ვინ იყიდის ქართულ მაყვალს?
საქართველოში უეკლო მაყვლის კრეფა დაიწყო. პირველ მოსავალს კახეთში აიღებენ, სადაც მაყვალი ყველაზე ადრე შემოდის. ივლისში მაყვალი შიდა ქართლშიც შემოვა. წელს კენკრის კარგი მოსავალია, იმ ბაღების გარდა, სადაც ნარგავები დაისეტყვა.
წელს უეკლო მაყვლის პირველი დიდი მოსავალი უნდა დაიკრიფოს, რადგან ბოლო დროს გაშენებული მაყვლის ნარგავების უმრავლესობა მსხმოიარობაში სწორედ ახლა შევიდა. წელს გამოჩნდება, რამდენად ღირს კენკრის ამ სახეობის მოშენება. საქართველოში მოყვანილ მაყვალს ჯერ არც საექსპორტო ბაზრებისკენ აქვს გაკვალული გზა. სხვა კენკროვანებისგან განსხვავებით ექსპორტზე მომუშავე კომპანიებს ამ მიმართულებით ნაკლები გამოცდილება აქვთ. ფერმერებმა უკვე დაიწყეს ფიქრი, სად გაყიდიან მოსავალს, რომელიც მომავალ წლებში კიდევ მოიმატებს.
რა იქნება წელს უეკლო მაყვლის ფასი, ამის თქმა მწარმოებლებს უჭირთ. ეს მოსავლის რაოდენობაზე და მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული. სხვა კენკრასთან შედარებით, მაყვალზე მოთხოვნა ქვეყნის შიგნით შედარებით მცირეა. კენკრის ამ სახეობის ძირითადი შემსყიდველები ექსპორტიორები არიან. სწორედ ექსპორტზე იქნება დამოკიდებული მაყვლის ფასი. შარშან კილოგრამი უეკლო მაყვლის საშუალო ფასი 2,5-3 ლარის ფარგლებში იყო. მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ წელს მოსავლის რეალიზაციას უფრო ხელსაყრელ ფასად შეძლებენ.
„ექსპორტზე ჯერ სატესტო პარტია გაიგზავნება. თუ ჩვენი მაყვლის ხარისხი დააკმაყოფილებთ, ამის შემდეგ დავიწყებთ ფასზე შეთანხმებას. მყიდველმა ჯერ უნდა ნახოს, რა პროდუქტს მივაწვდით. წელს ახალი მყიდველი გამოჩნდა, რომელიც ჟოლოს და მაყვალს დუბაიში გაიტანს. არის სხვა კლიენტიც. იმედი გვაქვს, რომ წელს კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის წევრ ფერმერებს მოსავალი გაუყიდავი არ დარჩებათ. შეთანხმება ასეთია, რომ კენკრა კონტეინერებსა და ყუთებში უნდა ჩავალაგოთ და მათ მაცივრებით მივუტანოთ. ამიტომ ჩვენზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა იქნება. მაგრამ ყველა ეს დანახარჯი ფასში შევა. ექსპორტიორი ამბობს, რომ დანახარჯის ანაზღაურების დროს ცენტებზე და ერთ დოლარზეც კი საუბარი არ იქნება. ერთი დოლარით მეტის გადახდა კი ფერმერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - ამბობს ელისო ღვინიაშვილი, ფერმერი, კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენელი.
ყვარელში ფერმერ ნანა ქანდაურიშვილს უეკლო მაყვალი 8 ჰექტარზე აქვს გაშენებული. ფერმერი წელს დიდ მოსავალს ელოდება და მისი ექსპორტზე გატანის იმედი აქვს.
„შარშან მაყვლის გაყიდვა 5-6 ლარით დავიწყეთ. სეზონის პიკზე მისი ფასი 2,80-3 ლარზე ქვემოთ არ ჩამოსულა. წელს მოვიდა ექსპორტიორი, რომელმაც მაყვალი დუბაიში უნდა გაიტანოს. სხვას არ მისცეთო, მითხრეს, მაგრამ ფასზე ჯერ არ შევთანხმებულვართ. მომავალ წელს უეკლო მაყვალი კიდევ 6 ჰექტარზე დაემატება და მაცივარი ან გადამამუშავებელი საწარმო აუცილებლად დამჭირდება”,- ამბობს ნანა ქანდაურიშვილი.
სფერო სტატისტიკის გარეშე
რა რაოდენობის კენკრის მოსავალი იქნება წელს საქართველოში, უცნობია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპროგნოზო მონაცემები არ აქვს. ასევე, არ არსებობს ზუსტი ციფრები, რა ფართობზეა ქვეყანაში კენკრა გაშენებული. ამის მიზეზად უწყებაში დაურეგისტრირებელი მიწების პრობლემას ასახელებენ. როგორც ცნობილია, საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული, მათ შორის არის ის ნაკვეთებიც, სადაც კენკრაა გაშენებული. შესაბამისად უცნობია, რა ფართობი უკავია მაყვალს და წლიურად რა ოდენობის მოსავალს ვიღებთ.
