თაფლის საექსპორტო მოცულობის შესაქმნელად მეფუტკრეები კლასტერს ქმნიან
ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქართველ მწარმოებლებს, ვისაც ექსპორტი სურს, უცხოელი დამკვეთები პროდუქციის მიწოდებას რეგულარულად და დიდი მოცულობით ითხოვენ. ვინც გაყიდვები უცხოეთში სცადა, იცის, რომ მცირე და ფრაგმენტულად განხორციელებული ექსპორტი სარგებელს ვერ მოუტანს და გაერთიანების გარეშე, საკმარისი რაოდენობით პროდუქციის შეკრება, თითქმის შეუძლებელია. გაერთიანებების შექმნის მცდელობები სხვადასხვა სექტორში აქამდეც იყო. მაგალითად, ფერმერთა კოოპერატივების ჩამოყალიბებისთვის საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი დაიხარჯა, როგორც დონორებისგან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თუმცა, კოოპერატივების შექმნას საგრძნობი სარგებელი არ მოუტანია.
ვახტანგ ღლონტს და ირაკლი იაშვილს მეფუტკრეთა გაერთიანების იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც გერმანიაში მათი თაფლის 200 კილოგრამიანი პარტია სწრაფად გაიყიდა და დამკვეთებმა დამატებით რამდენიმე ასეული ტონა თაფლის გაგზავნა მოითხოვეს. თუმცა, მეფუტკრეებს ამ რაოდენობის პროდუქცია არ ჰქონდათ. ხარისხიანი თაფლის შეგროვება სხვა მწარმოებლებისგან შეუძლებელი აღმოჩნდა. გერმანელი დამკვეთები ქართულ თაფლის გაგზავნას კვლავაც ელოდებიან, ამიტომ ახალგაზრდა მეფუტკრეები გამოსავალს თანამოაზრე ფერმერების გაერთიანებაში ხედავენ. მათ კლასტერის ჩამოყალიბება სურთ, სადაც ის მეფუტკრეები მოიყრიან თავს, ვინც ფუტკარს თანამედროვე სტანდარტების დაცვით უვლის და ხარისხიან პროდუქტს აწარმოებს.
ვახტანგ ღლონტი გურიაში, საოჯახო მეურნეობიდან წელიწადში 5 ტონამდე თაფლს იღებს. გიორგი იაშვილს კი საფუტკრე რაჭაში, ამბროლაურში აქვს. ის წლიურად დაახლოებით 10 ტონამდე ცაცხვის თაფლს აწარმოებს. ახალგაზრდა მეწარმეებისთვის ფუტკრის სწორად მოვლის სასწავლებლად, gtz-მა საქართველოში გერმანელი ექსპერტები ჩამოიყვანა. ქართველი მეფუტკრეები გერმანელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ 2 წელი მუშაობდნენ.
ვახტანგ ღლონტი(მეფუტკრე): „გერმანელი სპეციალისტები გვასწავლიდნენ, როგორ მიგვეღო მაღალი ხარისხის თაფლი, რომელიც ევროპაში მაღალი სეგმენტის ბაზარზე შევიდოდა. გვაჩვენებდნენ, როგორ მომხდარიყო ფიჭების ჩანაცვლება, თაფლის ე.წ. დაკუპაჟება. თაფლი თანამედროვე ევროპული წესით მივიღეთ, გერმანიაში ამიტომ მოეწონათ. საკმაოდ დიდ ოდენობაზე არის მოთხოვნა, რაც ამ ეტაპზე არ გვაქვს. ამიტომ გადავწყვიტეთ ფერმერები გავაერთიანოთ, ვასწავლოთ ფუტკარს რა ტექნოლოგიით მოუარონ და შემდეგ თაფლი ერთობლივად გავიტანოთ ევროპაში.
სხვა ფერმერებმა რომ აწარმოონ ერთგვაროვანი და მაღალი ხარისხის საექსპორტო თაფლი, წელს ვერ მოვახერხეთ. 3-4 ტონაზე მეტს ვერ შეგროვდებოდა. ამიტომ მხოლოდ ჩვენ საკუთრებაში არსებულ თაფლის იმედზე ვართ. აქედან გამომდინარე, გაგვიჩნდა კლასტერის შექმნის სურვილი. კლასტერის შექმნა gtz-მაც შემოგვთავაზა, სადაც გაერთიანდებიან ჩვენნაირად მოაზროვნე მეფუტკრეები, რომლებიც ევროპულ სტანდარტს დააკმაყოფილებენ. რამდენიმე მეფუტკრესთან გვაქვს უკვე მოლაპარაკება, მაგრამ კლასტერს ჯერ იურიდიული სტატუსი არ აქვს. მეფუტკრეებს, ვისაც ჩვენთან სურს, მოთხოვნებს ვუყენებთ, რომ იმუშაონ ისე, როგორც ჩვენ ვეუბნებით, სანაცვლოდ, პროდუქტის რეალიზების გარანტიას ვაძლევთ.
