საქართველოში მოცვის დეფიციტია
ფერმერებმა ლურჯი კენკრა დაკრეფამდე გაყიდეს
ფერმერებს წლევანდელი მოსავალი, უკვე გაყიდული აქვთ,მათ შორის ისიც, რაც ჯერ შემოსული არ არის. ჯერ მხოლოდ საადრეო მოცვი დაიკრიფა და თითქმის მთლიანად ექსპორტზე გავიდა. დიდი ნაწილი რუსეთში გაიყიდა, სადაც წელს ლურჯ მოცვზე დიდი მოთხოვნაა, ნაწილი ევროპაში, ნაწილი კი გალფ-ის ქვეყნებში გაიტანეს. ფერმერები კილოგრამ მოცვს ბაღიდან 5-6 დოლარად ყიდდნენ, რაც მსოფლიო ბაზრისთვის საკმაოდ იაფი აღმოჩნდა. ექსპორტიორებს კენკრის ამ სახეობის გაცილებით დიდი მოცულობით შეძენის სურვილი აქვთ, მაგრამ საკმარისი მოცვი ბაზარზე ამჟამად არ არის.
მოცვის დეფიციტი დიდ წილად რუსეთიდან გაზრდილმა მოთხოვნამ შექმნა. რუსეთი მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული და მოცვის ფასიც გაცილებით მაღალია, საქართველოსთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ძვირი.
რუსეთში ლურჯი მოცვი ძირითადად მაროკოდან შეაქვთ, სადაც მოსავალი დასრულდა. მეორე მიმწოდებელ ქვეყანაში-სერბეთში კი მოცვის კრეფა ჯერ არ დაწყებულა. სეზონებს შორის ჩავარდნის გამო ბაზარზე ივნისის თვეში მოცვის დეფიციტი გაჩნდა და მისი ნაწილობრივ შევსება იმპორტიორებმა საქართველოდან დაიწყეს.
ქართული მოცვი წელს უკრაინაშიც გაიტანეს- კილოგრამი დაახლოებით 6 დოლარად. ამ პერიოდში უკრაინაში საკუთარი მოსავალი ჯერ ცოტა იყო, ამიტომ კილოგრამის ფასი 10-დან 17 დოლარამდე მერყეობდა, ქართულ მოცვთან შედარებით 2-ჯერ ძვირი, ამიტომ საქართველოდან იმპორტი მომგებიანი იყო. მოცვის მოსავლის აღება დაიწყო უკრაინაში. როგორც სპეციალისტები ამბობენ, უკრაინაში მოცვის კრეფა ივნისის ბოლოს დაიწყება და ფასიც შემცირდება.
მოცვის საექსპორტო ფასზე იმოქმედა ყინვებმა პოლონეთში, რამაც მოსავლის დიდი დანაკარგები გამოიწვია. ამჟამად ევროპაში კილოგრამი მოცვის ფასი 10-11 ევროს ფარგლებშია.
მოსავალი მთლიანად გაყიდული აქვს კომპანიას “ლურჯი ველი”, რომელსაც მოცვის ბაღი ოზურგეთში აქვს. ნაწილი ადგილზე გაყიდეს, ნაწილი კი ევროპაში ექსპორტზე თვითონ გაიტანეს.
„წელს კარგი მოსავალი გვაქვს, ჩვენი ბარებიდან დაახლოებით 60-70 ტონა მოცვს ველოდებით. პროდუქტი ძალიან სწრაფად იყიდება. ერთი საცდელი პარტია ევროკავშირში, კერძოდ, გერმანიაში გავგზავნეთ. თუ მათი მხრიდან დადებითი გამოხმაურება იქნება, ექსპორტი გაგრძელდება. შესაძლებელია იტალიაშიც გავიტანოთ. კიდევ ერთ პარტიას პოლონეთისთვის ვამზადებთ. ამჟამად მათთან დეტალებზე ვთანხმდებით. ჩვენი მოცვი მიაქვთ რუსეთშიც. რუსეთიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა და როგორც ჩანს, ის ადგენს საბაზრო ფასსაც. ჩვენი პროდუქტი 6 დოლარად იყიდება. ეს ფასი ჩვენთვის საინტერესოა. სამომავლოდ რეალიზაციის პროგნოზირება რთულია, მაგრამ მოცვზე მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე მუდმივად მზარდია და ფასების კლებასაც არავინ ელის,”- ამბობს eugeorgia.info-თან საუბრისას ლევან ლებანიძე „ლურჯი ველის” დამფუძნებელი.
