„ევროკავშირი ანტიბიოტიკებით დაბინძურებულ თაფლს არ მიიღებს”
ლიეტუვას გამოცდილება მეფუტკრეობაში, სადაც ამ საქმიანობას საუკუნოვანი ისტორია აქვს
როგორ ეხმარება ლიეტუვას მთავრობა მეფუტკრეებს
„ეკონომიკური კვლევებისა და ადვოკატირების ცენტრის” მოწვევით 16-18 მაისს საქართველოში იმყოფებოდნენ ლიეტუვას მეფუტკრეობის სფეროს სპეციალისტები. ვირგილიუს სკულსკისმა და ტაუტვიდას ბლოზნელისმა შეხვედრები გამართეს ქართველ მეფუტკრეებთან და მეფუტკრეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან. მათ ჩაატარეს ლექციები და პრაქტიკული კურსები ახალციხეში, ადგილობრივ ფერმერებთან და კაჭრეთის კოლეჯის სტუდენტებთან, რომლებიც მეფუტკრის სპეციალობას ეუფლებიან. ლიტველმა ექსპერტებმა მათ გაუზიარეს ლიეტუვას გამოცდილება თაფლის წარმოების და ექსპორტის მიმართულებით, აგრეთვე, ევროპული სტანდარტების შესახებ. ასევე, მეფუტკრეებს მისცეს რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს საექსპორტო თაფლის წარმოება, პროდუქციის სწორი მარკეტინგი და აგრეთვე, პარტნიორებისა და მომხმარებლის მოძიება.
ევროპაში თაფლის ექსპორტის საუკუნოვანი გამოცდილება
ლიტვური თაფლის ევროპაში ექსპორტს საუკუნეების ისტორია აქვს. შუა საუკუნეებში ლიეტუვა მეფუტკრეობის პროდუქტებით ვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრი იყო ევროპაში. ლიეტუვას მაშინ ახლანდელზე გაცილებით დიდი ტერიტორია ეკავა, ამიტომ ფუტკრის მოშენებისთვის უკეთესი პირობები იყო. ჯერ კიდევ 1529 წელს ლიეტუვაში მიიღეს კანონი მეფუტკრეობის შესახებ, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მეფუტკრეები სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან შედარებით პრივილეგიებით სარგებლობდნენ. 1989 წელს ლიეტუვაში შეიქმნა მეფუტკრეთა კავშირი, რომელიც 5 ათასამდე მეფუტკრეს აერთიანებს. ყველა მათგანი დარეგისტრირებულია ვეტერინარულ სამსახურში.
სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს ლიეტუვაში 11,3 ათასი მეფუტკრე იყო დარეგისტრირებული, 190 ათასზე მეტი ფუტკრის ოჯახით. მსხვილი ფერმერების რაოდენობა, ვისაც ფუტკრის 150 ოჯახი ჰყავს, 56 -ია. მეურნეობები უმეტესად მცირე ზომისაა და საცხოვრებელ სახლებთან არის განთავსებული. მათი დიდი ნაწილი სამოყვარულო ხასიათისაა. მეფუტკრეთა უმრავლესობა ასაკოვანი ხალხია.
2016 წელს ქვეყანაში 4 ათასი ტონა თაფლი აწარმოეს. 2016 წელს ლიეტუვადან ექსპორტზე 1,580 ათასი ტონა თაფლი გავიდა. 2018 წელს კი ექსპორტი 963 ტონამდე შემცირდა. თაფლი უმეტესი ნაწილი საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში იყიდება. ექსპორტის ნაწილს რეექსპორტი შეადგენს. ლიეტუვაში თაფლი უმეტესად უკრაინიდან, ჩინეთიდან და პოლონეთიდან შეაქვთ და შემდეგ ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში გადის. 2018 წელს ლიეტუვაში დაახლოებით 1300 ტონა თაფლი შეიტანეს. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, სავაჭრო ბალანსი უარყოფითია. ლიტვური თაფლის ფასი მზარდია. 2016 წელს კილოგრამი თაფლის საშუალო ფასი 5,7 ევრო იყო, 2017 წელს - 6,23 ევროს მიაღწია, ხოლო 2018 წელს 6,35 ევროს გადააჭარბა.
