ლიეტუვას ევროპული გამოცდილება საქართველოს კენკრის სექტორისთვის
(პირველი ნაწილი)
„კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრის” მოწვევით 11-13 სექტემბერს საქართველოს ლიეტუვას სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტები ეწვივნენ. აგრარული სფეროს ექსპერტი რასა მელნიკიენემ და კომპანია UAB agro etalon-ის წარმომადგენელი სილვესტრას ჯარმალავიკიუსმა შეხვედრები გამართეს ქართველ ფერმერებთან და კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან. ლიტველმა სპეციალისტებმა გორში ჟოლოს ბაღები დაათვალიერეს, რომელიც კოოპერატივი „გეას” წევრებს ეკუთვნით. მათ ადგილობრივი ფერმერების პრობლემები მოისმინეს და კენკრის წარმოების სფეროში ლიტვის გამოცდილება გაუზიარეს. ლიტველმა ექსპერტებმა კომპანია „გლენბერის” სამაცივრე მეურნეობაც დაათვალიერეს, რომელიც ქარელში მდებარეობს. ხოლო ვიზიტის მესამე დღეს ისინი კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდნენ და კენკრის ექსპორტის ევროპული სტანდარტების შესახებ ესაუბრნენ. ასევე, ლიტველმა სპეციალისტებმა ქართველ ფერმერებს მისცეს რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს საექსპორტო კენკრის წარმოება და პროდუქციის სწორი მარკეტინგი. აგრეთვე, გააცნეს როგორ თანამშრომლობს ლიტვის კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია მთავრობასთან, რათა მიიღოს საჭირო დახმარება.
კენკრის სექტორი ლიეტუვაში
ლიეტუვაში თითქმის ყველა სახეობის კენკრა მოჰყავთ: მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, მოცხარი, მოცვი, ალუბალი და ქაცვი. ცოცხალი კენკრა მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ მასზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია. ქვეყანაში გაცილებით დიდი მასშტაბი აქვს გაყინული კენკრის წარმოებას. ხილს თანამედროვე სამაცივრე მეურნეობებში ამუშავებენ და ინახავენ. ასევე, მოთხოვნა მაღალია კენკრისგან დამზადებულ ჯემებსა და ნატურალურ წვენებზე.
ლიეტუვას სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით 2017 წელს კენკრის ნარგავების თითქმის 90% შავ მოცხარს ეკავა- 4,3 ათასი ჰექტარი. მარწყვი ლიეტუვაში ათას ჰექტარზეა გაშენებული. სხვა კენკროვანების ფართობები შედარებით უფრო მცირეა. ორგანულ კენკრას 2,6 ათასი ჰექტარი უკავია.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ლიეტუვადან ევროკავშირში ცოცხალი კენკრის ექსპორტი ბოლო წლების განმავლობაში შემცირებულია და ის ბევრად ჩამოუვარდება გაყინული კენკრის ექსპორტის მოცულობას. მაგალითად, 2017 წელს ცოცხალი კენკრის ექსპორტი 2,5 ათას ტონას შეადგენდა. 2018 წელს კი 2,3 ათას ტონამდე შემცირდა. 2017 წელს გაყინული კენკრის ექსპორტმა ევროკავშირში 12,607 ათასი ტონას მიაღწია. 2018 წელს კი 11,5 ათასი ტონა იყო. კიდევ ერთი ტენდენცია- ბოლო წლების განმავლობაში მზარდია გაყინული კენკრის ექსპორტი მესამე მსოფლიოს ქვეყნებში. კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა ლიეტუვას ცოცხალი კენკრის ექსპორტი.
რაც შეეხება იმპორტს, ლიეტუვაში კენკრის იმპორტი უმეტესად ასევე, ევროკავშირის ქვეყნებიდან ხორციელდება. 2017 წელს ევროკავშირიდან ლიეტუვაში 62,1 ათასი ტონა ცოცხალი კენკრა შევიდა, 2018 წელს- 56,2 ათასი ტონა. ბევრად უფრო მცირეა გაყინული კენკრის იმპორტი: 2017 წელს 5 ათას ტონამდე იყო, ხოლო 2018 წელს- 4,7 ათასი ტონა შეადგინა.
ეს სტატისტიკა მოწმობს, რომ კენკრის სექტორის დიდი ნაწილი რეექსპორტს უკავია. ამ ხილის დიდი ნაწილი ლიეტუვაში სხვა ქვეყნებიდან შეაქვთ, რომელიც მუშავდება, იყინება და შემდეგ ექსპორტზე გადის.
რაც შეეხება იმპორტის სტრუქტურას, ბოლო წლებში ყველაზე მზარდი ტენდენციით მარწყვის იმპორტი ხასიათდება. მოკრძალებულია მოცვისა და ჟოლოს იმპორტი. განსხვავებულია გაყინული კენკრის იმპორტის სტრუქტურა. იმპორტში ყველაზე დიდი წილი გაყინულ მოცვს უკავია- მთლიანი იმპორტის დაახლოებით 85-90%. გაყინულ ჟოლოსა და მაყვალზე მოდის მთლიან იმპორტის დაახლოებით 6%-6%.
ევროკავშირის მხარდაჭერა კენკრის სექტორს
ევროკავშირმა დიდი ფინანსური დახმარება გაუწია კენკრის სექტორს ლიეტუვაში და ამ მხარდაჭერას კვლავ აგრძელებს. ფინანსურ დახმარებას სხვადასხვა სახე აქვს: პირდაპირი დაფინანსება, სოფლის განვითარების პროგრამები, საინვესტიციო სუბსიდიები, კოოპერატივების და ამხანაგობების დაფინანსება და პროდუქციის მიწოდების და რეალიზაციის მხარდაჭერა. ამას ემატება ლიეტუვას მთავრობის დახმარება, რაც უმეტესად მარკეტინგულ ღონისძიებებში გამოიხატება.
