2018 წელს ლაბორატორიაში ანტიბიოტიკზე თაფლის მხოლოდ 7 ნიმუში შემოწმდა
რატომ არ მიდიან თაფლის მწარმოებლები ლაბორატორიაში?
ქართული თაფლი სრულყოფილი კვლევისთვის კვლავ რიგაში იგზავნება
ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად საქართველოში წარმოებული თაფლი უვნებლობის იმ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს, რასაც ევროპის ქვეყნების შესაბამისი კანონმდებლობა მოითხოვს. თაფლის უვნებლობა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში უნდა იყოს შემოწმებული. ასეთი ლაბორატორია, რომელიც ევროპის ყველა ქვეყანას აქვს, თაფლში ათეულობით პარამეტრს ამოწმებს, მათ შორის ანტიბიოტიკების და პესტიციდების ნარჩენების შემცველობას.
ლაბორატორია, სადაც თაფლის კვლევაა შესაძლებელი, საქართველოშიც არსებობს. ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და მისი თანამედროვე ხელსაწყოების აღჭურვისთვის რამდენიმე მილიონი ევრო დაიხარჯა. ლაბორატორიას 2013 წლიდან აშშ-ის სტანდარტების ეროვნული ინსტიტუტის აკრედიტაცია აქვს გავლილი და ISO 17025 სტანდარტს ფლობს. თუმცა, ლაბორატორიის მიერ თაფლზე ჩატარებული კვლევა ევროკავშირის ქვეყნებისთვის საკმარისი არ არის. რადგან არის ნივთიერებები, რომელთა აღმოჩენა თაფლში ამჟამად ლაბორატორიას არ შეუძლია. ევროკავშირს საკუთარი სტანდარტი აქვს, სადაც მკაცრად აქვს გაწერილი თაფლში ზოგიერთი ნივთიერების დასაშვები რაოდენობა და აკრძალული ნივთიერებები. ამიტომ ბოლო რამდენიმე წელია სრულყოფილი და ძვირადღირებული ანალიზების ჩასატარებლად ქართული თაფლი ლატვიაში, რიგის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება. აღნიშნული კვლევები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
რა სახის კვლევებს სთავაზობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ამჟამად ადგილობრივ მეფუტკრეებს და როდის იქნება შესაძლებელი სრულყოფილი მომსახურების მიღება საქართველოში, ამ თემაზე eugeorgia.info- -თან ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი საუბრობს:
- ევროკავშირის მოთხოვნების 80%-ს ჩვენი ლაბორატორია პასუხობს. თაფლს უკვე 90-მდე პარამეტრზე ვამოწმებთ. მათ შორის ფოსფორორგანულ, ქლორორგანულ პესტიციდებზე, ანტიბიოტიკებზე და სხვა ნივთიერებებზე. ჩვენი პირველი რიგის ამოცანა იყო, კვლევის მეთოდები იმ ანტიბიოტიკებზე დაგვენერგა, რომლებიც საქართველოში ყველაზე დიდ რისკფაქტორს წარმოადგენდა და შეგვემოწმებინა როგორი იყო ჩვენი თაფლი. ამას ვაკეთებთ.
-მაგრამ ლაბორატორია თაფლს ყველა ანტიბიოტიკზე სრულყოფილად ვერ ამოწმებს. კვლევის მეთოდი რომელი პარამეტრებზე დაგრჩათ დასანერგი?
-მეწარმეებიც მუდმივად ამას გვეკითხებიან. ეს არ არის სწორად დასმული კითხვა. ხვალ ბაზარზე ახალი ანტიბიოტიკი რომ დარეგისტრირდეს, გამოდის, რომ ჩვენ მისი კვლევის უნდა დავნერგოთ? გარანტიას ვინ მოგვცემს, რომ მეფუტკრემ ახალი ანტიბიოტიკი არ გამოიყენა? ყველა ახალ მედიკამენტზე ან პესტიციდზე ვერ დავნერგავთ კვლევის მეთოდს, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება. ლაბორატორია თვითონ ვერ მიხვდება, რომ ამა თუ იმ მეწარმეს რომელიმე პარამეტრზე უნდა კვლევა. თუ მეფუტკრე მოვა, მეტყვის ამ პარამეტრებზე მინდა კვლევა, ნუსხას მომიტანს, ამ შემთხვევაში შეიძლება პროდუქტიული იყოს ჩვენი თანამშრომლობა. მაგრამ სამწუხაროდ, მეფუტკრემ არ იცის, რა უნდა.
