არჩილ ბუკია: „თუ სასათბურე კლასტერი წყალტუბოში წარმატებული იქნება, ამ მოდელს სხვა ადგილზეც გადავიტანთ”
იმერეთში სასათბურე კლასტერის შექმნის იდეა ორი წლის წინ გაჩნდა. სათბურების მოსაწყობად შპს „იმერეთის აგროზონას”, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს შვილობილ კომპანიას, რომელიც კლასტერს მართავს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ მაღლაკში 125 ჰა მიწის ნაკვეთი გადაეცა. ეს ადგილი კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეარჩია. ეს ტერიტორია სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად ხელსაყრელია და მიმდებარედ ბევრი მწვანილის და ბოსტნეულის მწარმოებელია თავმოყრილი. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, კლასტერში მხოლოდ მწვანილის სათბურები უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, აგროზონის ტერიტორიაზე ბოსტნეულის და კენკრის მოყვანაც გადაწყდა.
საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს კლასტერი და სად გაიყიდება წყალტუბოში მოყვანილი ბოსტნეული, ამის შესახებ eugeorgia. info-ს შპს „იმერეთის აგროზონის” დირექტორი არჩილ ბუკია ესაუბრა:
„როცა სასათბურე კლასტერის შექმნაზე დავიწყეთ მუშაობა, უამრავი კითხვა გაჩნდა, ის როგორ და რა კონცეფციით ჩამოგვეყალიბებინა. პასუხი ბევრ კითხვაზე არ გვქონდა, ამიტომ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე გამოვაცხადეთ კონკურსი, რომელშიც ქართულ-ჰოლანდიურმა კონსორციუმმა GH&KSH-მ გაიმარჯვა. ამ კომპანიამ ექვსი თვის ვადაში უნდა ჩაგვაბაროს პაკეტი, რომელშიც სამუშაოების ვრცელი ჩამონათვალია. მათ შორის, იმ დაინტერესებულ პირთა იდენტიფიკაცია, ვინც სასათბურე კლასტერში გაერთიანებით შეიძლება დაინტერესდეს. კომპანიამ უნდა ჩაატაროს ბაზრის კვლევა - სათბურებში რა პროდუქტების მოყვანა იქნება მიზანშეწონილი. საკონსულტაციო კომპანიასთან კონტრაქტის ვადა 31 ივლისამდეა. მათი რეკომენდაციების საფუძველზე დავიწყებთ პროექტის განხორციელებას.
-უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება კლასტერის შემადგენლობა და რა სახის ობიექტები უნდა განთავსდეს ტერიტორიაზე?
-ჩვენი ამოცანაა, ჩამოვაყალიბოთ სათბურების კლასტერი, ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლით. აქ იქნება სხვადასხვა ტექნოლოგიის სათბურები- მაღალტექნოლოგიური, საშუალო დონის და დაბალ ტექნოლოგიური, როგორიც ამჟამად წყალტუბოს რეგიონში არის გავრცელებული. ტერიტორიაზე იქნება ე.წ. ბიოზონები, სადაც ფერმერები ბიოპროდუქციას მოიყვანენ. აქვე იქნება გადამამუშავებელი საწარმო, ლოჯისტიკური ცენტრი საწყობებით და დასაფასოებელი საამქრო, სადაც პროდუქცია სარეალიზაციოდ მომზადდება. კლასტერის ტერიტორიაზე იქნება ტრეინინგ- ცენტრი,სადაც შესაძლებელი იქნება ცოდნის მიღება თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, რა მასალები უნდა გამოიყენონ ფერმერებმა და როგორ მოიძიონ გასაღების ბაზრები. ბოსტნეულის წარმოებასთან ერთად კლასტერი ცოდნის გავრცელების წყარო უნდა გახდეს.
