„თაფლის ფალსიფიცირების წინააღმდეგ სახელმწიფო არაფერს აკეთებს”
მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც თაფლის შეტანა დაშვებულია, გაჩნდა მოლოდინი, რომ ევროპის ქვეყნებში ექსპორტი დაიწყებოდა. თუმცა, ევროპაში ქართული თაფლი მხოლოდ მცირე რაოდენობით გაიყიდა. ამის მიზეზად, პირველ რიგში, პროდუქციის არასაკმარისი რაოდენობა და თაფლის დაბალი ხარისხი სახელდება. თაფლის მწარმოებლები საფუტკრე მეურნეობის გაფართოებისა და ხარისხიანი პროდუქტის წარმოებისთვის საჭირო ფინანსების ნაკლებობას უჩივიან. ისინი არაერთ სხვა ხელისშემშლელ ფაქტორებზეც საუბრობენ. მეფუტკრეობაში არსებული პრობლემების შესახებ ალეკო პაპავას ვესაუბრეთ, რომელსაც მეურნეობა სენაკში აქვს და ამ სფეროში დიდი გამოცდილება დაუგროვდა.
-ბატონო ალეკო, თქვენ დიდი ხანია მეფუტკრეობის სფეროში ხართ და კარგად იცნობთ იმ პრობლემებს, რომელიც ადგილობრივ მწარმოებლებს აწუხებთ. თქვენი აზრით, ამ პრობლემებიდან რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სწრაფად მოგვარებას საჭიროებს?
-მოსაძიებელია ქართული თაფლის გაყიდვის ბაზარი. ქვეყანაში თაფლის 2 წლის მარაგია დაგროვილი, რომლის რეალიზაციას მეფუტკრეები ვერ ახდენენ. ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაბალია. თაფლი მათთვის ძვირი პროდუქტია და შესაბამისად, რეალიზაცია ჭირს. ამ მარაგს შიდა ბაზარი ვერ აითვისებს და საჭიროა ექსპორტზე გატანა. ამ საკითხზე სახელმწიფო არ ზრუნავს.
-სახელმწიფო თვითონ როგორ მოიძიებს თაფლის რეალიზაციისთვის ბაზარს?
-ევროპის მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის პროდუქტის მოძიება რომ მოხდეს ქვეყანაში. ევროკავშირს საქართველოსთვის 1400 ტონა თაფლის კვოტა აქვს გამოყოფილი. ამ კვოტის შესავსებად სახელმწიფო არაფერს აკეთებს. გერმანიაში საქართველოდან წელს დაახლოებით 20-30 ტონა თაფლია გატანილი.
გორში თაფლის გადამამუშავებელი საწარმო შარშან უნდა გახსნილიყო. ამდენი წელია ამ საწარმოზე ლაპარაკობენ, მაგრამ ჯერ არ გაკეთებულა. რას ელოდებიან არ ვიცი. თანაც, ამ საწარმოს მცირე სიმძლავრე აქვს. როგორც ამბობენ, მას მხოლოდ 2-ტონიანი 2 თაფლის ამრევი ექნება. ეს არის ზღვაში წვეთი. ეს საწარმო წელიწადში 100 ტონა თაფლის გადამუშავებას თუ მოახერხებს.
ქვეყანაში მთავრობამ ვერც თაფლის ხარისხის კონტროლი და ბაზრის ანტიბიოტიკებისგან გაწმენდა მოახერხა. არადა, ვიცით, რომ ევროპა ანტიბიოტიკებით დაბინძურებულ თაფლს არ მიიღებს. სულ 2-3 კაცია ქვეყანაში, რომელიც ანტიბიოტიკების გამოყენებას ემხრობა. მთავრობას კი ეს ხალხი კონსულტანტებად ჰყავს მიწვეული, ტრეინინგებს ატარებენ, სადაც მეფუტკრეებს ანტიბიოტიკების პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებას ურჩევენ.
ამ ადამიანების გამოთიშვით შეიძლებოდა საქმე წინ წასულიყო. მთავრობამ აკრძალა ანტიბიოტიკების შემოტანა, მაგრამ უკვე იმპორტირებულის რეალიზაცია 2021 წლამდე არის დაშვებული. 2 წელი ისევ იკარგება.