არ არის აუცილებელი, გაერთიანებაში პირველივე წელს 30 კაცი შემოვიყვანოთ. აჯობებს, რომ კლასტერს 2-3 მეფუტკრე ეტაპობრივად დაემატოს. მათ უნდა ვაჩვენოთ, რომ კლასტერი ერთი მთლიანი ბირთვია და რომელიმე მათგანი ხარისხის გაუარესებით ყველას გაუფუჭებს საქმეს. მათ გუნდურად მუშაობა უნდა ვასწავლოთ. მერე ის სხვას შემოიყვანს და ასე გავერთიანდებით. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.
ქართულ თაფლზე დიდი მოთხოვნაა. შეიძლება 100 და 200 ტონა დაგვიკვეთონ. ამ რაოდენობის თაფლის წარმოებას 2-3 კაცი ვერ შეძლებს, ვერც 5 მეფუტკრის გაერთიანება ეყოფა. ამდენი თაფლის შეგროვებას მეტი ხალხი სჭირდება. პირველ ეტაპზე კლასტერში ისეთ მეფუტკრეებს გავაერთიანებთ, ვისაც ვიცნობთ, ვმეგობრობთ და საქმეში გამოცდილი გვყავს.
ერთი ფერმერის თაფლის ევროპულ ლაბორატორიაში შემოწმება დაახლოებით 1500 ევრო ჯდება. ამ თანხის ტყუილად გადაყრა ნამდვილად არ გვინდა. რამდენიმე მეფუტკრის თაფლი ანალიზის ჩასატარებლად ლაბორატორიაში შარშანაც გავგზავნეთ. შემოწმებამ აჩვენა, რომ ყველა ნიმუში სათანადო ხარისხის არ იყო. ამ ხალხთან კონტაქტი გვაქვს და მათი თაფლის ევროპაში შესამოწმებლად გაგზავნას წელსაც ვაპირებთ. იმედი გვაქვს, რომ თანდათან ყველაფერი დალაგდება და მათთან მუშაობას გავაგრძელებთ.
-კლასტერში ფერმერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გააერთიანებთ?
-მე გურიაში მაქვს მეურნეობა, ჩემი პარტნიორი რაჭიდანაა. გაერთიანების მსურველები არიან იმერეთიდან. ვფიქრობთ, მეფუტკრეები კახეთიდან ჩავრთოთ. ასევე, გვინდა ახალციხიდან რომ იყვნენ, რადგან იქ კლიმატური პირობები და თაფლოვანი კულტურები განსხვავებულია. შეიძლება კლასტერში სვანები და ხევსურებიც გავაერთიანოთ. მაგრამ ეს უკვე სამომავლო პერსპექტივაა. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა სახეობის თაფლს მოვუყაროთ თავი. გურიაში, მაგალითად, ალპური თაფლის წარმოება რთულია, რადგან ფუტკარი ბახმაროში ვერ მიგვყავს. რაჭაში ალპური თაფლის წარმოება უფრო მარტივია, განსაკუთრებით, შოვში. სამცხე-ჯავახეთში, ვაიოს ველებზე ისეთი თაფლი შეიძლება მიიღო, რომლის მსგავსი სხვაგან არ არის. გვინდა, რომ მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი არჩევანი იყოს.
-თქვენ გერმანიაში თაფლი „TAPLI“-ის ბრენდის ქვეშ გაიტანეთ. მომავალში კლასტერის წევრი მეფუტკრეების თაფლიც ამ ბრენდის ქვეშ გაიყიდება?
-საუბარია, რომ თაფლის ბრენდი გადმოგვეცეს. თუ ეს მოხდება, „TAPLI” იქნება კლასტერის ბრენდი და ექსპორტზე ჩვენი თაფლი ამ სახელით გავა. მაგრამ მწარმოებლის ვინაობა ქილაზე აუცილებლად დაიწერება. ხოლო თუ არ გადმოგვეცემა, მერე შეიძლება კლასტერისთვის სხვა ბრენდი შეიქმნას და ჩვენი პროდუქცია იმ სახელით გაიყიდოს. ვნახოთ, რა იქნება.
ქილა, რასაც თაფლისთვის ვიყენებთ, ევროპიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოდის. მინის ქილის რამოდენიმე მწარმოებელი საქართველოშიც არის, მაგრამ მათთვის შეკვეთის წინასწარ მიცემაა საჭირო. ბევრი ქილა არ გვჭირდება, ამიტომ მას მხოლოდ ჩვენთვის ვერ დაამზადებენ. ამჟამად თაფლს სულ 3-4 სახეობის ქილაში ვასხამთ. მომავალში ერთი ბრენდულ ქილაზე ვაპირებთ გადასვლას, რომელიც მხოლოდ ჩვენი იქნება, მაგრამ ჯერ ეს ვერ მოვახერხეთ.
-მეფუტკრეებისთვის კლასტერში გაწევრიანების შეთავაზების დროს წინააღმდეგობას თუ აწყდებით?