-არ იცის რა უნდა? რას გულისხმობთ?
-დიახ, არ იციან რომელ პარამეტრებზე უნდათ კვლევა. ლაბორატორია კარნახობდეს მეწარმეს, რა პარამეტრებზე უნდა შეამოწმოს თაფლი, ასეთი რამ არსად ხდება. ბიზნესი, პირველ რიგში, თავად უნდა იყოს დაინტერესებული რა პარამეტრის შემოწმება სჭირდება. ყველა ქვეყანას პარამეტრებზე საკუთარი მოთხოვნები აქვს. გერმანიას შეიძლება ერთ ნუსხა ჰქონდეს, საფრანგეთს სხვა. ვერცერთი ლაბორატორია ვერ განსაზღვრავს ზუსტ ნუსხას. მეწარმემ თაფლი გერმანიაში რომ შეიტანოს, რა პარამეტრებზე უნდა შემოწმდეს, ამას ჩვენ ვერ ვეტყვით. მან უნდა მიმართოს გერმანიას, გაარკვიოს რა პარამეტრებზე ამოწმებენ თაფლს და ჩვენ კვლევას ამის მერე ჩავატარებთ. თუმცა, არც იმის გარანტია არსებობს, რომ ის ქვეყანა 101-ე პარამეტრის შემოწმებას არ მოსთხოვს.
მეფუტკრეს თუ გერმანიაში უნდა ექსპორტი, თაფლი მათ ლაბორატორიაში უნდა შემოწმდეს. იქ ასეთი მიდგომა აქვთ. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულ ქვეყნას რა პარამეტრებზე აქვს მოთხოვნა. მაგრამ ჩვენ კი არ უნდა ვუკარნახოთ რა პარამეტრებზე შეამოწმოს თაფლი, არამედ ეს ბიზნეს ოპერატორმა უნდა იცოდეს.
არადა, 2019 წლისთვის უკვე იმაზე მეტი პარამეტრი დაინერგა, ვიდრე თავიდან ვგეგმავდით. მაგრამ მეფუტკრეებს, რაც დავნერგეთ, ისიც არ აინტერესებთ. ამდენი რესურსი დავხარჯეთ და ისინი ლაბორატორიაში არ მოდიან. რიგის ლაბორატორიიდან სპეციალისტები იყვნენ ჩამოსული. გაოცებულებმა გვითხეს, ასეთი ლაბორატორია გაქვთ და თაფლის ნიმუშები მაინც ჩვენთან რატომ ჩამოდისო?
- მერე რიგაში ვინ აგზავნის? სახელმწიფო თავისი ფინანსებით ამოწმებს მეწარმეების თაფლს…
- ეგ არ ვიცი... ვერ გეტყვით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კარგად აკეთებთ და ნიმუშები ჩვენთან აღარ უნდა გზავნიდნენო, - ლატვიელმა სპეციალისტებმა ასე გვითხრეს.
-გამოდის, რომ არ არის საჭირო თაფლის ნიმუშები ყველა კომპონენტზე რიგაში გაიგზავნოს?
- დიახ. ჩვენ გვაქვს თაფლის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მის ხარისხობრივ მაჩვენებლებს განსაზღვრავს. ნებისმიერ პარამეტრზე ვაკეთებთ შემოწმებას საერთაშორისო სტანდარტით, რაც ჩვენ ნუსხაშია მითითებული, მაგრამ ყველა პარამეტრზე, სამწუხაროდ, შეკვეთა არ მოდის. შარშან ანტიბიოტიკებზე შესამოწმებლად თაფლის მხოლოდ 7 ნიმუში შემოვიდა. მეფუტკრეს შეუძლია ჩვენ ლაბორატორიაში ჩაატარონ კვლევა, რაც დაანახებს მათ სურათს, როგორია მათი თაფლი და მინდა, ეს შესაძლებლობა გამოიყენონ.