ბოლო სტატისტიკა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს, 2017 წელს შეხება და მხოლოდ მიახლოებული მაჩვენებელია. 2017 წლის ბოლოსთვის კენკროვან კულტურებს საქართველოში ეკავა დაახლოებით 2160 ჰექტარი, აქედან ფართობების 61% მოდიოდა მარწყვზე (1310 ჰა), 21% ჟოლოზე (458 ჰა), 9% მოცვზე (205 ჰა), 7% მაყვალზე (147 ჰა), ხოლო 2% სხვა კენკროვან კულტურებს ეკავა. კახეთის რეგიონი ლიდერია მაყვლის ფართობებით. ამ რეგიონზე კულტივირებული მაყვლის ფართობების 30% მოდის.
როდესაც არ არსებობს ზუსტი სტატისტიკური მაჩვენებლები, ბუნებრივია, რთულია იმის განსაზღვრა, კენკრა დეფიციტურია თუ ქვეყანაში ჭარბი მოსავალი გვაქვს. თუ მთავრობისთვის უცნობია საპროგნოზო მაჩვენებლები, შეუძლებელი იქნება მოსავლის სიჭარბის შემთხვევაში ფერმერების ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვაც- როგორ და რა სახით დაეხმარება მთავრობა ფერმერს მოსავლის რეალიზებაში, სექტორში რა პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი და ა.შ. ბუნებრივია, რომ ამ ღონისძიებების წინასწარ დაგეგმვა, სტატისტიკური მონაცემების გარეშე, შეუძლებელი იქნება.
ბოლო წლების განმავლობაში მთვარობა ფერმერებს კენკრის გაშენებაში სახელმწიფო პროგრამებით ეხმარება. „დანერგე მომავალის” ფარგლებში კენკროვანი კულტურების (ლურჯი მოცვი; უეკლო მაყვალი; ჟოლო) გაშენებისთვის, 2015-2018 წლებში 6 მილიონ ლარზე მეტია გაცემული. თანადაფინანსების პროგრამით 169 ფერმერმა ისარგებლა და კენკროვანი ბაღები 560 ჰექტარზე გაშენდა. მომგებიანი ბიზნესი გახდა სანერგე მეურნეობის მოწყობაც. ნერგების გაყიდვით ბევრმა მეწარმეს კენკრის რეალიზაციაზე უფრო დიდი მოგება მიიღო.
ცოტა ხნის წინ ამ პროგრამის პირობები შეიცვალა და ახლა უკვე 0.15 ჰა-დან 0.5 ჰა-ს ჩათვლით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისთვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულება 100%-ით ფინანსდება..
კენკროვანი კულტურების გაშენება შესაძლებელია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში გარდა ქალაქებისა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი.
გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება სამაცივრე მეურნეობების მშენებლობა. ამ ეტაპზე საწარმოთა მართვის სააგენტოში დროებით შეჩერებულია განაცხადების მიღება. სააგენტოს ინფორმაციით, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტში ცვლილებების (ფერმერთა და მეწარმეთა საჭიროებასა და მოთხოვნილებებზე ადაპტირებული პირობების და შერჩევა/შეფასების კრიტერიუმების გამარტივება) შეტანა ხდება. წინასწარი ინფორმაციით, სამაცივრე მეურნეობებს 50%-ით სახელმწიფოს დააფინანსებს.
ვინ იყიდის ქართულ უეკლო მაყვალს?
მოსავლის რეალიზაციის პრობლემის წინაშე ზოგიერთი მწარმოებელი ჯერ კიდევ შარშან აღმოჩნდა. რეალიზაციის მოსალოდნელ პრობლემაზე სხვა ფერმერებიც საუბრობენ.
გიორგი კიკნაძე ფერმერია, რომელსაც უეკლო მაყვალი უფლისციხეში მოჰყავს. შარშან მოწეული კენკრა „გუდვილის” ქსელში შეიტანა. წელს მეტ მოსავალს ელოდება, ამიტომ შიშობს, რომ თუ მაყვალი ექსპორტზე არ გავიდა, ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაცია გაუჭირდება.