სახელმწიფო ამ ტერიტორიაზე მოაწყობს ძირითად ინფრასტრუქტურას: მიიყვანს გზას, ბუნებრივ აირს, დენსა და წყალს. სათბურები და სხვა ობიექტები ინვესტორებმა უნდა გააკეთონ. საკონსულტაციო კომპანიამ უნდა შეისწავლოს და მოამზადოს იურიდიული პაკეტები, რასაც ამ ინვესტორებს შევთავაზებთ. ისინი შეიძლება იყვნენ ადგილობრივი მწარმოებლები, ინდივიდუალური პირები ან კოოპერატივები. შეიძლება იყოს სხვა კომერციული სუბიექტები, რომელსაც სასათბურე ბიზნესში ფულის ჩადება აინტერესებთ. აუდიტორია საკმაოდ დიდია და მათთვის მომზადდება სხვადასხვა ტიპის იურიდიული პაკეტები, კონკრეტულად რა ფორმით შემოვიდნენ იმერეთის აგროზონაში.
ინვესტორებისთვის საკონსულტაციო კომპანიამ უნდა მოამზადოს სხვადასხვა ფინანსური პაკეტიც, სადაც განსაზღვრული იქნება დაფინანსების მოპოვების რა საშუალებები არსებობს, როგორც საქართველოში, ასევე, უცხოეთში სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან თუ ფონდებიდან.
საკონსულტაციო კომპანიამ იმ კულტურების ჩამონათვალი უნდა განსაზღვროს, რომელთა მოყვანა სასათბურე კლასტერში მიზანშეწონილი იქნება. ჩვენ ინვესტორებს ვეტყვით, აი, კვლევა გვაქვს, აქ არის გასაღების ბაზარი, ამ ფასად და ა.შ.. თუმცა, მას შეუძლია თვითონ განსაზღვროს, რა მოიყვანოს და სად გაყიდოს. აქ ჩვენ კენკრის მოყვანასაც ვფიქრობთ და ყვავილების სათბურის გაკეთებასაც, ამ თვალსაზრისით შეზღუდვა არ იქნება.
-როცა საკონსულტაციო კომპანია დაასრულებს პროექტს, სახელმწიფო ინფრასტრუქტურის მოწყობას ამის შემდეგ დაიწყებს ?
-დიახ, საკონსულტაციო კომპანიამ უნდა გააკეთოს პროექტი, როგორ უნდა განლაგდეს მისასვლელი გზები, როგორ დაიყოს 125 ჰექტარი სხვადასხვა ზონებად, სად განთავსდეს ლოჯისტიკური ცენტრი, გადამამუშავებელი საწარმო, ტრეინინგ ცენტრი, ბიოწარმოებისთვის გამოყოფილი ზონა. ამ ზონების შესაბამისად უნდა მოეწყოს გზები და სხვა ინფრასტრუქტურა.
- სათბურის ფართობი რამდენი უნდა იყოს. ეს არის განსაზღვრული?
- ფართობზე შეზღუდვა არ არის. შეიძლება იყოს ქვედა ზღვარი, თუმცა, მისი ზომა ინვესტორზე იქნება დამოკიდებული. მას შეუძლია,10 ჰექტარზე გააკეთოს სათბური.
-მოყვანილი ბოსტნეული ექსპორტზე კონსოლიდირებულად მოხდება თუ ფერმერებმა ინდივიდუალურად უნდა გაყიდონ?
- რა ფორმით მოხდება რეალიზაცია, ჩვენ ამას ამჟამად ვსწავლობთ. რა სტრატეგიით უნდა შეაღწიოს პროდუქციამ სხვადასხვა ბაზრებზე, ამას საკონსულტაციო კომპანია შეისწავლის. თუ ინვესტორს ექნება გასაღების საკუთარი ბაზარი, გაყიდვაში ხელს არავინ შეუშლის. ამავე დროს, ჩვენ ვეცდებით, რომ კლასტერის წევრებს სხვადასხვა ბაზარზე წვდომა გავუადვილოთ. ლოჯისტიკური ცენტრის არსებობა გულისხმობს ურთიერთობას დიდ კლიენტებთან და დიდ საერთაშორისო ბაზართან, ვისაც ბოსტნეულის დიდი რაოდენობით შესყიდვები აინტერესებთ. ეს ყველაფერი ბაზრის მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული. საკონსულტაციო კომპანია ატარებს კვლევას, სად, რა ბაზრებზე, რა პროდუქტით შეიძლება შესვლა. ჩვენი მიზანი მხოლოდ ექსპორტზე გატანა არ არის. როგორც ვიცით, ადგილობრივ ბაზარზე ბოსტნეულის იმპორტის წილი საკმაოდ დიდია, ამიტომ კლასტერის შექმნა ორ მიზანს ემსახურება- იმპორტის ჩანაცვლებას და ასევე, საექსპორტო სახეობების განვითარებას.