-ალბათ, იმიტომ, რომ კვლევა ძვირი ჯდება. ადგილობრივ მეფუტკრეს კი ამის ფინანსური საშუალება არ აქვს…
-თაფლის შემოწმება ევროპასთან შედარებით იაფია, მაგრამ ლაბორატორიული კვლევა ძვირი ჯდება. ისეთი კვლევები, რომელიც მაღალი ეფექტის ხელსაწყოთი კეთდება და სუფთა რეაქტივები გამოიყენება, იაფი ვერ ეღირება. ისინი თაფლს უფასოდ არიგებენ? -არა. ამიტომ უფასო ვერც ლაბორატორია იქნება.
მეფუტკრეებს რომ ვახარე, შეგვიძლია თაფლი უკვე ლაბორატორიულად შევამოწმოთ-მეთქო, ძვირიაო, - მიპასუხეს,- უფასოდ არ იქნებაო? ალბათ სუბსიდიას ელოდებიან, ჩვენთან იმიტომ არ მოდიან. მეწარმეების უმრავლესობა თაფლის ძალიან მცირე მოცულობას აწარმოებს. როცა მეფუტკრეს 20 კილო თაფლი აქვს გასაყიდი, მას ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, ცხადია, არ უღირს. 20 კილოგრამის მწარმოებელი ფერმერი თაფლს ევროპაშიც თავისთავად, ვერც გაიტანს. ამ მცირე მეწარმეების პროდუქციის გაერთიანებაა საჭირო, მაგრამ ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ მისი თაფლი სუფთაა. ეს დიდი პრობლემაა. ადგილობრივ მეწარმეების უმრავლესობას მიკვლევადობა არ აქვს, ჩანაწერებს არ აკეთებენ, თუ რა ანტიბიოტიკი იყიდა, რა საკვები გამოიყენა. არ იციან რომელ ფიჭას იყენებენ., რომელიც, როგორც დაკვირვება აჩვენებს, თაფლში ანტიბიოტიკების ძირითადი წყაროა. მაგრამ ფიჭის შემოწმება ჩვენი სფერო არ არის. ამას სხვა აპარატურა სჭირდება, სხვა მიდგომა. ამ მეთოდის დასანერგად ცალკე აკრედიტაცია უნდა გავიაროთ.
-თქვენი საუბრიდან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თაფლი თქვენ ლაბორატორიაში 80-მდე პარამეტრზე მოწმდება, და ამ ეტაპზე უკვე აღარ არის დამატების საჭიროება. იმიტომ, რომ მოთხოვნა არ არის…
-არა ასე ვერ ვიტყვით. სხვა პარამეტრებზეც მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ ხომ მარტო თაფლზე არ ვმუშაობთ. ლაბორატორიას ტექნიკური რესურსი აღარ ჰყოფნის. ერთადერთი ხელსაწყოს მეშვეობით ამდენ პარამეტრზე შემოწმება შეუძლებელია. ჯერ ვუმკლავდებით, იმიტომ, რომ ნიმუშები არ შემოდის და დრო გვაქვს, რომ პარალელურად მეთოდები დავნერგოთ. სხვა ლაბორატორიებს ერთ პარამეტრზე ერთი ხელსაწყო აქვთ. ახალი მეთოდების დანერგვა ასე ადვილი არ არის. ბევრი ხელსაწყო არის საჭირო. ამჟამად პრიორიტეტად არის მიჩნეული ხორცსა და ხორცპროდუქტებში, რძესა და რძის პროდუქტებში ანტიბიოტიკების აღმოჩენა. გარდა სურსათისა, ხდება ახალი მეთოდების დანერგვა ვეტარინარიის მიმართულებით. ყოველ წელს ახალი მოთხოვნებია, ახალი დაავადებები ჩნდება, ამიტომ კვლევის ახალი მეთოდების დანერგვა მუდმივად გვიწევს.
ავტორი: ნონა ქვლივიძე