ლიეტუვაში ფუტკრის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები ყოველ 3 წელიწადში ცვლიან, პრეპარატის მიმართ ფუტკრის მიჩვევა რომ აიცილონ თავიდან. ლიეტუვაში სამკურნალო მედიკამენტები ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ბულგარეთიდან, ინგლისიდან და პოლონეთიდან შედის. მედიკამენტები დარეგისტრირებულია ევროკავშირში.
ფუტკრის სკები უმეტესად ხისაა, პოლისტიროლის ან პენოპლასტის, რომელიც მეზობელი ქვეყნებიდან არის იმპორტირებული. ყველა საფუტკრე ისეა მოწყობილი, რომ სკების გადაადგილება იყოს შესაძლებელი. სკების ¼ ფერმერებს გადააქვთ სხვადასხვა ნათესების ახლოს ან ტყეში, ჟოლოს და სხვა მცენარეების სიახლოვეს.
ლიეტუვაში წარმოებული თაფლის 40-50% რაფსის(canola) ყვავილისგან მიიღება. მცირე რაოდენობით წიწიბურას და ცაცხვის ყვავილისგან. მეფუტკრეობის ხელშეწყობისთვის და საკვები ბაზის შესაქმნელად ხდება რაფსის, წიწიბურას, მდოგვის, სამყურას, სხვა მცენარეების და ტყეების გაშენება.
ლიტვური თაფლის რეალიზაციაზე ათეულობით კომპანია მუშაობს. ლიტველები თაფლისგან ამზადებენ ეროვნულ სასმელს - მედს. ასევე, თაფლი აქტიურად გამოიყენება არყისა და ლუდის წარმოებაში. მეფუტკრეები აწარმოებენ პროპოლისს, ფუტკრის რძეს, მტვერს, ფუტკრის შხამს, ასევე, ამზადებენ სასაჩუქრე სანთლებს. მეფუტკრეობის პროდუქციის ნაწილი ექსპორტზე გადის, ნაწილი კი გადამამუშავებელ საწარმოებში იგზავნება.
ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ლიეტუვაში კვალიფიციურ მეფუტკრეთა რაოდენობა გაიზარდა. ისინი გამოცდილების მისაღებად ევროპის ქვეყნებში ჩადიან. ქვეყანაში ყოველწლიურად ეწყობა მეფუტკრეთა ფესტივალები, სადაც ფერმერები და მომსახურე კომპანიები ერთმანეთს სიახლეებს, ინოვაციებს და ახალ ტექნოლოგიებს უზიარებენ. ქვეყანაში მუშაობენ მეცნიერები, რომლებიც ატარებენ კვლევებს ფუტკრების საკვებ ბაზაზე, სწავლობენ მცენარეებს, რომლებსაც ფუტკარი საკვებად იყენებს, ცდიან მედიკამენტებს ფუტკრისთვის, გამოჰყავთ დედა-ფუტკრები, უწევენ კონსულტაციებს მეფუტკრეებს.
რით ეხმარება ლიეტუვას მთავრობა მეფუტკრეებს
ლიტველ მეფუტკრეებს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევს ევროკავშირი და სახელმწიფოც. ფინანსური მხარდაჭერა ითვალისწინებს ტექნიკური დახმარებას, დაფინანსებას მავნე დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ფუტკრის ოჯახების განახლებისთვის, მათ შორის, ახალი ოჯახებისა და ფუტკრის დედების სახით. ფინანსდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, რათა ლიტვური თაფლის საბაზრო ღირებულება გაიზარდოს. ფინანსური მხარდაჭერის პროგრამაში შედის სკების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება, თაფლის ანალიზის დაფინანსება, რომელიც მისი ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის მიზნით ტარდება. ფინანსდება სამეცნიერო სამუშაოები მეფუტკრეობის და ფუტკრის პროდუქტებისთვის. გარდა ამისა, მთვარობა გამოყოფს თანხას ბაზრის მონიტორინგისთვისაც.
მთავრობას ფინანსური დახმარების მისაღებად შეუძლია მიმართოს მეფუტკრეთა ეროვნულმა ასოციაციამ. ასევე, შეუძლია მიმართოს მეურნეობამ, სადაც 19-მდე სკა აქვთ. ახალი სკების შეძენის ხარჯები სახელმწიფოს მიერ 70%-ით ფინანსდება, არაუმეტეს 80 ევრო ფუტკრის ერთი ოჯახისთვის. ერთ ბენეფიციარს სუბსიდირების ფარგლებში შეუძლია 5 ახალი სკა შეიძინოს.
პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისთვის ფინანსური მხარდაჭერა შეუძლია მოითხოვოს მეფუტკრემ, რომელსაც არანაკლებ 20 და არაუმეტეს 39 ოჯახი ჰყავს. ერთი განმცხადებელი იღებს 70%-იან დაფინანსებას მხოლოდ ერთი ღონისძიებისთვის, 300 ევროს ხელის ექსტრაქტორისთვის და 900 ევროს ელექტრო ექსტრაქტორისთვის. 500 ევრო არის გათვალისწინებული უჟანგავი ფოლადის მაგიდისთვის; 600 ევრო -თაფლის შესანახი უჟანგავი ფოლადის კონტეინერისთვის. ასევე, განსაზღვრულია დაფინანსების ოდენობები სხვადასხვა საჭირო მოწყობილობისთვის. ლიეტუვას მთავრობის დახმარებით, მეფუტკრეები მთლიანად თანამედროვე მოწყობილობებზე გადავიდნენ. ხმარებიდან ამოიღეს ძველი თუთიის ინვენტარი.
მეფუტკრეები დაფინანსებას იღებენ სკების ტრანსპორტირებისთვის. მთავრობას დახმარებისთვის შეუძლია მიმართოს მეფუტკრემ, ვისაც არანაკლებ 40 ფუტკრის ოჯახი ჰყავს. კომპენსაცია ამ შემთხვევაში ფარავს ხარჯების 70%-ს, არაუმეტეს 900 ევროს ოდენობით. ფერმერი იღებს კომპენსაციას საჭირო სატრანსპორტო საშუალების ან მისი აქსესუარისთვის.
მთავრობა აფინანსებს თაფლის და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ანალიზსაც. თაფლის ნიმუშის ერთი ლაბორატორიული ტესტისთვის ბიუჯეტიდან არაუმეტეს 300 ევროა გამოყოფილი. 70%-ით იფარება(არაუმეტეს 5 700 ევრო) ლაბორატორიული მოწყობილობის შესაძენად გადახდილი თანხა.
ასევე, 70%-ით ფინანსდება ფუტკრის დაავადებებთან ბრძოლა. ერთ ოჯახზე 86 ევროცენტია გათვალისწინებული, თუმცა, თუ დაავადებების წინააღმდეგ უფრო მასშტაბური ღონისძიებებია საჭირო, დაფინანსება იზრდება.
გარდა ამისა, მეფუტკრეს შეუძლია დახმარების თხოვნით მიმართოს მთავრობას, თუ მას ფუტკრის ოჯახების განახლება სურს. საფუტკრეს, სადაც დედა ფუტკრები გამოჰყავთ, ამ ღონისძიებებისთვის 50%-იანი დაფინანსება ეკუთვნის.
სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს კვლევით პროგრამებს. გათვალისწინებულია არაუმეტეს 10 ათასი ევრო ერთი კვლევისთვის. ფინანსდება ბაზრის მონიტორინგიც. ბიუჯეტიდან 100%-იან დაფინანსებას იღებენ სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები და კერძო სუბიექტები.
მეფუტკრეები ფინანსურ დახმარებას იღებენ ფუტკრის დამატებითი კვებისთვის. დაფინანსებისთვის მთავრობას შეუძლია მიმართოს მეფუტკრემ, ვისაც 150-მდე სკა აქვს და ის ფულს შაქრის, ინვერტული შაქრის სიროფისთვის მიიღებს. ფუტკრის ერთ ოჯახზე გათვალისწინებულია 5,79 ევრო. ვისაც ორგანული წარმოება აქვს, ერთ ოჯახზე 11,58 ევროს იღებს, არაუმეტეს 10 კილოგრამი შაქარს ან არაუმეტეს 15 ლიტრ სიროფს.
ასევე ფინანსდება პროდუქციის სერთიფიცირების ხარჯები, პროდუქციის ხარისხის კონტროლის მიზნით ჩატარებული კვლევები, ასევე, პროდუქციის ეტიკეტის შექმნა, შეფუთვის დიზაინი, ეტიკეტის დამზადება. ამ ხარჯებისთვის გათვალისწინებულია არაუმეტეს 869 ევრო 5 წლის განმავლობაში. ასევე, ფინანსდება მეფუტკრის სავიზიტო ბარათების ბეჭდვის ხარჯები, არაუმეტეს 290 ევრო წელიწადში.