„მაყვლის კრეფას ივლისის ბოლოს ვიწყებთ. რამდენიმე კლიენტი უკვე დამიკავშირდა. მითხრეს, რომ 90 ტონამდე შეიძენენ, კილოგრამს 4 ლარად, მაგრამ რეალურად წაიღებენ თუ არა, ამის თქმა ჯერ ძნელია. ასე რეკავენ, მაგრამ მერე ბევრი აღარ ჩანს. 2017 -18 წლებში ქვეყანაში იმდენი მაყვალი გაშენდა, საქართველოს ბაზარი ვერ აითვისებს თუ ექსპორტზე არ გავიდა. ადგილობრივ ბაზარზე მისი გაყიდვა წარმოუდგენელია. შარშან მაყვალი ქარელში არსებულმა სამაცივრე საწარმომ ჩაიბარა, მაგრამ წელს რა იქნება?
თუ 2016-17 წელს კილოგრამი მაყვალი 4-5 ლარი ღირდა, 2018 წელს 2,5-3 ლარზე ჩამოვიდა. ფერმერებს, ვინც მაყვალი გააშენა, უფრო დიდი მოგების მიღების მოლოდინი ჰქონდათ. ახლა უკვე ფერმერი იმას ფიქრობს, მოსავალი გასაყიდი არ დარჩეს. კილოგრამში 2,5 ლარი რომ გადაგვიხადონ, მცირე მოგება დაგვრჩება, მაგრამ ჩვენი გათვლა სხვა იყო. კენკრას მეტი მოგება უნდა მოეტანა. ხოლო თუ ფასი 2 ლარი იქნება, არ გვაწყობს. 2019 წელს უფრო მეტი მოსავალი იქნება, და თუ ექსპორტზე არ გავიდა, ამ ფასსაც არ გადაგვიხდიან.
2016 წლიდან „გუდვილთან” ვთანამშრომლობ. მაგრამ წელს იმდენი მოსავალი მექნება, მარტო „გუდვილს” რომ ველოდო, მოსავალი გამიფუჭდება. გასაღების სხვა ბაზარიც მჭირდება. თანაც კონკურენცია გაიზარდა და შეიძლება „გუდვილს” მაყვალი სხვამაც შესთავაზოს. ბაღების გაშენება კარგია, მაგრამ მთავრობამ მის რეალიზაციაზეც უნდა იზრუნოს. ამავე დროს, სახელმწიფომ შოკური გაყინვის სამაცივრე მეურნეობების შექმნაზე უნდა იფიქროს. შემდეგ კი, ამ სამაცივრეებმა მოყვანილი კენკრა უნდა ჩაიბარონ. სახელმწიფომ ეს სამაცივრეები ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან დააფინანსა და რა გამოვა, რომ ფული ტყუილად გადავიხადეთ? რად გვინდა ეს საწარმოები თუ ვერ გამოვიყენეთ?! ეს არ არის სწორი. და კიდევ, როცა სამაცივრე მეურნეობები ბიუჯეტის ფულით კეთდება, მთავრობამ უნდა გააკონტროლოს, რომ არ დაიხუროს”,- ამბობს გიორგი კიკნაძე.
უეკლო მაყვლის შანსები ევროკავშირში
საქართველოდან ევროკავშირში ჯერ მაყვლის ექსპორტის პრეცენდენტი არ არსებობს, ამიტომ რთულია ჯერ იმის თქმა, რამდენად მოახერხებს ქართული მაყვალი ევროკავშირის ბაზარზე შეღწევას და დამკვიდრებას. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ლოჯისტიკის სწორად აწყობის შემთხვევაში, ქართულ მაყვალს შეუძლია ევროკავშირის ბაზრის ძირითად მოთამაშეებს კონკურენცია გაუწიოს.
ევროკავშირის ბაზარზე, ახალ მაყვალზე მოთხოვნა მზარდია. ის ხილისა და ბოსტნეულის ყველაზე სწრაფად მზარდ პროდუქტებში მეოთხე ადგილს იკავებს. ქართული მაყვალი მაღალი შაქრიანობით ხასიათდება და კარგი გემოვნური თვისებები აქვს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, შესაძლებელია, რომ როდესაც ესპანეთში მაყვლის მოსავალი მოილევა და სანამ სერბეთსა და პოლონეთში მოსავალი შევა სიმწიფეში, იმ პერიოდში ბაზარი ქართველმა ფერმერებმა მოამარაგონ.
ევროკავშირის ქვეყნებში ახალი მაყვლის მიწოდების ფასი საშუალოდ 12-14 ლარია, რაც საკმაოდ მიმზიდველია ქართველი ფერმერებისა და ექსპორტიორებისთვის. ახალი პროდუქტის გარდა, ევროკავშირის ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა გაყინულ მაყვალზეც. თუმცა, ფასი ახალ მაყვალთან შედარებით ბევრად დაბალია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თუ ქართული კომპანიები კილოგრამი მაყვლის საექსპორტოდ გამზადებას 3-4 ლარად შეძლებენ, მაღალი ხარისხის შემთხვევაში, ქართული გაყინული მაყვალი ევროკავშირის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნება.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.