სოფლის მეურნეობის სექტორისთვის გამოყოფილი თანხები 2004 წლის შემდეგ 3,5-ჯერ გაიზრდა და 2017 წელს 842,5 მილიონი ევრო შეადგინა. ამ თანხაში შედის როგორც ევროკავშირის, ასევე ადგილობრივი მთავრობის დაფინანსებაც.
სექტორი პირდაპირი დაფინანსების სახით იღებს შემდეგი სახის დახმარებას: ძირითადი პირდაპირი დაფინანსება- ჰექტარზე 63 ევრო; სასოფლო კულტურების გაშენებისთვის- 1 ჰექტარზე 50 ევრო იხარჯება; ამას ემატება დაფინანსება პირველ 30 ჰექტარზე -58 ევრო. დამატებით ფინანსურ დახმარებას ახალგაზრდა ფერმერები იღებენ - 48 ევრო ჰექტარზე. ცალკე არის გათვალისწინებული თანხა ხილისა და კენკრის მოყვანისთვის- 228 ევრო ჰექტარზე.
სოფლის განვითარების პროგრამა:
-”ხილისა და ბოსტნეულის წარმოების მდგრადი სისტემა”- 336 ევრო ჰექტარზე;
- ბიოწარმოება- ჰექტარზე 518 ევრო ორგანული ბაღისათვის და 534 ევრო ბიოწარმოებაზე გადასვლისთვის.
აგრარული სექტორისთვის სხვა სახის მხარდაჭერაც არის გათვალისწინებული:
სამთავრობო დახმარება საერთაშორისო მარკეტინგისთვის:
- საზღვარგარეთ გამოფენებში, ბაზრობასა და საქმიან შეხვედრებში მონაწილეობის
მხარდაჭერა;
- საგამოფენო ადგილების იჯარის თანხა;
- საგამოფენო სტენდების, ექსპოზიციის მონტაჟი, ტექნიკური მომსახურება;
- ერთი წარმომადგენლის მივლინების დაფინანსება;
- ექსპონატების და დახარჯული მასალების დაფინანსება;
- უცხოეთში პარტნიორის მოძიების და კონსულტაციის ხარჯი(არაუმეტეს 6 ათასი ევრო
ერთი ბიზნეს-ვიზიტისთვის ერთი საწარმოსთვის გამოყოფილი თანხა 3 წლის
განმავლობაში 1500 ევროს არ უნდა აღემატებოდეს).
მცირე მეურნეობების მხარდაჭერა:
- დაფინანსება ითვალისწინებს პროდუქციის წარმოებას, მის გადამუშავებას და
რეალიზაციას;
- მცირე ბიზნესის მხარდაჭერა- წარმოებული პროდუქციის ღირებულება 4-დან 8 ათას ევრომდე;
- დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 1500 ევრო;
- თანხის 80%-ს მცირე ბიზნესი პროექტის განხორციელებამდე იღებს, ხოლო 20% მომდევნო წელს, ბიზნეს-გეგმის შესრულების შემდეგ გაიცემა.
მიწოდების მოკლე ჯაჭვის და ადგილობრივი ბაზრის დახმარება:
- დაფინანსებას იღებს პროექტი, რომელსაც მინიმუმ 2 მონაწილე ჰყავს;
- პროექტში შეუძლია მონაწილეობდეს ერთი შუამავალი(მაგ, გამყიდველი)
მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის;
- მაქსიმალური დაფინანსება 90 ათასი ევრო;
- როცა პროექტში 4 ან მეტი მონაწილეა, თანხა 120 ათას ევრომდე იზრდება;
- პროექტის საერთო ხარჯები, მიმდინარე თანამშრომლობა,
- ბიზნეს-გეგმა-100%-ით ფინანსდება;
- ბიზნეს-გეგმის რეალიზაციის 60% ასევე იფარება.
- ფინანსდება თანამშრომლობის მიმდინარე ხარჯები;
- გადაზიდვებისთვის საჭირო ახალი ტექნიკა;
- მოწყობილობები პროდუქციის გადამუშავებისთვის, დაფასოების და მზა პროდუქციის
რეალიზაციისთვის;
- პროდუქციის მარკეტინგულ მომსახურებასა და მარკირებაზე გაწეული
ხარჯები.
- პროგრამული უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა;
- მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან კაპიტალური რემონტი;
- ბიზნეს-ინფრასტრუქტურის პროექტის შექმნის ხარჯები;
- ფინანსდება მთლიანი ხარჯები(10%-მდე -არაუმეტეს 1800 ევრო; მშენებლობის
ან რეკონსტრუქციის შემთხვევაში მაქსიმუმ 3 ათასი ევრო).
ფერმერთა დახმარებისთვის შექმნილია:
სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სააგენტოები;
საკრედიტო-საგარანტიო ფონდები სოფლის მეურნეობისთვის.
დაფინანსების სისტემაში მონაწილე მწარმოებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომელიც გაცემულია სერთიფიცირების დამოუკიდებელი ორგანოს - („Ekoagros“)-ს მიერ.
ლიეტუვაში კენკრის მწარმოებლები რამდენიმე ორგანიზაციაში ერთიანდებიან:
- კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია
- ლიეტუვას ფერმერული მეურნეობების კავშირი
- ეკოლოგიური მეურნეობების ასოციაცია.
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.