კენკრის ექსპორტი გაიზარდა
ლოჯისტიკური და სხვა არაერთი პრობლემის მიუხედავად, წლევანდელ სეზონზე კენკრის ექსპორტი მაინც გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ცოცხალი კენკროვანების ექსპორტი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია. წელს 7 თვის განმავლობაში ძირითადი კენკროვანების - მარწყვის, ჟოლოს, მაყვლის და მოცვის ექსპორტმა 333 ტონა შეაგინა. შარშან ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაახლოებით 172 ტონა კენკრა გავიდა.
წელს ყველაზე დიდი ზრდა მარწყვის ექსპორტმა აჩვენა- 7 თვის განმავლობაში ქვეყნიდან ექსპორტზე 82,9 ათასი დოლარის ღირებულების, 147,1 ტონა მარწყვი გავიდა, რაც შარშანდელთან შედარებით 217%-ით მეტია. ზრდის თვალსაზრისით მეორე ადგილზე მოცვია- 184,6 ტონით, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 177%-ით აღემატება. მცირე მოცულობით გავიდა ექსპორტზე ახალი ჟოლო - სულ 800 კილოგრამი, შარშან ანალოგიურ პერიოდში ჟოლოს ექსპორტი სულ რაღაც 100 კილოგრამი იყო. ყველაზე მცირე მოცულობით წელს ქვეყნის გარეთ მაყვალი გაიყიდა- 100 კილოგრამი. შარშან ანალოგიურ პერიოდში მაყვლის ექსპორტი საერთოდ არ განხორციელებულა.
კენკრის საექსპორტო ფასი
საინტერესოა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა საექსპორტო პროდუქციის ღირებულება. ოფიციალურ სტატისტიკას თუ ვენდობით, წელს ქართული კენკრა უცხოეთის ბაზარზე უფრო მაღალ ფასად გავიდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, კილოგრამი ახალი მარწყვის საექსპორტო ფასმა 60 ცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წელს ღირებულება- 40 ცენტი იყო.
კილოგრამი ჟოლო წელს უცხოეთში 10 დოლარად გავიდა, მაშინ როცა შარშან საექსპორტო ფასი 1 დოლარი იყო.
მაყვალი - კილოგრამი 9 დოლარად გავიდა ექსპორტზე.
მოცვი- საექსპორტო ფასი წელს 5 დოლარზე ცოტა მეტი იყო. შარშან კილოგრამი მოცვი 4,2 დოლარად გაიყიდა.
ექსპორტის გეოგრაფია
საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში რუსეთი ლიდერობს და კვლავაც მცირეა ევროკავშირის ქვეყნებში გატანილი კენკრის მოცულობა.
მაგალითად, საექსპორტო მარწყვის თითქმის 100% რუსეთის ბაზარზე გაიტანეს. მცირე მოცულობით, 100 კილოგრამზე ნაკლები იყო ყატარში გაყიდვები. შარშან პირველ 7 თვეში 100 კილოგრამი მარწყვის ექსპორტი ლატვიაში დაფიქსირდა. წელს ამ ქვეყანაში ექსპორტი აღარ განხორციელებულა.
საექსპორტო მოცვის თითქმის 90% ასევე რუსეთის ბაზარზე გავიდა. შარშანდელთან შედარებით რუსეთში ქართული მოცვის ექსპორტი 2,5-ჯერ არის გაზრდილი და იანვარ-ივლისის პერიოდში 166,6 ტონას შეადგენს.
საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში რუსეთის შემდეგ არიან:
- არაბთა გაერთიანებული საემიროები- 13,6 ტონა;
- ყატარი- 1,6 ტონა
- სომხეთი-1,5 ტონა;
- ლიბანი-0,6 ტონა
- ბაჰრეინი-0,5 ტონა.
ექსპორტზე გატანილი 800 კილოგრამი ჟოლოდან:
ყატარში- 500 კილოგრამი გავიდა;
გერმანიაში- 200 კილოგრამი;
მცირე მოცულობით მოხდა ექსპორტი სომხეთში.
მაყვალი: წელს 7 თვეში ექსპორტი 100 კილოგრამზე მცირე იყო და ძირითადად ორ ქვეყანაში- არაბეთსა და სომხეთში გაიყიდა.
კვლავაც უმნიშვნელო რაოდენობით ხდება გაყინული კენკრის ექსპორტი საქართველოდან. გასულ 7 თვეში კენკრის სახეობებიდან გაყინული ან თბურად დამუშავებული სახით ექსპორტზე მხოლოდ მაყვალი გავიდა. ექსპორტმა სულ 2,1 ტონა შეადგინა. აღნიშნული გაყინული ხილი მთლიანად რუსეთში გაიტანეს. 2018 წელს ანალოგიურ პერიოდში მცირე ოდენობით მოხდა გაყინული ჟოლოს ექსპორტიც. ამ სახეობის კენკრის ექსპორტი წელს ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.
ბუნებრივია, საინტერესოა, ამ პერიოდისთვის რა ფართობზეა გაშენებული კენკროვანი კულტურები ქვეყანაში. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რა ფართობი უკავია თითოეული სახეობის ნარგავებს. რადგან ამ მონაცემების საფუძველზე უნდა ვიცოდეთ, რა ოდენობის მოსავალს ველოდებით ქვეყანაში, წინასწარ რომ მოხდეს განსაზღვრა, მოსავალი ჭარბი იქნება თუ პირიქით, დეფიციტი შეიქმნება. ამ მონაცემების გარეშე შეუძლებელია იმის დაგეგმვა, სად და რა მოცულობით მოხდება მოსავლის დასაწყობება, შენახვა, გაყინვა თუ ექსპორტზე გატანა. თუმცა, ეს მონაცემი არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს და არც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს. შესაბამისად, კენკრის რამდენ მოსავალს ველოდებით გაისად, უცნობია.
ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.