დანიელი ინვესტორი აბაშაში იტალიური ვერხვის პლანტაციას აშენებს
ავეჯის მწარმოებლებისთვის ქვეყანაში შესაძლოა, ახალი ნატურალური ნედლეული გაჩნდეს
როგორც ცნობილია, ავეჯის ადგილობრივი წარმოება ნატურალური ხის მასალის დეფიციტს განიცდის. იმის გამო, რომ საქართველოში მუხის მოჭრა აკრძალულია, კაკლის მასალა მცირე ოდენობით მოიპოვება, წიფლის მასალის ადგილობრივი ბაზრისთვის მიწოდება კი შეზღუდულია, ავეჯის ინდუსტრიას იმპორტირებული ნედლეულის გამოყენება უწევს, რაც ხარისხიანი პროდუქტის წარმოებას შესაძლებლობებს ამცირებს.
ამ პირობებში ავეჯის მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ახალი რესურსის გაჩენა. ასეთი რესურსი შეიძლება გახდეს იტალიური ვერხვი, ე.წ. ჰიბრიდული ალვის ხე, რომლის გაშენება აბაშაში დანიელმა ინვესტორმა ჯესპერ იორგანსონმა დაიწყო.
ჯესპერ იორგანსონი კომპანია „Sustain Energy Denmark”-ის დამფუძნებელია, რომელიც ბიო ტყის გაშენებას და ბიო ენერგიის წარმოებას ახორციელებს. ის აბაშაში 2016 წელს ჩამოვიდა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და კომპანია სს „მარანი” დააფუძნა. ჯესპერ იორგანსონმა აბაშის მუნიციპალიტეტში 160 ჰექტარზე იტალიური ვერხვის ნერგების გაშენება დაიწყო. ამჟამად, სანერგეში მილიონ 250 ათასი დედა ჰიბრიდული ხეა, რაც გასამრავლებლად გამოიყენება. ყოველწლიურად მისგან 2-დან 3 მილიონამდე ახალი ნერგის მიღებაა შესაძლებელი. დანიელი ინვესტორს სანერგეს გარდა იტალიური ვერხვის პლანტაციის გაშენება აქვს დაგეგმილი. პლანტაციებიდან მიღებულ ხის მასალას კომპანია ავეჯის წარმოებას მიაწვდის. გარდა ამისა, ნახერხით დაამზადებს ბრიკეტებს, რომელიც გასათბობად გამოიყენება.
საქართველოში მისი საქმიანობის და გეგმების შესახებ eugeorgia.info ჯესპერ იორგანსონს ესაუბრა:
- რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში იტალიური ვერხვის სანერგეების და პლანტაციების გაშენება?
-დასავლეთ საქართველოს მიწა და კლიმატური პირობები ჰიბრიდული ალვის ხისთვის ხელსაყრელია. აქ უხვი ნალექი და ჭარბი მზეა. ალვის ხე წელიწადში საშუალოდ 2-2.5 მეტრით იზრდება, იტალიური ჯიშის ჰიბრიდული ალვის ხე,კონკრეტულად (AF-18) კი წელიწადში სიმაღლეში 4-4.5 მეტრს იმატებს. ზრდა შესაძლებელია დაჩქარდეს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. დასავლეთ საქართველოში არსებულ კლიმატი და ნიადაგი ამის შესაძლებლობას იძლევა. აქ მას მორწყვა არ სჭირდება. ნერგი თავისით ფესვიანდება და პოულობს წყალს. ხე 5 წელიწადში უკვე ზრდასრული იქნება. ამ დროისთვის მისი სიმაღლე 20-დან 24 მეტრს მიაღწევს და შეგვიძლია მოვჭრათ და გამოვიყენოთ. საინტერესოა, რომ ხეს რეგენერაციის უნარი აქვს და მოჭრის შემდგომ 25 წლის მანძილზე ზრდას იგივე ტემპით აგრძელებს, ანუ 25 წლის განმავლობაში მისი მოჭრა და თავიდან გაზრდა 5 ჯერ არის შესაძლებელი.
ამ სახეობის იტალიურ ვერხვს-AF-18-ს, ჰიბრიდული ჰქვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სხვადასხვა ჯიშების შეჯვარების შედეგად გამოყვანილი კლონია. „მარანი” მწვანე ენერგიის კონცეფციას მიჰყვება, ამიტომ ქიმიკატებს არ ვიყენებთ, მათ შორის, არც ბალახის და სარეველების მოსაცილებლად.
ჰიბრიდული ალვის ხის მასალა გამოიყენება ავეჯისა და ქაღალდის წარმოებაში. ხის დამუშავების შედეგად მიღებული ნახერხი არის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ბიომასა, რომელიც საწვავად გამოიყენება. ბრიკეტი თანამედროვე შეშაა, რომელსაც მეტი ენერგეტიკული ღირებულება აქვს. ის შეშაზე ძვირია, მაგრამ 10-ჯერ ნელა იწვის და 5-6-ჯერ უფრო თბოეფექტურია. ჩვენც ვაპირებთ, ბრიკეტები ვაწარმოოთ და შევთავაზოთ სკოლებს, რომ შეშა ჩაანაცვლონ და გასათბობად გამოიყენონ. სატესტოდ მცირე წარმადობის RUF ტიპის ბრიკეტის ქარხანა შევიძინეთ, რომელიც კახეთში, სოფელ მატანში მდებარეობს.
ევროპის ქვეყნები აქტიურად გადადიან მწვანე ენერგიის მიღებაზე. იტალიური ვერხვის ნახერხს საწვავის სახით იყენებენ თბოელექტროსადგურები. აუცილებელია,რომ ეკოლოგიურად სუფთა მწვანე წარმოებაზე საქართველოც გადავიდეს. ეს კარგი იქნება ეკოლოგიისთვის, ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. გვინდა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებასაც ავუხსნათ.
