ლიეტუვას ევროპული გამოცდილება საქართველოს კენკრის სექტორისთვის(მეორე ნაწილი)
ლიტველი სპეციალისტების რეკომენდაციები
საქართველოში ვიზიტად მყოფი ლიტველი სპეციალისტები გორში, კოოპერატივი „გეას” წევრებს შეხვდნენ და მათი ჟოლოს ბაღი დაათვალიერეს.
“გეა“ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივად 2015 წელს, ENPARD-ის მხარდაჭერით დარეგისტრირდა. კოოპერატივის წევრებმა სახელმწიფო პროგრამის დახმარებით შოკური გაყინვის მაცივარიც შეიძინეს. მოყვანილ ჟოლოს ფერმერები ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან, უმეტესად საკონდიტროებს აბარებენ, ნაწილი კი სავაჭრო ქსელებში შეაქვთ. ამჟამად კოოპერატივი სანერგე მეურნეობის მიმართულებითაც მუშაობს. კოოპერატივის წევრებს უმეტესად ჟოლოს სახეობები- „პატრიცია“ და „ევრაზია“ აქვთ გაშენებული. ლიტველ ექსპერტებს მათ საკუთარი საქმიანობა გააცნეს და პრობლემების შესახებ ესაუბრნენ.
იმედა ნადირაძე(კოოპერატივი „გეას” წევრი): „ვაზის მოყვანა ვიცოდით, მაგრამ ჟოლოს წარმოება ჩვენთვის უცხო იყო. ამიტომ საწყის ეტაპზე ბევრი შეცდომაც დავუშვით. არც სპეციალისტები იყვნენ, ვინც სწორ რჩევებს მოგვცემდა. თანდათან ვსწავლობთ, უმეტესად საკუთარ გამოცდილებაზე. ერთმანეთს ვუზიარებთ ამ გამოცდილებას და ნელ-ნელა ვფართოვდებით. ჟოლოს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით. ამჟამად მოსავალს გვიანდელი ჯიშებისგან ვიღებთ, რასაც საკონდიტროებს ვაბარებთ.
პრობლემებს რაც შეეხება, ყველაზე მეტად საქმიანობაში ხელს უწყლობა გვიშლის. სარწყავი სისტემები მოუწესრიგებელია, რის გამოც ხშირად ნარგავები გვიფუჭდება”.
დათო ბულბულაშვილი(კოოპერატივი „გეას” წევრი): „ჩვენ ახალბედა ფერმერები ვართ, ამიტომ კენკრის მოყვანას ახლა ვსწავლობთ. ამ სფეროს სპეციალისტებისგან რჩევისა მიღება და რეკომენდაციების მოსმენა ჩვენთვის საინტერესოა.
როცა კენკრის მოშენებას ვიწყებდით, ადგილობრივმა კონსულტანტებმა ჟოლოს ნერგები არასწორად გაგვასხვლევინეს, ამიტომ ბევრი გაფუჭდა და მოსავალი ვერ მივიღეთ. შემდეგ მოვიძიეთ ინფორმაცია, აგროსფეროში ჩვენი გამოცდილებაც გამოგვადგა და ბაღი გამოვასწორეთ. სფეროს სპეციალისტების სიმცირის გარდა პრობლემას უწყლობაც გვიქმნის”.
სილვესტრას ჯარმავალიჩუსი კომპანია „UAB AGRO ETALON”-ის წარმომადგენელია. „UAB AGRO ETALON” ლიეტუვაში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის საქმიანობას სოკოსა და კენკრის დაფასოება და რეალიზაცია წარმოადგენს. კომპანია პროდუქციის უმეტეს ნაწილს ევროკავშირის ქვეყნებში ყიდის. რადგან ლიეტუვაში კენკრის მოსავალი დიდი არ არის, ამიტომ კომპანია ხილს სხვადასხვა ქვეყნებში, უმეტესად პოლონეთში, ბელორუსში, უკრაინასა და რუსეთში ყიდულობს, სამაცივრე მეურნეობებში ამუშავებს და შემდეგ მზა პროდუქტი ექსპორტზე გააქვს.
„ჩვენ კომპანიას ყოველწლიურად ექსპორტზე ათასი ტონა გაყინული მოცვი, დაახლოებით 100 ტ მარწყვი და ჟოლო გააქვს. ჩვენი კომპანიის წარმატების საფუძველს დამკვეთებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტისა და სერვისის შეთავაზება წარმოადგენს. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია მაქსიმალურად მოვერგოთ კლიენტების მოთხოვნებს. ამიტომ ვცდილობთ ისეთი პროდუქტი შევისყიდოთ, რომლის ხარისხი და უსაფრთხოება არაერთი სხვადასხვა მეთოდით არის შემოწმებული. ამ სფეროში კონკურენცია სწრაფად იზრდება, ამიტომ მუდმივად ვეძებთ ახალ ადგილებს ნედლეულის შესაძენად. ფასის გათვალისწინებით, შეიძლება პროდუქტი შევიძინოთ როგორც სკანდინავიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე პოლონეთში. ამიტომ ჩვენთვის საინტერესოა საქართველოსი კენკრის სექტორიც.