პრობლემას გვიქმნის ლაბორატორიული ანალიზების ხელმიუწვდომლობა. ლაბორატორიაში თაფლის პირველადი შემოწმება -ე.წ. სკრინინგ-მეთოდი 121 ლარი ღირს. თუ თაფლი დაბინძურებული აღმოჩნდა, მეორე ეტაპის შემოწმება 700 ლარამდე ჯდება. ამ თანხის გადახდა მეფუტკრეს არ შეუძლია. როგორც ცნობილია, რიგის ლაბორატორიაში ჩატარებული შემოწმება არადამაჯერებელია ევროპის ქვეყნებისთვის და ისინი გერმანიის და საფრანგეთის ლაბორატორიების დასკვნებს ითხოვენ. კარგი იქნება, სახელმწიფო დაეხმაროს მეფუტკრეს და ლაბორატორიული ანალიზის ხარჯების 50% მაინც დააფინანსოს. ყველას მწარმოებლის სუბსიდირებას არ ვითხოვთ. მხოლოდ მათ დაეხმაროს, 500 კილოგრამზე მეტს ვინც აწარმოებს.
-და თქვენ, თაფლის მწარმოებლები იმ რაოდენობით თაფლს შეაგროვებთ, რასაც ევროპა ითხოვს?
-დიახ. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ხარისხიანი თაფლის რაოდენობა გაიზარდოს და შეგროვდეს საექსპორტოდ. იმას მივაღწიეთ, რომ წარმოებული თაფლის 50%-მდე ანტიბიოტიკებისგან გაიწმინდა. ვმუშაობთ, რომ ამ რაოდენობას კიდევ 20% სუფთა თაფლი დაემატოს. ეს უკვე კარგი შედეგი იქნება. თანდათან ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიდის პროცესი.
ხელს გვიშლის თაფლის ფალსიფიკაცია, რომლის წინააღმდეგ სახელმწიფო არაფერს აკეთებს. ვერ უკეთებს მონიტორინგს უხარისხო პროდუქტს, რომელიც იყიდება ქუჩაში და მარკეტებში. მაღაზიების დახლებზე დევს პროდუქტი, რომელსაც წვრილი შრიფტით აწერია საკონდიტრო და დიდი ასოებით თაფლი. ამას მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. ეს საკონდიტრო დანიშნულების პროდუქტი შემოდის რუსეთიდან. ის შედარებით იაფია და მომხმარებელს ჰგონია, რადგან მარკეტში დევს, ხარისხიანი თაფლია. ამის კონტროლი არ ხდება. ჩვენ კიდევ საშუალება არ გვაქვს, რომ თაფლი ადგილობრივ სუპერმარკეტებში შევიტანოთ. დიდი თანხის წინასწარ გადახდას ითხოვენ. თანაც, მუდმივად უნდა მიაწოდო დაფასოებული და შესაბამისად ბრენდირებული. ეს ადგილობრივი მეწარმისთვის ძალიან რთულია. ამაშიც სჭირდება მეფუტკრეს ხელშეწყობა.
გარდა ამისა, სახელმწიფო ვერ ან შეგნებულად არ ახდენს საფუტკრე მეურნეობების ინვენტარიზაცია-აღწერას.
- მთავრობას რა ინტერესი აქვს, რომ არ მოხდეს საფუტკრეების აღწერა?
- რამდენი ხანია ამბობენ ამას, მაგრამ დაწყება არ ეღირსა. პირველ რიგში, უნდა მოხდეს საფუტკრე მეურნეობების ინვენტარიზაცია და შემდეგ პასპორტიზაცია. ბევრი უპატრონო, მიტოვებული საფუტკრეა, რომელიც დაავადების კერა ხდება. რეგიონებში არის სახელმწიფო საკონსულტაციო ცენტრებია, მაგრამ მათ საფუტკრეების რაოდენობის შესახებ არასწორი ინფორმაცია აქვთ. კოოპერატივების სააგენტომ მეფუტკრეებს სკების ნაცვლად რაღაც ყუთები რომ დაურიგა, ცარიელები ყრია ისიც. რისთვის გამოიყენა ეს ფული სახელმწიფომ, რატომ გაფლანგა? ამ თანხების მონიტორინგიც არ ხდება. უკეთესი იქნებოდა, ეს ფული ინვენტარიზაცია-პასპორტიზაციაზე დახარჯულიყო.
- სურსათის უვნებლობის სამსახური საფუტკრე მეურნეობებს არ ამოწმებს?