-ნედლეულს იმ რაოდენობით აწარმოებთ, რომ მისი მეშვეობით თბოელექტროსადგურმა იმუშაოს?
-დიახ, ჩვენი წარმოება ამისთვის საკმარისი იქნება. 1200 ჰა-ზე გაშენებული პლანტაციიდან დაახლოებით 240 ათასი ტონა სუფთა ნედლეულის (მერქნის) მიღება შეიძლება. ჩვენი გეგმის მიხედვით, 5 წელში ჰიბრიდული ალვის ხე 6 ათას ჰა-ზე უნდა იყოს გაშენებული, რომ მივიღოთ ის მასალა, რაც ენერგეტიკისთვის და ავეჯისთვის იქნება განკუთვნილი.
აბაშაში ამ დროისთვის გვაქვს სანერგე 160 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, სადაც 1,250 მილიონი ხე არის დარგული. ეს სანერგე 4 წლისაა. ამ ეტაპზე ნერგებს ვაწარმოებთ- დედა ხის ტოტებს ვჭრით, ვამრავლებთ ნერგებს და ვყიდით. ახლა დავიწყეთ პლანტაციების გაშენება, სადაც ხე არ მოიჭრება. მის გაზრდას დაველოდებით, სანამ მაქსიმალურ ზომას არ მიაღწევს. 5 წლის შემდეგ ხე უკვე მოსაჭრელი იქნება. ჰიბრიდული ალვის ხის სიცოცხლის ციკლი დაახლოებით 20-25 წელია. ამ პერიოდის განმავლობაში მას შეუძლია უზარმაზარი რაოდენობით ბიომასა მოგვცეს.
-ავეჯისთვის რა კატეგორიის ხეს გამოიყენებთ?
-მეორე პროექტი, რომელსაც განვიხილავთ, არის ავეჯისთვის ხის მასალის წარმოება. ჰიბრიდული ალვის ხეები სიმსუბუქით გამოირჩევა და ავეჯის ინდუსტრიაში გამოიყენება. ამ ხეს მაგიდების, სკამების და კიდევ, ისეთი ნაკეთობების დასამზადებლად იყენებენ, რომელიც მსუბუქ მასალას საჭიროებს. მისგან კარების დამზადებაც შეიძლება. ჩვენი პარტნიორი კომპანია, რომლისგანაც ნერგები შევიძინეთ, ევროპაში ხის მასალას ავეჯისთვის ყიდის. თუ ევროპა იყენებს, რატომ არ შეიძლება ავეჯის მწარმოებლებმა საქართველოშიც გამოიყენონ? ავეჯის მიმართულებით ჯერ არ მუშაობა არ დაგვიწყია. კომუნიკაცია ჯერ არც ავეჯის მწარმოებლებთან გვქონია. მათი მხრიდან დაინტერესება თუ იქნება, შეგვიძლია, მოვჭრათ ახალგაზრდა, 3 წლის ხეები და საცდელად, ავეჯის დასამზადებლად მივცეთ. თუ მსურველები იქნებიან, შეგვიძლია პლანტაცია მათთვის გავაშენოთ და ფასებზეც მოვილაპარაკებთ.
-მთავრობაში თუ იციან თქვენი გეგმების შესახებ? მათი მხრიდან ხელშეწყობა თუ გაქვთ?
-მინდა მთავრობას ბრიკეტების და ენერგიის წარმოების შესახებ ჩემი იდეა გავაცნო. ასეთი ბიო რესურსი ნავთობის და სხვა ენერგრგომატარებლებისგან განსხვავებით გარემოს არ აბინძურებს. ასევე, მსურს საქართველოს მთავრობას შევთავაზო, რომ იტალიური ვერხვი ქარსაფარ ზოლად გამოიყენონ. ეს ხე იდეალურია ქარსაცავი ზოლის მოსაწყობად. მაგალითად, ქუთაისის აეროპორტთან შეიძლება მისი დარგვა, ქარსაც შეამცირებს და თვითმფრინავის გამონაბოლქვიც შეუძლია შეიწოვოს. ცნობილია, რომ ჰიბრიდული ალვის ხე რა რაოდენობის ნახშირორჟანგსაც შეიწოვს, იგივე რაოდენობის ჟანგბადს გამოყოფს. მისი ნარგავები ეროზიის რისკებსაც ამცირებს, აუმჯობესებს ბიომრავალფეროვნებას და იცავს გარემოს.
-პროდუქციას ქვეყნის შიგნით გაყიდით თუ ექსპორტზე აპირებთ გატანას?
- ნერგები უკვე გავყიდეთ აზერბაიჯანში. ისინი ერთ-ერთი ქალაქის გასამწვანებლად შეიძინეს. მოლაპარაკებები გვაქვს სომხეთთან. ასევე, ნერგების ექსპორტს ვგეგმავთ ყაზახეთში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა, საქართველოში გვირჩევნია გაყიდვა, რადგან ტრანსპორტირება იაფი დაგვიჯდება.
-თქვენ პროდუქტს რა ფასად გაყიდით?
- იტალიური ვერხვის ერთი ნერგი ევროპაში 90 ევროცენტი ღირს. ჩვენ ამ ფასად შევიძინეთ. აზერბაიჯანში 80 ევროცენტად გავყიდეთ. საქართველოს ბაზარზე მისი ფასი რა თქმა უნდა, უფრო დაბალი იქნება. ხის მასალის ფასს ჯერ ვერ გეტყვით. მას მოლაპარაკების შემდეგ განვსაზღვრავთ.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.