-ბევრ მეფუტკრეს სიახლის მიღება უჭირს. მეფუტკრეობაში ახალგაზრდები ნაკლებად არიან. ასაკიანი ადამიანები კი გაერთიანებას ცოტა სკეპტიკურად უყურებენ. სანამ კონკრეტულ ფინანსურ სარგებელს არ მიიღებენ, მანამდე ყველა სიახლეს უნდობლად ხვდებიან. არიან მეფუტკრეები, რომლებსაც თაფლის ექსპორტის საერთოდ არ სჯერათ. ბევრს ისეთი პრეპარატები აქვს გამოყენებული, რომელიც ცვლიდან 4-5 წელიწადი არ გამოდის. სანამ ისინი ანტიბიოტიკებით დაბინძურებულ ჩარჩოებს არ ჩაანაცვლებენ, ცვილი არ გამოიცვლება და მთელი რიგი პროცედურები არ ჩატარდება, საექსპორტო პროდუქციას ვერ დაამზადებენ. მაგალითად, მეტრონიდაზოლი ცვილში შეიძლება 4-5 წელიც დარჩეს, ასეთი თაფლი ამ წლების განმავლობაში ექსპორტზე ვერ გავა.
არიან მეფუტკრეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აუცილებლად ექსპორტზე უნდა იმუშაონ. ისინი იმ სირთულეებსაც აანალიზებენ, რაც მე და ჩემმა პარტნიორმა გავიარეთ. ჩვენ 2-3 წლიანი წვალება დაგვჭირდა, რომ ყველაფერი ევროპული სტანდარტით გაგვეკეთებინა. ჩვენ დავწერეთ დაკუპაჟების ევროპული მოდელი, სადაც აღწერილია, თაფლის დასუფთავება როგორ უნდა მოხდეს. ამას მეფუტკრეებს ვასწავლით. გაერთიანების პოტენციურ წევრები ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ. არც სხვა მეფუტკრეები იქნებიან ჩვენი კონკურენტები, რადგან საქართველოში იმ რაოდენობის პროდუქციას ვერ ვაწარმოებთ, რომ შიდა ბაზარიც შევავსოთ და ევროპის მოთხოვნაც დავაკმაყოფილოთ. რაც უფრო მეტი მეფუტკრე გაიტანს ექსპორტზე თაფლს, მით უკეთესია. ეს ქვეყანაში პროდუქციის წარმოებას გაზრდის.
-როგორ ფიქრობთ ქართულ თაფლზე მოთხოვნა ევროპაში მომავალშიც შენარჩუნდება?
- ევროპაში თაფლის ბაზარი დაყოფილია 2 ძირითად ნაწილად: ბაზრის 15% იკავებს 4-5 დოლარიდან ზემოთ საფასო სეგმენტის თაფლი, ხოლო 85% დაბალფასიანი თაფლია, რომელიც შედის ჩინეთიდან, უკრაინიდან. ეს 1 -1,5 დოლარიანი სამომხმარებლო თაფლია. ქართული თაფლი კი მაღალი ღირებულების არის. ლაბორატორიულმა დასკვნამ აჩვენა, რომ ის განსაკუთრებულია. საქართველოში წარმოებული თაფლი ხშირად პოლიფლორულია, მაგრამ საუკეთესო. შეიძლება ქართულ თაფლზე ევროპაში მოთხოვნა ერთ წელიწადს შენარჩუნდეს, მეორე წელს კი აღარ იყოს. ამიტომ ჩვენ ხარისხზე უნდა ვიმუშაოთ. მაგალითად, უკრაინამ 4 წლის წინ შეიტანა მაღალი ხარისხის თაფლი გერმანიაში. მეორე წელს დოკუმენტები გააყალბეს და სამომხმარებლო თაფლი შეიტანეს. გერმანელებმა შეამოწმეს და მაღალი სეგმენტის ბაზრისკენ გზა დაუკეტეს. საქართველოდან რომელიმე არაკეთილსინდისიერმა მწარმოებელმა რაღაც გზებით უხარისხო თაფლი რომ შეიტანოს, მაღალ სეგმენტში შესვლას სხვა ექსპორტიორებსაც აუკრძალავენ. გერმანიის საზღვარზე ჩვენი თაფლი შეამოწმეს, იყო თუ არ ნამდვილად იმ ხარისხის, რა ნიმუშიც წინასწარ გვქონდა გაგზავნილი.
თაფლის მოსავალი კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. თუმცა, მეურნეობაში მენეჯმენტი სწორად უნდა იყოს დალაგებული. ფუტკარს ფერმერიც უნდა დაეხმაროს, კლიმატური პირობები თუ ერთ ადგილას არ არის კარგი, ის სხვა ადგილზე უნდა გადაიყვანოს.
საქართველოში ბუნება არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თაფლი ძალიან დიდი მოცულობით ვაწარმოოთ. ფუტკარი განსაზღვრული ფართობიდან კონკრეტულ ოდენობის თაფლს იღებს. ნედლეულის რა ბაზაც არის ქვეყანაში, იმის შესაბამის პროდუქტს შეაგროვებს. თუ ქვეყანაში თაფლოვანი მცენარეების პლანტაციები გაშენდება, შეიძლება მოსავალი გაიზარდოს, მაგრამ ეს სამომავლო პერსპექტივაა.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.