ფერმერებს წელს კენკრის გაყიდვის პრობლემა ექნებათ
რაფაელ მაღალაშვილი: „წელს კენკრაში ნაკლებს გადავიხდი”
ვინ იყიდის ქართულ კენკრას?
ბოლო წლებში კენკრის მოყვანა ბევრი ფერმერისთვის მომგებიან საქმედ იქცა. შეიძლება ითქვას, რომ გასულ წლამდე ჟოლო, მაყვალი, მოცვი ბაზარზე დეფიციტური იყო, რაც მასზე დიდ მოთხოვნას განაპირობებდა და ფასიც, შესაბამისად მაღალი ჰქონდა.
კენკრა კარგ შემოსავალს იძლეოდა, რამაც ახალი ბაღების გაშენებას მისცა სტიმული. დასავლეთ საქართველოში აქტიურად დაიწყო ლურჯი მოცვის გაშენება, ქვეყნის აღმოსავლეთში კი მარწყვის, მაყვლისა და ჟოლოს ბაღები გაჩნდა. კენკრის ბაღების გაშენებას ხელი სახელმწიფო პროგრამამ შეუწყო. „დანერგე მომავალის” ფარგლებში სახელმწიფომ ამ კულტურების დარგვა ბევრ მწარმოებელს ბიუჯეტიდან დაუფინანსა. კენკრის გაშენების პროცესი აქტიურად გრძელდება და მთლიანი ფართობი მალე 1000 ჰექტარსაც გადააჭარბებს.
მაყვლისა და ჟოლოს მოსავლის რეალიზაციის პრობლემამ ჯერ კიდევ შარშან იჩინა თავი. ფერმერთა ნაწილს მაყვლისა და ჟოლოს გაყიდვა გაუჭირდა, უმეტესად სეზონის პიკზე, როცა ბაზარზე ჭარბ მიწოდებას ჰქონდა ადგილი. წელს ჟოლოს და მაყვლის მოსავალი კიდევ უფრო მეტი იქნება, რაც კენკრის დროულად გაყიდვის პრობლემას შექმნის. ფერმერთა ერთმა ნაწილმა მოახლოებული საფრთხე უკვე იგრძნო. მათ კენკრის რეალიზაციის ალტერნატიული გზებზე დაიწყეს ფიქრი. ისინი ხილის ექსპორტზე გატანას, ასევე, გაყინვას და შემდეგ, მისი არასეზონზე გაყიდვის შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ.
ჭარბი მოსავალი ბუნებრივია, ფასის კლებას გამოიწვევს. მსხვილი შემსყიდველები უკვე ამბობენ, რომ კენკრაში შარშანდელ ფასზე ნაკლებს გადაიხდიან.
ვინ არიან ფერმერების პოტენციური კლიენტები? პირველ რიგში, ყველაზე მეტ პროდუქტს ტრადიციული მყიდველები - დისტრიბუტორები, შუამავლები შეიძენენ, რომლებსაც ცოცხალი კენკრა პირდაპირ ბაღიდან მიაქვთ და მის რეალიზაციას საკოლმეურნეო ბაზრებში ახდენენ. თუმცა, მოსავლის სიდიდიდან გამომდინარე, ფერმერებისთვის ეს საკმარისი არ იქნება. დისტრიბუტორების გარდა წლევანდელ სეზონზე ფერმერებისგან კენკრას რამდენიმე დიდი კომპანიაც შეისყიდის. ის კომპანიები, რომლებიც ე.წ. შოკური მაცივრებს ფლობენ. ზოგიერთი მათგანი აპირებს სეზონის პიკზე იყიდოს კენკრა, გაყინოს და შემდეგ ექსპორტზე, მათ შორის ევროპაში გაიტანოს. ზოგიერთი კი გაყინული ხილის ადგილობრივ სავაჭრო ქსელში რეალიზაციას გეგმავს. გადამამუშავებელ კომპანიებს მწარმოებლებთან მოლაპარაკება ჯერ არ დაუწყიათ. ისინი ხილის შემოსვლას ელოდებიან, როცა მოსავლის სავარაუდო მოცულობა გაირკვევა და შესყიდვის საორიენტაციო ფასიც ამის შემდეგ გამოჩნდება.
რამდენს გადაიხდიან „გლენბერი” და „აგროლეინი”?