მცირე მეურნეობის მხარდაჭერა
სახელმწიფოს ცალკე პროგრამები აქვს მცირე და ძალიან მცირე ზომის მეურნეობებისთვის. დაფინანსების მაქსიმალური თანხა 15 ათასი ევროა. მათ შორის არის ბიზნეს-გეგმის საფასურიც. მეფუტკრე 80%-იანი დაფინანსებას იღებს პირველ წელს, ხოლო თუ ბიზნეს-გეგმა შესრულდება, ფერმერი დარჩენილ 20%-ს ამის შემდეგ მიიღებს.
მეფუტკრეები მთავრობისგან იღებენ ფინანსურ მხარდაჭერას მიწოდების მცირე ჯაჭვისთვის, არაუმეტეს 9 ათასი ევროს ოდენობით. თუ პროექტში 4 ან მეტი მწარმოებელი მონაწილეობს, თანხა 120 ათას ევრომდე იზრდება.ასევე, სახელმწიფო მეფუტკრეს ფინანსურ დახმარებას უწევს სკების გადაზიდვისთვის საჭირო ტექნიკის შესაძენად, თაფლის გადასამუშავებელი მოწყობილობების, შესაფუთი მასალების ან შესაფუთი მოწყობილობების შეძენისას. შენობების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და რემონტი ფინანსდება 3 ათას ევრომდე. სხვა ხარჯები 1800 ევრომდე.
ყოველწლიურად ქვეყანაში შემოაქვთ ახალი სელექციური მასალა, რომ ფუტკრების ახლო ნათესაური შეჯვარება აიცილონ თავიდან.
სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს მეფუტკრეთა სწავლებას, კონფერენციებსა თუ გამოფენებში მონაწილეობას, მეფუტკრეთა სასწავლო ვიზიტებს უცხოეთში, მათ შორის ახალგაზრდა მეფუტკრეთა სწავლებას, ასოციაციის სასწავლო პუბლიკაციების გამოცემას.
გამოფენებსა და ბაზრობაში მონაწილეობის დროს, სახელმწიფო იხდის პროდუქციის განსათავსებელი შენობის ქირას, სტენდების მონტაჟის, საჭირო ავეჯით და მოწყობილობებით უზრუნველყოფის, ტრანსპორტირების და სხვა ხარჯებს. აგრეთვე, ფარავს მონაწილე ბენეფიციარის მგზავრობის თანხას. ასევე, ისტუმრებს პარტნიორების მოსაძიებლად უცხოეთში მწარმოებლის ვიზიტის ხარჯს, არაუმეტეს 6 ათასი ევროს მოცულობით.
აუცილებელია, რომ პროგრამაში მონაწილეს ჰქონდეს სერტიფიკატი(„Ekoagros”), რომლესაც სერტიფიცირების დამოუკიდებელი ორგანო გასცემს. თითოეულ მონაწილეზე გათვლილია 2895 ევრომდე ფინანსური დახმარება.
ლიტველი სპეციალისტების რჩევები ქართველ მეფუტკრეებს
ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ ლიტველმა სპეციალისტებმა საქართველოში ნანახის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს და ქართველ მეფუტკრეებს რეკომენდაციებიც მისცეს.
„საქართველოში ვნახე ბევრი მეფუტკრე, რომელთაც აინტერესებთ ლიეტუვას გამოცდილება ამ სფეროში. საქართველოში ბევრი მცირე და საშუალო ზომის კოოპერატივია. ეს კარგია, რადგან მეფუტკრეთა შორის კოოპერაცია მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მეტი უნდა გააკეთოს მეფუტკრეთა კოოპერაციისთვის. თუ ოფიციალური ფორმით მეფუტკრეთა კოოპერაცია არ გამოდის, შესაძლებელია, ისინი ამხანაგობების სახით გაერთიანდნენ, რომ პროდუქციის კონსოლიდაცია მოხდეს. რადგან უცხოეთის ბაზარზე შემსყიდველები, როგორც წესი ითხოვენ თაფლის მიწოდებას, მინიმუმ 20 ტონის მოცულობით.
ქართულ ალპურ თაფლს კარგი შანსები აქვს ევროკავშირში. ასევე, შესაძლებელია სხვა სახეობის თაფლის ექსპორტიც. მაგრამ თაფლის რაოდენობა არის ნომერ პირველი ამოცანა”, -ამბობს eugeorgia.info - თან საუბრისას ვირგილიუს სკულსკისი.