მოსავალი წინასწარ უკვე გაყიდული აქვს შპს „აგრო +”-საც. კომპანიას ლურჯი მოცვი 15 ჰექტარზე აქვს გაშენებული. კომპანიის ხელმძღვანელი, ფერმერი, ალექსანდრე იოსებაშვილი ამბობს, რომ, ისევე, როგორც შარშან, კომპანიამ მოსავლის დაახლოებით დიდი ნაწილი შპს „აგროლეინს” მიჰყიდა, რომელიც მოცვს საკუთარ სამაცივრე მეურნეობაში ინახავს, ცოცხალი ხილის ნაწილი კი გასაყიდად საქართველოში არსებულ დიდ სუპერმარკეტებში შეაქვს.
„წელს კილოგრამი მოცვი 8-დან 15 ლარამდე ფარგლებში იყიდება, გააჩნია სეზონს. შარშანდელთან შედარებით ფასი ცოტა გაიზარდა, რადგან მოთხოვნა მეტია. გარდა ამისა, ჩვენი მოცვი კარგი ხარისხისაა და გემოც საუკეთესო აქვს. . ჩვენთან უფრო საადრეო იყო და მოთხოვნაც ამან გაზარდა. მალე უკრაინაში, ბალკანეთში შემოდის მოცვი, რაც ფასზე იმოქმედებს.
მოსავლის 80% პარტნიორ კომპანია „აგროლეინს” მივყიდეთ, რომელსაც სამაცივრე მეურნეობა აქვს. წელს რუსეთიდან ბევრი ზარი იყო, მაგრამ გასაყიდი მოცვი უკვე აღარ მაქვს.
-მომავალში თავად ხომ არ გეგმავთ ექსპორტს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში?
-მაცივარი არ მაქვს, სადაც მოკრეფილ მოცვს შევინახავ, ამიტომ იძულებული ვარ, კომპანიას ჩავაბარო. როცა მაცივარი მექნება, შევინახავ და მერე თვითონ გავყიდი. სადაც კარგი ფასი ექნება, იმ ქვეყანაში გავყიდი. დღეს კენკრის მომყვანი ფერმერი ყველაზე ნაკლებ შემოსავალს იღებს. ვინც ჩვენგან ყიდულობს და შემდეგ სავაჭრო ქსელში ყიდის, მას მეტი მოგება რჩება. ახლა USAID-ის პროგრამაში გვინდა მონაწილეობა, რომელიც სამაცივრე მეურნეობების თანადაფინანსებას ითვალისწინებს. სამაცივრე მეურნეობა გავაკეთებთ და შევინახავთ მოსავალს, რომ არ გაგვიფუჭდეს. შარშან პოლონეთში ვიყავი, შევხვდი კომპანიებს, რომელიც დაინტერესებულები იყვნენ ქართული მოცვის გატანით. ჩვენი მოცულობა რომ ვუთხარი, ცოტაა, მაგისთვის მუშაობა არ გვიღირსო,-ასე გვითხრეს. როცა მოსავალი მოიმატებს, უცხოელების მხრიდან დაინტერესებაც გაიზრდება. გარდა ამისა, მოცვის ექსპორტზე გასატანად GLOBAL GAP-ის სტანდარტი მოგვთხოვეს. ამის გაკეთება საქართველოში იოლი არ არის. უკვე ვიწყებთ მუშაობას GLOBAL GAP-ის მისაღებად. მაგრამ ძალიან ბევრი მოთხოვნაა შესასრულებელი. ჩვენი სახელმწიფო არაა მზად, რომ ფერმერებმა ეს სტანდარტი მიიღონ. ამ მიმართულებით ქვეყანაში უამრავი პრობლემაა. მაგალითად, შხამქიმიკატს უნდა ეწეროს კონკრეტულად მოცვისთვის რამდენია დოზირება. სახელმწიფო ამას არ არეგულირებს. ევროპელები ითხოვენ, რომ ეს ჩანაწერი დოკუმენტებში აუცილებლად უნდა იყოს. შემდეგ შხამქიმიკატების შემცველობა რომ დაადგინოს, ფერმერმა ტესტირება გაუკეთოს ხილს და ამისთვის ფული უნდა გადაიხადოს.
P.S. ლურჯი მოცვის წარმოებაში მსოფლიო ლიდერი ამჟამად არის ჩილე. მეორე პოზიციას პერუ იკავებს. ამ ქვეყნებში მოცვის ბაღების გაშენებამ დიდი მასშტაბები შეიძინა და მოსავალიც ყოველწლიურად იზრდება. ამ ქვეყნებიდან შეტანილი მოცვის რეალიზაცია ამერიკის და ევროპის ბაზარზე წინა სეზონთან შედარებით გაორმაგებულია. მსხვილი ექსპორტიორები გახდნენ არგენტინა და კოლუმბია.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.