ფერმერებისგან ჟოლოს და მაყვალს წელსაც შეისყიდის კომპანია „გლენბერი”, რომელსაც სამაცივრე მეურნეობა ქარელის მუნიციპალიტეტში აქვს. კომპანიამ კენკრა შარშანაც იყიდა და ექსპორტზე უმეტესად თურქეთსა და ისრაელში გაიტანა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი რაფაელ მაღალაშვილი ამბობს, ქარელში გაყინული კენკრა ევროპასა და აშშ-შიც გაყიდა(„გლენბერის” სამაცივრე დანადგარს 1 საათში 1500 კილოგრამი კენკრის შოკურად გაყინვა შეუძლია, რის შემდეგ კენკრის შენახვა მაცივრებში 3 წლის განმავლობაში შეიძლება, -18-22 გრადუს ტემპერატურაზე). „გლენბერ”-ის მფლობელი ფერმერებისგან კენკრას წელსაც შეისყიდის, მაგრამ ძველი ფასის გადახდას აღარ აპირებს.
„კენკრა შარშან თითქმის ყველა მწარმოებლისგან შევიძინე. მაგრამ ვიზარალე. რადგან კენკრის მსოფლიო ფასი თითქმის განახევრდა. სერბეთმა დააკლო ფასი და კილოგრამ გაყინულ მაყვალს 50 ცენტად ყიდის. როგორ შევეჯიბრო სერბეთს ან პოლონეთს? შარშან 80 ტონა მაყვალი ვიყიდე. ჟოლო არ მიყიდია, იმიტომ, რომ ფასი იყო მაღალი. კილოგრამი მაყვალი 2-2,5 ლარად ვიყიდე, რაც ძალიან ძვირია. პრაქტიკულად წაგებით გავყიდე. ფაბრიკა ახალი გახსნილი მქონდა და პროდუქცია ბრმად ვიყიდე. წელს ეს ფასი აღარ იქნება. ფერმერებმა უნდა იცოდნენ, რომ წელს შაშანდელ ფასს ვერ გადავუხდი. ვისაც საცხობი აქვს, მან შეიძლება ახალ მაყვალში გადაიხადოს 5 ლარი, მაგრამ მე ვერ გადავიხდი. მე ვყიდულობ 2 ათას ტონას და მისი ფასი სხვა უნდა იყოს. ამხელა საწარმო ავაშენე, დიდი ინვესტიცია გავაკეთე და საქონელი მჭირდება. ფერმერებთან ფასზე თუ მოვრიგდები, მთელი მოსავლის მყიდველი ვარ. თუ წესიერად მოკრიფეს, ყველას ვიყიდი. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ კენკრის სწორად მოკრეფა არ იციან. არც ის იციან, როდის უნდა მოიკრიფოს. ბაღის გარშემო ტერიტორიას არ უვლიან. ნაკვეთების გარშემო არის ბუსუსებიანი ბალახები, ის კენკრას ეწებება და მერე ძალიან ძნელია მისი მოშორება. ისრაელში მიკრობიოლოგიურმა შემოწმებამ აჩვენა, რომ საქართველოდან შეტანილი კენკრა სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ექსპერტმა ნაყოფიდან ამოიყვანა მატლები, რაც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანდა.
გამოცდილებამ მაჩვენა, რომ კენკრა მხოლოდ გაყინული სახით შეიძლება გავიტანო. მაყვლის ცოცხალი სახით ექსპორტი ძალიან ძნელია. სერთიფიკატები სჭირდება, ისრაელში, ევროპაში. რუსეთში გატანა შეიძლება, მაგრამ 2 დღე უნდა გზას და გაფუჭდება. მაყვალი შარშან კახეთიდან მაცივრებით ჩამომქონდა, მაგრამ მაინც გასული ჰქონდა წვენი. ცოცხალი კენკრის ექსპორტი ძალიან ძნელია. ევროპაში ჩასასვლელად 4-5 დღე სჭირდება და თვითმფრინავით რომ გავგზავნო, ეს პროდუქტს ძალიან გააძვირებს. თუმცა, ცოცხალი კენკრის კლიენტები მყავს და თუ გზა მოვნახე, შეიძლება გავრისკო და ექსპორტზე მაინც გავიტანო. როცა საერთაშორისო ბაზრის ფასები მეცოდინება, ჩემ ფასს ფერმერებს ამის მერე ვეტყვი. თუ მსოფლიო ბაზარზე აიწევს ფასი, მეც მეტს გადავუხდი. თუ ფასი დაბალი იქნება, ვერ გადავიხდი”,- ამბობს რაფაელ მაღალაშვილი.
