში, ისე სარეალიზაციოდ. თევზის სიჯანსაღიდან გამომდინარე “ქულბაქის” პროდუქციამ უკვე დაიმკვიდრა ადგილი ქართულ ბაზარზე. ძირითად გასაღების ბაზარს დასავლეთ საქართველო, კერძოდ ქუთაისი წარმოადგენს:
“საზოგადოება უკვე ინფორმირებულია ჩვენი წარმოების შესახებ, სარეკლამო კამპანიაც გაგვიკეთა ENPARD-მა და ადგილზეც ბევრი კლიენტი გვყავს”- ამბობს გიორგი გასვიანი
გამგეობის თავმჯდომარე სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გაფართოების შემთხვევაში მომავალში პროდუქციას ექსპორტზეც გაიტანს:
“ვფიქრობთ გაფართოებაზე და გვინდა თევზის გადამამუშავებელი კომბინატის გაკეთება, სადაც ან ვაწარმოებთ შებოლილ თევზს ან დავამზადებთ კონსერვებს. დაფინანსების წყაროს მოძიებაზე ჯერ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაგვიდგამს. ჯერ ადგილობრივ ბაზარზე გვინდა მყარად მოვიკიდოთ ფეხი და გაფართოების შემთხვევაში ექსპორტზე გატანასაც ვფიქრობთ. ამ საკითხზე მსჯელობა გვქონდა და მომავალში აუცილებლად ვგეგმავთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.”- ამბობს გამგეობის თავმჯდომარე.
გარდა კალმახის წარმოებისა კოოპერატივი აგროტურიზმშიც აქტიურად ჩაება. მეურნეობასთან ახლოს კოოპერატივის წევრებმა საოჯახო სასტუმრო ააშენეს და პირველ სტუმრებსაც უკვე უმასპინძლეს. კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ტურისტების მზარდი ნაკადებიდან გამომდინარე იგეგმება სასტუმროს გაფართოებაც. ამ დროისთვის ერთ ჯერზე მაქსიმუმ 14 სტუმრის მიღება არის შესაძლებელი:
“დატვირთვა მაქსიმალურია და არსებული რესურსი არ არის საკმარის. ვგეგმავთ, გაფართოებას, და სხვადასხვა სერვისების შეთავაზებას, როგორიცაა საფეხმავლო და საცხენოსნო ტურები.”- ამბობს გიორგი გასვიანი
სასტუმრო არსებულ ბიზნესთან ინტეგრაციით აგროტურიზმის განვითარების შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის. კოოპერატივის წევრები სტუმრებს თავაზობენ თევზჭერას, მათ მიერ დაჭერილ თევზს კი ადგილზე უმზადებენ. ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “ქულბაქმა” არა მარტო წარმოება გაზარდა, არამედ ჩამოყალიბდა და განვითარდა როგორც ბიზნესი და აითვისა ყველა არსებული შესაძლებლობა, რაც დიდი სტიმულია როგორც კოოპერატივის წევრებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მსგავსი ინიციატივების ხელშეწყობა ქმნის სამუშაო ადგილებს და დამატებით შემოსავლებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის.
ქეთი მელქაძე