რა ღირს ჟოლო მსოფლიო ბაზარზე
სპეციალისტების პროგნოზი: ფასი მხოლოდ მაღალხარისხიან კენკრაზე გაიზრდება
საქართველოში კენკრის მოკრეფა დაიწყო. ფერმერებმა მარწყვის პირველი მოსავალი გაყიდეს. როგორც ამბობენ, რეალიზაციის პრობლემა არ ჰქონიათ, რადგან კენკრის ამ სახეობაზე ადგილობრივ ბაზარზე დიდი მოთხოვნაა და საშუალო ფასიც შესაბამისად მაღალი. რამდენიმე დღეში ისინი უკვე ჟოლოს, მაყვლისა და მოცვის მოკრეფას დაიწყებენ.
წინასწარი პროგნოზით, ადგილობრივ ბაზარზე კილოგრამი ჟოლოსა და მაყვლის გაყიდვას ისინი 3-3,5 ლარად ვარაუდობენ, რაც ახლოსაა შარშანდელ ფასებთან.
კენკრის ძირითადი შემსყიდველები ადგილობრივი დისტრიბუტორები იქნებიან. თუმცა, ფერმერებისგან კენკრის შესყიდვას საერთაშორისო დისტრიბუტორებიც გეგმავენ, რომლებიც ხილს ექსპორტზე უმეტესად გალფ-ის ქვეყნებში გაიტანენ. ევროპაში, აშშ-სა და ისრაელში კენკრის გაყიდვას გეგმავს კომპანია „გლენბერი”, რომელსაც სამაცივრე მეურნეობა ქარელის მუნიციპალიტეტში აქვს. ის გასულ წელს კენკრის ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველი იყო. კომპანიის მფლობელი რაფაელ მაღალაშვილი ამბობს, რომ წელს კენკრა იაფად უნდა იყიდოს, რადგან მსოფლიო ბაზარზე დაბალი ფასებია. როგორც მან მოიძია, 125 გრამიან კონტეინერში დაფასოებული ჟოლო 70 ცენტი ღირს, კილოგრამი -5,60 დოლარი. ეს არის ფასი, სანამ ბაზარზე უკრაინიდან და პოლონეთიდან ჟოლოს დიდი მოცულობა შემოვა. სეზონის პიკზე კი საბითუმო ფასი კიდევ უფრო დაეცემა. „გლენბერს” უცხოელი კლიენტები 125 გრამ მაყვალში 50 ცენტს სთავაზობენ, კილოგრამში 4 დოლარს.
რამდენს გადაუხდიან ფერმერებს საერთაშორისო დისტრიბუტორები კენკრაში, ეს მსოფლიო ბაზრის ფასებზე იქნება დამოკიდებული. რა ეღირება ამ სეზონზე ჟოლო, მაყვალი და მოცვი, ზუსტი ციფრების დასახელება უცხოელ ექსპერტებს უჭირთ, თუმცა, გარკვეული პროგნოზები მაინც არსებობს.
როგორც ცნობილია, გასულ წელს საერთაშირისო ბაზარზე განსაკუთრებით ჟოლო გაიაფდა, რაც ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში პოლონეთში, სერბეთსა და უკრაინაში ჭარბი მოსავლით იყო გამოწვეული.
2017 წელს უკრაინაში ჟოლოს ფასი 2-ჯერ და მეტად დაეცა და კილოგრამის საბითუმო ფასი - 0,7 დოლარის ფარგლებში იყო. ამან მძიმე დარტყმა მიაყენა წარმოებას. ფერმერებმა ჟოლოს პლანტაციების ჩანაცვლებაზე დაიწყეს ფიქრი. 2018 წელს ჟოლოს ფასები ისევ დაეცა და კილოგრამი 0,33 დოლარადაც კი იყიდებოდა, თვითღირებულების ფასად. ბევრი ფერმერისთვის ჟოლოს მოყვანა ზარალიანი გახდა. უკრაინელ ექსპერტებს ჟოლოს ფასების ვარდნის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სამაცივრე დანადგარების სიმცირე მიაჩნიათ. როგორც უკრაინული პრესა წერს, ვინც ინვესტიცია სამაცივრე მეურნეობაში დააბანდა, კარგი შემოსავალი მიიღო, რადგან ნედლეული ბევრი იყო, ხოლო ფასი დაბალი. დარგის სპეციალისტების შეფასებით, კენკრის გაყინვა ინვესტირებისთვის კარგი ნიშაა, თუ მწარმოებელი ნედლეულით სამაცივრე მეურნეობის უზრუნველყოფას და შემდეგ მზა პროდუქტის მარკეტინგს სწორად დაგეგმავს.