კენკრის მოყვანა საქართველოსთვის ახალი ხილია. და როგორც ვხედავ, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. თუ ქართველ ფერმერებს სურთ, უფრო დიდ ბაზარზე გავიდნენ, უნდა გაერთიანდნენ, რადგან კოოპერაცია აუცილებელია. სხვაგვარად ისინი ვერ შეძლებენ ცოცხალი კენკრის ექსპორტს ევროპის ქვეყნების ბაზარზე, რადგან პროდუქციის ტრანსპორტირება, როგორც ირკვევა, ძალიან რთულია.
ფერმერებმა უნდა შექმნან სამაცივრე სისტემები და პროდუქცია გასაყიდად ასე მოამზადონ. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ხალხმა თავისი პროდუქციის რეალიზაციისთვის და კონტაქტებისთვის სოციალური მედია აქტიურად უნდა გამოიყენოს”,- ამბობს სილვესტრას ჯარმავალიჩუსი.
ლიტველი სპეციალისტები „გლენბერის” სამაცივრე მეურნეობასაც ესტუმრნენ, სადაც სხვადასხვა სახეობის ხილისა და ბოსტნეულის გაყინვა ხდება. სამაცივრო კომპლექსს, შოკური გაყინვის მეთოდით 24 საათში 20 ტონა ხილსა და ბოსტნეულის გაყინვა შეუძლია. კომპლექსში წელიწადში 1,200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი.
რაფაელ მაღალაშვილი(„შპს „გლენბერის” დამფუძნებელი): „შეკვეთები შვეიცარიიდან, რუმინეთიდან, ისრაელიდან და აშშ-დან გვაქვს. ყველაზე დიდია მოთხოვნა მარწყვზე, ჟოლოზე და მაყვალზე. განსაკუთრებით კი მარწყვზე. მაგრამ ჩვენთან ცოცხალი ხილი ძვირია, ამიტომ გაყინული ხილის გასაყიდი ფასი მაღალი გამოდის. თანაც, მარწყვი საქართველოში საკმარისი რაოდენობით არ არის, ამიტომ ვაპირებთ ბაღები ჩვენ თვითონ გავაშენოთ. პრობლემას კვლავაც გვიქმნის ის, რომ საქართველოში კენკრის სრულყოფილი ლაბორატორიული შემოწმება შეუძლებელია. ისევე როგორც თაფლის შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის ლაბორატორია სრულყოფილ ანალიზს ვერც ხილზე აკეთებს”.
ლიტველ სპეციალისტებს „გლინბერის” ხელმძღვანელმა დამზადებული პროდუქცია გააცნო. ქართულმა კენკრამ ბალტიისპირელი ექსპერტების მოწონება დაიმსახურა. „გლინბერსა” და სილვესტრას ჯარმავალიჩუსს შორის საქმიანი მოლაპარაკება შედგა. ქართული კომპანია მომავალში ლიტველ მწარმოებლებთან ითანამშრომლებს.
მესამე შეხვედრა ლიტველმა ექსპერტებმა საქართველოს კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებთან გურჯაანში გამართეს. რასა მელნიკიენემ, რომელიც ლიეტუვას აგრარული უნივერსიტეტის პროფესორია, ასოციაციის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, მათი ლიტველი კოლეგების საქმიანობის შესახებ. რა სახის ფინანსურ დახმარებას იღებენ კენკრის მწარმოებლები ლიეტუვაში ევროკავშირიდან და ქვეყნის ბიუჯეტიდან. აგრეთვე, როგორია პროფესიული ასოციაციებისა და მთავრობის თანამშრომლობის ევროპული გამოცდილება. სტუმრებმა ადგილობრივი ფერმერების პრობლემები მოისმინეს და მათ რეკომენდაციები მისცეს, თუ როგორ უნდა განავითარონ ბიზნესი.
რასა მელნიკიენე(ლიეტუვას აგრარული უნივესრსიტეტის პროფესორი): „ქართველ ფერმერებთან შეხვედრის დროს ლიეტუვას გამოცდილება გავუზიარეთ და იმავდროულად, მათ პრობლემებზეც ვისაუბრეთ. როგორც ჩვენი საუბრებიდან გამოჩნდა, საქართველოში კენკრის წარმოება ახალი დარგია და ბუნებრივია, ახალ საქმეს ბევრი პრობლემა ახლავს თან.
ქართველ ფერმერებს დახმარება ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ეტაპზე სჭირდებათ. არა მარტო წარმოების პროცესში, არამედ ლოჯისტიკის და გაყიდვების დროსაც. მათ მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ კრედიტების აღების დროს, რადგან ფერმერებისთვის საკრედიტო ბაზარზე ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ასევე საკონსულტაციო ცენტრების მეტ კვალიფიციურ დახმარებას საჭიროებენ, როგორ დარგონ, მოიყვანონ მოსავალი. კენკრის მწარმოებლებს მეტი ინფორმაცია და ცოდნა უნდა ჰქონდეთ, როგორ გაყიდონ კენკრა მომგებიანად. ძალიან მნიშვნელოვანია, ფერმერთა კოოპერაცია. მთავრობამ, სხვადასხვა პროგრამების სახით მეტი დახმარება უნდა გაუწიოს ფერმერებს, განსაკუთრებით, მცირე მწარმოებლებს”.
კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებმა ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ მათ მიერ მოწოდებული რჩევებით მთავრობასთან ურთიერთობის დროს იხელმძღვანელებენ, ხოლო მიღებულ რეკომენდაციებს მუშაობის პროცესში გაითვალისწინებენ.
ავტორი: ნონა ქვლივიძესტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.