-ლოჯისტიკა ფერმერებისთვის დიდი პრობლემაა. ასევე, პრობლემურია, მალფუჭებადი პროდუქტის ექსპორტი საჰაერო გზით. როგორ მოხდება კლასტერიდან პროდუქციის ტრანსპორტირება?
-კლასტერის ტერიტორია არის ქუთაისის აეროპორტის მოპირდაპირე მხარეს. გვაქვს მიზანი, რომ ქუთაისის აეროპორტი გახდეს აგროსასურსათო პროდუქციის ჰაბი. კლასტერი ლოჯისტიკის და ტრანსპორტირების საკითხების მოგვარებასაც მოიცავს. შესაძლებელია, მაღალი მარჟის პროდუქტის ტრანსპორტირება საჰაერო გზით მოხდეს. კლასტერში გაერთიანებული ფერმერები საჰაერო ტრანსპორტთან ერთად, სახმელეთო, საზღვაო ტრანსპორტსაც გამოიყენებენ. ეს მოყვანილი კულტურის სახეობაზე იქნება დამოკიდებული. როცა წარმოება დაიწყება, შემდეგ მას მიჰყვება ტრანსპორტირებაც იმ გზით, რაც იმ პერიოდისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
-კლასტერის არსი ისიც არის, რომ არეალში მოქცეულმა კომპანიებმა სხვადასხვა სერვისებით ერთობლივად ისარგებლონ და ამ გზით ხარჯები დაზოგონ. ასეთი შეღავათები თუ ექნებათ სასათბურე კლასტერის წევრებს?
-დიახ. მათ შეუძლიათ ერთი მომწოდებლისგან საერთო შესყიდვები განახორციელონ, მაგალითად, სასუქი ყველამ ერთად შეიძინოს, რაც ფასზეც აისახება. ერთობლივად შეისყიდონ ტექნოლოგიები. ამ ტერიტორიაზე უამრავი ადამიანი უნდა დასაქმდეს და მათ ცოდნა, უნარ-ჩვევები ტრეინინგ-ცენტრში უნდა შეიძინონ. კლასტერში თავმოყრა ფერმერებს პროდუქტების თვითღირებულების შემცირების საშუალებას მისცემს, რაც მის კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს.
-ფერმერებს მიწის ყიდვა შეეძლებათ თუ ის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება?
-ინვესტორისთვის შეთავაზებულ იურიდიულ პაკეტებში სხვადასხვა ვარიანტი ჩაიწერება: მიწის ნაკვეთი გაიცეს არენდით ან ინვესტორმა გამოისყიდოს. სხვადასხვა ტიპის ინვესტორისთვის პაკეტის რამდენიმე ვარიანტი შემუშავდება. ვეცდებით, რომ საკონსულტაციო კომპანიის შემოთავაზებიდან საუკეთესო მოდელი შევარჩიოთ. თუ სასათბურე კლასტერის მოდელი წყალტუბოში წარმატებული იქნება, მისი გადატანა ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე მოხდება
- რამდენად დიდია ფერმერების მხრიდან კლასტერში გაერთიანების ინტერესი, წინასწარი ინფორმაცია თუ გაქვთ ამის შესახებ?
-ინტერესი ძალიან დიდია, როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოელების მხრიდან. მწვანილის მოყვანის ინტერესი ისრაელის კომპანიამ გამოხატა. ბიზნესის დაწყების სურვილი აქვთ ჰოლანდიელებსაც, გერმანულ და ესპანურ კომპანიებს. ამ კომპანიებმა თვითონ გვიპოვეს და მოგვმართეს. იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან კლასტერის ტერიტორიაზე პირველი სათბურების მშენებლობა დაიწყება.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.