ჟოლოს ნარგავები შემცირდა 2017-18 წლებში სერბეთშიც. ასეთივე ტენდენცია იყო ბოსნია-ჰერცეგოვინაში. საგრძნობლად შემცირდა წარმოება პოლონეთში, რომელმაც ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი უკრაინული და სერბული ჟოლოს რეექსპორტის ხარჯზე შეინარჩუნა.
მაგალითად, სერბეთმა 2018 წელს ჟოლოს და მაყვლის ექსპორტიდან 261 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მსოფლიო ბაზრის მთლიანი მოცულობის 29%-ია. თუმცა, სერბეთის შემოსავლები წინა წლებში უფრო მეტი იყო. ამ დროს, საექსპორტო პროდუქცია მოცულობაში გაზრდილი იყო და 2018 წელს 135 ათას ტონას აღწევდა(2014 წელთან შედარებით 40 ათასი ტონით მეტი). სერბეთმა წინა წლებში ცოცხალი ჟოლოს ექსპორტის თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწია, რასაც შეეძლო ფასების და შემოსავლების ზრდა გამოეწვია.
ასეთი ვითარებაა უმთავრეს ევროპელ ექსპორტიორ ქვეყნებში, რაც ცხადყოფს, რომ 2019 წელს ევროპაში ჟოლოს წარმოება საგრძნობლად შემცირდება. ანალიტიკოსები, წარმოების შემცირების პარალელურად, წელს ჟოლოს ნარგავების ფართობის კლებას პროგნოზირებენ.
მსოფლიო ბაზარზე კვლავ მაღალია მოთხოვნა მაყვალზე. 125 გრამი მაყვლის საშუალო ღირებულება 2-2,5 ევროა. რაც საკმაოდ მაღალი ფასია. ბაზარზე ბევრი იაფი მაყვალია, მაგრამ მისი ხარისხი ყოველთვის კარგი არ არის.
გასულ თვეში უკრაინაში მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნების- სერბეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინას და პოლონეთის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც გაყინული ჟოლოს მსოფლიო ექსპორტის დაახლოებით 70%-ს ქმნიან. ამ შეხვედრაზე განხილვის თემა ჟოლოს წარმოებისა და გადამუშავების მიმართულებით მათ ქვეყნებში შექმნილი კრიტიკული სიტუაცია იყო. ისინი განიხილავდნენ შესაძლო ვარიანტებს, როგორ შეიძლება გაიზარდოს საერთაშირისო ფასები გაყინული ჟოლოზე. მათი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ჟოლოზე ფასის გაზრდა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, მეორე მხრივ, აღნიშნავენ, რომ დაბალმა ფასებმა ჟოლოს პოპულარობას ხელის შეუწყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, სადაც ეს კენკრა არ მოდის. ამ ქვეყნების ხარჯზე, მსოფლიო მოთხოვნა ჟოლოზე უკვე გაიზარდა, ხოლო მიწოდება სავარაუდოდ, შემცირდება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს გარემოება გაყინული ჟოლოს ფასების ზრდაზე დადებითად იმოქმედებს. ექსპორტიორების ნაწილი ფიქრობს, რომ პროდუქციის გაძვირება წარმოების ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე უნდა მოხდეს. ასევე, აღნიშნავენ, რომ უნდა დაიხვეწოს შენახვის ტექნოლოგიები, რაც უზრუნველყოფს ცოცხალი კენკრის ექსპორტის მოცულობის გაზრდას, რომელიც უფრო ძვირადღირებული პროდუქტია გაყინულ ხილთან შედარებით.
ამჟამად ევროპის ბაზარზე გაყინული ჟოლოს საშუალო საექსპორტო ფასი 1,4-დან 2 დოლარამდე მერყეობს. ამ დროს, კილოგრამი ცოცხალი ჟოლო 3-4 დოლარი ღირს. ხოლო ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში შეიძლება 10-12 დოლარად და მეტადაც გაიყიდოს.
პოლონეთი ფასების ზრდის ერთადერთ გზას წარმოების შემცირებაში ხედავს. ისინი მოუწოდებენ სხვა ქვეყნებსაც, რომ კენკრის ბიზნესი სწორად დაგეგმონ, რადგან ჭარბი წარმოებით ყველა ზარალდება. პოლონეთში მიიჩნევენ, რომ აქცენტი ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე უნდა გაკეთდეს, რაზეც მოთხოვნა ყოველთვის არის და ფასიც შესაბამისად, მაღალია. აგრეთვე, უნდა მოხდეს სრული ჯაჭვის კონტროლი - ნერგიდან პროდუქტის გაყინვამდე.
