როგორ ფუნქციონირებენ კლასტერები ლიეტუვაში
ევროპული გამოცდილება ქართული კლასტერებისთვის
(ნაწილი პირველი)
თანამედროვე ეპოქაში კლასტერებად გაერთიანება სულ უფრო მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის, კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის, ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად და განაპირობებს ბაზარზე ახალი პროდუქტების გაჩენას. ურთიერთდაკავშირებული ბიზნესების კლასტერებად გაერთიანება განსაკუთრებით განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. ამ ქვეყნებში კლასტერები ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას. პარტნიორობის პრინციპით კლასტერში გაერთიანებული კომპანიების ეფექტურობა მაღალია. კლასტერი იზიდავს ახალ ტექნოლოგიებს, გამოცდილ მუშახელს და ინვესტიციებს.
კლასტერები წარმატებით ფუნქციონირებენ ლიეტუვაშიც, სადაც ამ მიმართულებით საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს, შესაბამისად, საინტერესო იქნება მათი გამოცდილების გაზიარება საქართველოში არსებული საწარმოებისთვის. ჩვენთან კლასტერების შექმნა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ეს ბიზნეს კავშირები ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტად განვითარებული რჩებიან. მათ გაძლიერებას არაერთი პრობლემა უშლის ხელს. ახალი კლასტერების შექმნის პროცესიც საქართველოში საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს.
საქართველოსგან განსხვავებით, კომპანიების კლასტერებად გაერთიანებას ლიეტუვაში რამდენიმე ათეული წლის ისტორია აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში ლიეტუვას დიდი გამოცდილება დაუგროვდა. მათი განვითარება დიდწილად განაპირობა ევროკავშირის ფინანსურმა მხარდაჭერამ. ევროკავშირმა ახალი კალსტერების ჩამოყალიბებისთვის ლიეტუვას სოლიდური თანხები გამოუყო. კლასტერების შექმნას და მასში ინოვაციების დანერგვას აქტიურად უწყობს ხელს ქვეყნის ხელისუფლებაც.
ლიეტუვაში კლასტერების შექმნის პროცესი განსაკუთრებით 2010-15 წლებში გააქტიურდა და ამ პერიოდში ბევრი კლასტერი შეიქმნა, ამიტომ კლასტერების უმრავლესობა ჯერ ახალგაზრდაა. ამჟამად ლიეტუვაში სულ 60-მდე კლასტერია, რომელთაგან ზოგი განვითარების საწყის ეტაპზეა, ხოლო ზოგიერთის შექმნა ევროკავშირის ფონდებიდან დახმარების მიღების სურვილმა განაპირობა. საერთო ჯამში, კლასტერების მხოლოდ მეოთხედი შეიქმნა ბუნებრივად, სადაც კომპანიები ახალი პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებისთვის და ბაზარზე წილის გაზრდის მიზნით გაერთიანდნენ. ბუნებრივად ჩამოყალიბებული კლასტერებია: ვილნიუსის კინო კლასტერი, ლაზერული და საინჟინრო ტექნოლოგიების კლასტერი, ელექტრონული სერვისების კლასტერი, თანამედროვე სახლების დეველოპერული კლასტერი, სტომატოლოგიური ინოვაციების კლასტერი, პლასტმასის და ახალი მასალების კლასტერი.
მცირე კლასტერები საშუალოდ 13 წევრისგან შედგება, ხოლო დიდი კლასტერი 30 ან მეტ კომპანიას აერთიანებს. ლიეტუვაში უფრო მეტი კლასტერი მომსახურების სექტორში არის შექმნილი, ვიდრე სამრეწველო სექტორში. განსაკუთრებით ბევრი იქმნება ჯანმრთელობისა და კულტურის სექტორებში და ინფორმაციული სერვისების სფეროში. ბევრი კლასტერია შექმნილია ქიმიურ მრეწველობაში და კვებისა და სასმელების ინდუსტრიაში. ყველაზე მცირე კი ტექსტილის, ხის და ავეჯის ინდუსტრიაში. მათი უმრავლესობა ლიეტუვას ეკონომიკურად განვითარებულ ქალაქებში არის თავმოყრილი, სადაც ეკონომიკური სუბიექტებისა და დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე მაღალია. ქვეყნის რეგიონებში ასევე, შექმნილია მიკრო კლასტერები.
ლიეტუვას კლასტერების უმეტესობა მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში, ევროკავშირის სხვადასხვა ინიციატივებში. ამ პროექტების დახმარებით ხდება უცხოელი პარტნიორებისგან ცოდნისა და ინოვაციების შეძენა, აგრეთვე, კომერციული თანამშრომლობის განვითარება. ამჟამად ისინი უკვე იმაზე მუშაობენ, როგორ გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე, შეუერთდნენ საერთაშორისო პროექტებს და შექმნან ღირებულების ახალი ჯაჭვი, რაც სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ კლასტერის წევრებს, არამედ ქვეყნის ეკონომიკას. კლასტერები ლიეტუვაში უკვე საერთაშორისო აქტივობების განხორციელების ეტაპზე არიან, ცდილობენ საერთაშორისო დონეზე გააფართოონ საქმიანობა და პროექტებში უცხოელი პარტნიორები ჩართონ.