წელს კენკრას ჩაიბარებს კომპანია „აგრელეინიც”, რომელსაც შეუძლია ხილი ე.წ. შოკური მაცივარში გაყინოს.
კომპანიას ბაღდათში საკუთარი ლურჯი მოცვის ბაღები აქვს და პროდუქცია ექსპორტზე გააქვს. წელს პირველად აპირებს ადგილობრივი ფერმერებისგან მაყვალი და ჟოლო შეისყიდოს და შოკური მეთოდით გაყინოს. კომპანია მომავალში ბაღების გაფართოვებას აღარ აპირებს და უფრო მეტად გადამამუშავებელ წარმოებაზე გააკეთებს აქცენტს. კომპანიის დირექტორი გიორგი ღვინიაშვილიც ამბობს, რომ ადგილობრივ ფერმერებს მაყვალსა და ჟოლოში შარშანდელ ფასზე ნაკლებს გადაუხდის.
„გაყინული მაყვალი და ჟოლო საქართველოში მთლიანად უცხოეთიდან შემოდის. გვინდა იმპორტი ჩავანაცვლოთ. გაყინულ ხილს სუპერმარკეტების ქსელში შევიტანთ. მოლაპარაკებები რითეილერებთან ჯერ არ დაგვიწყია. ჯერ პროდუქტი უნდა შევქმნათ, შევფუთოთ და შემდეგ დაველაპარაკებით. მზად ვართ მაყვალი და ჟოლო შევიძინოთ ფერმერებისგან და გავყინოთ. ვაპირებთ გაყინული კენკრა სავაჭრო ქსელში ერთ-ერთ კომპანიასთან ერთად შევიტანოთ, ერთიანი დისტრიბუციით და ერთიანი მერჩენდაიზინგით. ჩვენი და მათი პროდუქტი ერთმანეთის კონკურენტი არ არის და ერთმანეთს ავსებს. გვინდა, რომ ჩვენი გაყინული პროდუქტი მთელი 12 თვე იყოს დახლზე.
წელს ნედლეული არის უფრო მეტი, ვიდრე მის გაყიდვას შეძლებენ ფერმერები. ბევრია გაშენებული, კიდევ შენდება და რას უპირებენ, არავინ იცის. როცა მოკრეფას დაიწყებენ, ფასზე მერე ვისაუბრებთ. ახლა ყველას მაღალი ფასის მოლოდინი აქვს და რეალური ღირებულება კრეფის დაწყების შემდეგ გამოჩნდება. ჩვენ ძვირს ვერ გადავიხდით, იმიტომ რომ მსოფლიო ბაზარზე ფასები დაეცა. გაყინული ჟოლო ერთი ევროც ღირს პოლონეთში. მე რომ ვიყიდო და გავყინო, უნდა მიღირდეს. ფერმერებისგან კენკრას მხოლოდ იმ დროს შევისყიდით, როცა ჭარბი მოსავალი აქვთ. მათ შეუძლიათ სეზონის დასაწყისში ან ბოლოს კენკრა ცოცხლად, ფრეშად გაყიდონ და ამ დროს მეტ ფულს მიიღებენ. მაგრამ როცა პროდუქტი აქვთ ჭარბი რაოდენობით და არ იცინ რა მოუხერხონ, ეცოდინებათ, რომ ჩვენთან შეუძლიათ მოიტანონ”,-ამბობს გიორგი ღვინიაშვილი.
„გლენბერი”-სა და „აგროლეინ”-ის გარდა ქვეყანაში რამდენიმე შედარებით მცირე მასშტაბის სამაცივრე მეურნეობა არსებობს. რამდენიმე მშენებლობის პროცესშია. შესაბამისად, გაჩნდებიან კომპანიები, რომლებიც კენკრას ფერმერებისგან ჩაიბარებენ, თუმცა, თუ ბაღების გაშენების ინტენსივობას გავითვალისწინებთ, ეს საკმარისი მაინც არ იქნება. გადამამუშავებელი წარმოების განვითარებამდე ადგილობრივ მწარმოებლებს შესაძლოა, მძიმე დრო დაუდგეთ, როცა მათ პროდუქციის იაფად გაყიდვა მოუწევთ, რაც მათ ფინანსურად დააზარალებს.
ავტორი: ნონა ქვლივიძე.
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.