- ის ამოწმებს იურიდიულ პირებს, მაგრამ ფიზიკური პირის შემოწმების უფლება არ აქვს. არადა, ძირითადად ფალსიფიკაციას ფიზიკური პირები ახდენენ. ეს უნდა მკაცრად გაკონტროლდეს. შემოწმება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ევალებათ, მათ შორის იმ თაფლის, გზის პირებზე რომ ყიდიან, მაგრამ შედეგი არ არის. ფალსიფიკაციის კონტროლი უნდა მოხდეს, რომ ნატურალური პროდუქტის მწარმოებელს მიეცეს გასაქანი. რისთვის დაიხარჯა ამდენი თანხა ბიუჯეტიდან თუ ქვეყანაში არ გვექნება ხარისხიანი პროდუქტი, რომ ექსპორტზე გავიდეს ევროპაში?!
-სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირში არის აბსურდი...
- თვითონ რომ არ გააკონტროლეს ფალსიფიკაცია, თაფლის ხარისხი, მაგიტომ გახდა აბსურდი. მთავარი გასაკეთებელი ანტიბიოტიკების გამოყენების აკრძალვა იყო და ისიც 2021 წლამდეა გადავადებული. ევროპა სულ სხვა სახის პროდუქტს ითხოვს და ესენი სხვა რამეს აკეთებენ. ჩვენი თაფლი არის მაღალი ხარისხის. თაფლი გერმანიაში გაიტანეს ცოტა ხნის წინ, დიდი მოწონება დაიმსახურა და საკმაოდ მაღალი ნიშა დაიკავა. აუცილებელია, ჩვენი თაფლის უცხოეთისთვის გაცნობა, სახელის მოხვეჭა. საიდანღაც ხომ უნდა დავიწყოთ. ხანიშვილს თუ დავუჯერებთ, არაფერს აქვს აზრი და ყველაფერი დაკარგულია.
- როგორც ვიცი, მეფუტკრეობაში, ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებით, ვეტერინარების დეფიციტია...
- კვალიფიცირებული ვეტერინარების არ არსებობა ძალიან გვიშლის ხელს. არ ხდება ვეტერინარების გადამზადება. არადა, თითოეულ მუნიციპალიტეტში ერთი სპეციალისტი სრულიად საკმარისია. სულ 60-80 ვეტერინარი გვჭირდება ქვეყნის მასშტაბით. არიან ვეტერინარები მუნიციპალიტეტებში, მაგრამ ისინი უმეტესად მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში არიან სპეციალიზებული. მეფუტკრეობაში კი სულ სხვა დაავადებებია. ვეტერინარმა საფუტკრე უნდა დაათვალიეროს, დაავადებებზე ინსპექტირება მოახდინოს, განსაზღვროს, შეიძლება თუ არა ფუტკრის მთაბარობა, სხვა ადგილას გადაყვანა და სხვა. ამ საკითხზე შეხვედრა გვქონდა სამინისტროში. ამბობენ, კადრები არ გვყავსო. ჩვენ შევთავაზეთ, რომ კადრებს ჩვენ შევარჩევთ და სახელმწიფომ გადაამზადოს. ჯერ არაფერი ჩანს. სამინისტროში შექმნეს მეფუტკრეობის საბჭო, მაგრამ დღემდე მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარეს. თანაც ამ საბჭოში მარტო ერთი მეფუტკრეა, დანარჩენი სამინისტროს მუშაკები არიან, რომლებმაც რა პრობლემებია მეფუტკრეობაში არ იციან.
დღემდე არ შემუშავებულა დარგის განვითარების სტრატეგია. ამ მხრივ მხოლოდ ცალკეული მეფუტკრეები თუ ვსაუბრობთ, დანარჩენები, სახელმწიფოს ჩათვლით, დუმან. შეიქმნა თაფლის რეგლამენტი, რომელიც ევროპულიდან არის გადმოწერილი, და ბევრი საკითხი საქართველოს საერთოდ არ მიესადაგება. უნდა დაიწეროს სტრატეგია პრაქტიკოს ფერმერებთან კონსულტაციებით, სოფლის მეურნეობის სხვა დარგებთან - მემცენარეობასთან, მემინდვრეობასთან თანხვედრაში. როგორ განვითარდეს ეს დარგები ისე, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ.
ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.