ლიეტუვაში კლასტერების სიძლიერეს ხელსაყრელი პირობები განაპირობებს, რაც შედარებით იაფი და კვალიფიციური სამუშაო ძალის, განვითარებული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და კომპანიების კარგი ტექნოლოგიური ბაზის არსებობაში გამოიხატება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კლასტერის შექმნა ყველაზე მეტად საშუალო და მცირე ბიზნესისთვის არის ხელსაყრელი, რათა საკუთარი კონკურენტუნარიანობა გაზარდონ. ლიეტუვაშიც, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, კლასტერში გაერთიანებული საწარმოები ხშირად ერთმანეთის კონკურენტებიც არიან, მაგრამ ეს ხელს არ უშლით, რომ ითანამშრომლონ ბევრი მიმართულებით, რესურსების განაწილებით დაწყებული, პროდუქციის ერთობლივი წარმოებისა და ინოვაციებით დამთავრებული.
ბენეფიტები, რასაც კომპანიები კლასტერში გაერთიანებით იღებენ:
-უფრო ადვილი და იაფია სპეციალიზებული ინფორმაციის მიღება;
-სხვა ბაზრებზე გასვლა უფრო მარტივია, ერთობლივი მარკეტინგისა და გაყიდვების გამო;
-იზრდება ტენდერებში მონაწილეობა მიღების შანსი და დიდი შეკვეთების შესრულების შესაძლებლობა;
-უკეთესი პირობები ინოვაციისთვის;
-იზრდება კლასტერის წევრი კომპანიების კონკურენტუნარიანობა შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე;
-სამუშაო ძალის კვალიფიციურობის ზრდა, რასაც სპეციალისტთა ტრენინგების არსებობა განაპირობებს.
-საერთო სპეციალიზებული ინფრასტრუქტურის შექმნა კლასტერის წევრებისთვის;
-წევრ კომპანიებს შორის რესურსების გაზიარება;
-საერთო მიწოდების ჯაჭვის ფორმირება;
ყველაზე წარმატებული კლასტერები ლიეტუვაში
ლიტვური საკვების მწარმოებლების ასოციაცია- ეროვნული სურსათის კლასტერი დაარსდა 2006 წელს. მასში 22 წევრია გაერთიანებული, რომელთა შორის არიან საკვები პროდუქტების კომპანიები, მათ შორის ტკბილეულის, ბოსტნეულის მწარმოებლები. კლასტერის წევრია ჯანსაღი პროდუქტების „სამეცნიერო კაფე”, გაყინული ნახევარფაბრიკატების, სამკურნალო მცენარეების მწარმოებლები. ასევე, სარესტორნო მოწყობილობების მიმწოდებელი კომპანია. ეროვნული სურსათის კლასტერში გაერთიანებული არიან ფერმერებიც, ლიეტუვას სამეურნეო და სატყეო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და მებაღეობის ინსტიტუტი;
კლასტერში შემავალი კომპანიები აწარმოებენ მაღალი ხარისხის, ინოვაციურ პროდუქტებს ადგილობრივი ნედლეულისგან. კლასტერი აქტიურად თანამშრომლობს ლიტველ მეცნიერებთან.
კლასტერის ერთ-ერთი წევრია ლიტვური ტკბილეულის მწარმოებელი Rūta UAB, რომელმაც შეიმუშავა ინოვაციური პროდუქტი Greenz ბოსტნეულის ნედლეულისგან, რომელიც ბიოაქტიური ფრაქციებისგან შედგება და გამდიდრებულია პრობიოტიკებით, ვიტამინებით და მიკროელემენტებით.
კლასტერის კიდევ ერთი წევრის -სოფლისა და სატყეო მეურნეობის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა ნატურალური პროდუქტების მწარმოებელ Mėlynė–თან ერთად, შექმნეს ვეგეტარიანული ცილოვანი სასმელები, რომლებიც არ შეიცავს სოიას და გლუტენს, სინთეზურ დანამატებს და ხელოვნურ დამატკბობლებს.
კლასტერის ძირითადი მიზანია კვების მრეწველობის განვითარება, კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ინოვაციების ხელშეწყობა. ასევე, კლასტერი მუშაობს შემდეგ საკითხებზე:
-კლასტერის წევრების საქმიანობის კოორდინაცია და ინოვაციური პროდუქტების წარმოება;
-წევრებს შორის თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის წახალისება;
-კლასტერის წევრების მიერ ერთობლივი პროექტების წამოწყება და ტრენინგების ჩატარება;
-კლასტერის წევრების კვალიფიკაციის ამაღლება;
-ერთობლივი მარკეტინგისა და რეკლამირების განხორციელება.