„ქართულ თაფლს დიდი პერსპექტივა აქვს, რადგან უნიკალური თვისებები გააჩნია. რადგან მთიანი რეგიონები ყველაგან არ არის. საჭიროა მეტი რაოდენობით წარმოება, რადგან უცხოეთში მოთხოვნა თაფლის დიდ პარტიებზეა. ერთი პარტიის მოცულობა 20 ტონაზე ნაკლები არ უნდა იყოს. საკმარისი რაოდენობით თაფლი სხვადასხვა კოოპერატივისგან შეიძლება შეგროვდეს, მაგრამ თაფლი ერთგვაროვანი უნდა იყოს. ამისთვის მისი გადამუშავება უნდა მოხდეს”, - ამბობს eugeorgia.info-თან საუბრისას ტაუტვიდას ბლოზნელისი.
ლიტველი მწარმოებლები თაფლის ანალიზს გერმანიაში ატარებენ. ლიეტუვას საკუთარი, კარგად აღჭურვილი, თანამედროვე ლაბორატორია აქვს, მაგრამ ნიმუშები მაინც გერმანიაში მოწმდება. როგოროც ლიტველმა სპეციალისტებმა თქვეს, იმის გამო, რომ გერმანული ლაბორატორიები უფრო სანდო და კვალიფიციურია.
„როგორც აქ გავიგე, საქართველოდან თაფლის ნიმუშები ანალიზისთვის ლატვიაში, რიგის ლაბორატორიაში იგზავნება. რატომ გაუგებარია. რატომ არ უტარდება ნიმუშებს ანალიზი უფრო სანდო გერმანულ ლაბორატორიაში, როცა მომსახურების ფასები ერთიდაიგივეა?”, - კითხულობს ვირგილიუს სკულსკისი.
როგორც ცნობილია, საქართველოში ფერმერები ფუტკრის დაავადებების წინააღმდეგ კვლავაც იყენებენ ანტიბიოტიკებს, რაც ლიტველი სპეციალისტები დაუშვებლად მიაჩნიათ.
„ანტიბიოტიკების პრობლემას ჩვენთან აკრძალვით გაუმკლავდნენ. ანტიბიოტიკებთან ტოლერანტობა არ შეიძლება, რადგან ევროკავშირი ამ მედიკამენტებით დაბინძურებულ თაფლს არ მიიღებს, ეს გამორიცხულია. ქართველ მეფუტკრეებს თუ უნდათ თაფლი ევროკავშირში გაყიდონ, ეს უნდა იცოდნენ. ეს გზა ლიეტუვაში მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ ამ პრობლემის შესახებ უკვე დავივიწყეთ. ჩვენი მეფუტკრეები იყენებენ მედიკამენტებს დაავადებებთან საბრძოლველად, მაგრამ არა ანტიბიოტიკებს. შესაძლოა, გარდამავალ პერიოდში მეფუტკრეებს გარკვეული დანაკარგები ჰქონდეთ, მაგრამ სხვა გზას უბრალოდ არ არსებობს”- ამბობს ვირგილიუს სკულსკისმა.
„არის ქვეყნები, რომლებიც საზღვარზე უშვებენ თაფლს, მცირე ოდენობის ნარჩენებით, მაგრამ ევროკავშირში ეს დაუშვებელია. მაგ, იაპონიას აკრძალული ნივთიერებების კიდევ უფრო დიდი ჩამონათვალი აქვს, ვიდრე ევროკავშირს, მაგრამ ანტიბიოტიკები მათთვისაც მიუღებელია. ფერმერები ანტიბიოტიკებს ჩვენთანაც უმეტესად პროფილაქტიკის მიზნით იყენებდნენ და მისი შეწყვეტის შემდეგ შეამჩნიეს, რომ უარყოფითი ეფექტი დიდი არ ყოფილა. მნიშვნელოვნად მეტი ფუტკარი არ დახოცილა და დაავადებულა. ლიეტუვაში ასეთი კანონია, თაფლში ანტიბიოტიკი მცირე რაოდენობითაც თუ აღმოჩნდება, მწარმოებელმა უნდა ამოიღოს ქსელიდან პარტია მთლიანად და თუ გაყიდა ამის შესახებ უნდა აცნობოს მომხმარებელს”,- ამბობს ტაუტვიდას ბლოზნელისი.
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.