ხოლო უკრაინელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მწარმოებლებმა და ექსპორტიორებმა ყურადღება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისკენ უნდა მიმართონ. უკრაინაში ფიქრობენ, რომ მათ ამ ქვეყნების ათვისება გადაარჩენთ, რადგან ამ რეგიონში ვაჭრობის გააქტიურება კენკრის ფასების ზრდას გამოიწვევს. დარგის სპეციალისტების პროგნოზის მიხედვით, მომდევნო 20 წელი მოხმარების ზრდის ⅔ -ს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები დაიკავებს. ამ რეგიონში ჟოლო არასდროს მოჰყავდათ, თანაც, ჯანსაღი კვების პოპულარობის ხარჯზე მოთხოვნა კენკროვან ხილზეც იზრდება. ამ დროს, გაყინული კენკრის იმპორტი ამ ქვეყნებში ჯერ კიდევ ძალიან დაბალია. ამ რეგიონი მომხმარებლები ყიდულობენ ცოცხალ ჟოლოს და თვითონ ყინავენ. მათ არ აქვთ ინფორმაცია, რომ პირდაპირ გაყინული კენკრის ყიდვა ბევრად იაფად შეუძლიათ.
როგორც ცნობილია, უკრაინა ევროპაში გაყინული ჟოლოს ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, ჩამორჩება მხოლოდ სერბეთს, პოლონეთსა და ბოსბნია-ჰერცეგოვინას. უფრო მეტი მოცულობით გააქვს ექსპორტზე ჟოლო ჩილეს და ჩინეთს. თუმცა, ბოლო დროს უკრაინიდან გაყინული ჟოლოს ექსპორტი ჩინეთის მაჩვენებელს გაუტოლდა. ბოლო 2 წელია, უკრაინა ყველაზე იაფად აწვდის ჟოლოს ბაზარს, რაც მსოფლიო ფასების კლებას იწვევს.
ჟოლოს ფასების პროგნოზი
ზუსტად რა ფასი ექნება ჟოლოს, ამის თქმა ანალიტიკოსებს უჭირთ, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ის წელს 2017 წლამდე არსებულ დონეს დაუბრუნდება. ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ ფასი მხოლოდ მაღალხარისხიან პროდუქტზე გაიზრდება. ჟოლოს ფასები საკმაოდ ცვალებადია და მის ხარისხზეა დამოკიდებული.
მიმდინარე სეზონზე ჟოლოს საერთაშორისო ფასებზე სავარაუდოდ იმოქმედებს მისი სიმცირე სერბეთში, სადაც მოსავლის დიდი ნაწილი თოვლმა, სეტყვამ და ქარიშხალმა დააზიანა. უამინდობასთან ერთად ჟოლო დაავადებებმა გააფუჭა. როგორც ამბობენ, მოსავალი 50-70%-ითაა შემცირებული. სერბმა ფერმერებმა შარშანდელი დაბალი ფასისა და მცირე შემოსავლების გამო, წელს დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებებზე ეკონომია გააკეთეს და მათ წინააღმდეგ სერიოზული ღონისძიებები აღარ ჩაატარეს, რამაც მოსავლიანობა შეამცირა. როგორც სერბეთის პრესა წერს, სტიქია იმდენად დიდი იყო, რომ მთავრობამ გადაწყვიტა ჟოლოს და მარწყვის მწარმოებლებს კენკრის გაშენებაში დახარჯული თანხის 65%-ს აუნაზღაუროს.
უცხოელი ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სერბეთმა მოსავლის მესამედიც თუ დაკარგა, ეს მიუთითებს, რომ გაყინულ ჟოლოზე უფრო მაღალი ფასებია მოსალოდნელი.
იმ შემთხვევაში, თუ ჟოლოს წარმოება ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში შემცირდა, ამ სეზონს ფასებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. წარმოების შემცირებამ მსოფლიო ფასების ზრდას უნდა უბიძგოს, რამაც კენკრის გაძვირება უნდა განაპირობოს.
თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მსოფლიო ბაზარზე ჟოლოს შესაძლო გაძვირება მომავალში ამ ბიზნესის მომგებიანობის გარანტიას არ იძლევა. ხოლო ვინც საკუთარი ბრენდის შექმნაზე ზრუნავს, მარკეტინგულ სამუშაოებს ატარებს, ის უცხოეთის ქვეყნებში პარტნიორს იოლად იპოვის. ასეთი მწარმოებლები წელსაც კარგ შემოსავალს მიიღებენ, თუნდაც, კენკრის მსოფლიო ფასები არ გაიზარდოს.