-კლასტერის წევრების მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო გამოფენებში;
-თანამშრომლობა კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
კლასტერი მისი წევრების ინტერესებს წარადგენს საჯარო უწყებებში და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
კიდევ ერთი წარმატებული SMART FOOD კლასტერი შეიქმნა 2013 წელს ლიეტუვას სურსათის ექსპორტიორთა ასოციაციის ბაზაზე. კლასტერში 27 წევრია, კვების მრეწველობის სხვადასხვა დარგიდან. მათ შორის არიან: საკვები დანამატების მწარმოებელი კომპანია; სამკურნალო მცენარეების ჩაის დამამზადებული საწარმო; პურეულის, ყველის, ხორცპროდუქტების, ლუდის, საკონდიტრო, მარცვლეულის, კლასტერში არიან უცხოური კომპანიებიც. მაშ შორის უკრაინული სარეკლამო-მედია ორგანიზაციაც.
კვლევისა და განვითარების პროექტებში(R&D) 2018 წელს კლასტერის წევრებმა ჯამში ჩადეს 6,5 მილიონი ევროს ინვესტიცია. კლასტერის წევრი კომპანიების საერთო ბრუნვა 700 მილიონ ევროს აღემატება. წარმოებული პროდუქციის 50% -ზე მეტი ექსპორტზე 60-ზე მეტ ქვეყანაში გადის.
კლასტერი აქტიურად მუშაობს შემდეგი ამოცანების შესასრულებლად:
- ექსპორტის ხელშეწყობა;
- კლასტერის წევრების შესაძლებლობებისა და კომპეტენციების გაერთიანება;
ე.წ. „პროდუქტის კალათების" შექმნა და მათი გატანა ადგილობრივ და უცხოეთის ბაზრებზე.
- კლასტერის წევრების საჭიროებების კოორდინაცია;
- ერთობლივი ფუნდამენტური და სამრეწველო კვლევები;
- ინოვაციების დანერგვა;
- კომპანიების ინტეგრაცია საერთაშორისო ქსელებში ახალი წევრების მოზიდვით;
- დასაქმებულების აღქმის შეცვლა სასწავლო პროცესებში ჩართვის გზით;
- გამოფენებში კლასტერის წევრების მონაწილეობის ორგანიზება საზღვარგარეთ და ლიტვური წარმოშობის პროდუქტების წარმოდგენა. SMART FOOD- ი გახდა მთავარი კლასტერი, რომელიც წარმოადგენს ლიტვის კვების სექტორის ევროპის კლასტერების გაერთიანებაში და არის აღმოსავლეთ ევროპის საკვების კლასტერული ქსელის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ლიეტუვას ასაწყობი სახლების კლასტერი 2014 წლის ბოლოს დაარსდა. კლასტერში შედის ხის პანელისა შვიდი და სახლის ამწყობი კომპანია, და ერთიც ხის სამშენებლო -საინჟინრო კომპანია და ოთხი შენობის კომპონენტის მიმწოდებელი საერთაშორისო კომპანია. კლასტერში ადგილობრივის გარდა გაერთიანებული არიან ნორვეგიული და შვეიცარიულ კომპანიები. წევრი კომპანიები ორიენტირებული არიან საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე. კლასტერის წევრთა წარმოების 90% -ზე მეტი საექსპორტო პროდუქტია. ძირითადი საექსპორტო ბაზრებია ნორვეგია და შვედეთი. კლასტერის მიზანია ლიეტუვა გახდეს აღმოსავლეთ ევროპაში ხის ასაწყობი შენობების წამყვანი მწარმოებელი.
კლასტერის საქმიანობა მიმართულია მოახდინოს:
- კლასტერის წევრების ფართო რეკლამირება;
- სექტორის მიმზიდველი იმიჯის შექმნა;
- ხის სახლების პოპულარიზაცია ლიტვაში;
- კლასტერის წევრებს შორის თანამშრომლობისა და დახმარების წახალისება;
- ერთმანეთთან დაკავშირებული სექტორების და კომპანიების გაერთიანება;
- ტრენინგების ორგანიზება;
- წევრი კომპანიების პრობლემების, ხარვეზების იდენტიფიცირება და გამოსწორება; ლობირება;
- ინოვაციების დანერგვა.
ვილნიუსის კინოკლასტერი
ვილნიუსის კინოკლასტერი 2007 წელს ჩამოყალიბდა. ადგილობრივი კინოინდუსტრიის კომპანიებმა გადაწყვიტეს ძალები გაეერთიანებინათ, რაც საშუალებას მისცემდათ კონკურენცია გაეწიათ კინო და სატელევიზიო პროექტებისთვის გლობალურ ბაზარზე. როგორც კი კლასტერი გაიზარდა, თავის შემადგენლობაში კომპანიები გასართობი ინდუსტრიიდან მიიწვია. კინო კლასტერში სულ 31 კომპანიაა, რომელთა წლიური ბრუნვა 2018 წელს 20 მილიონი ევროს შეადგენდა. კლასტერის წევრებმა კვლევისა და განვითარების პროექტებზე(R&D) 200 ათას ევროზე მეტი დახარჯეს.
ვილნიუსის კინო კლასტერის ინფრასტრუქტურის შექმნაზე 600,000 ევრო დაიხარჯა.კინოკლასტერის ლაბორატორიის შექმნაზე კი 1.3 მილიონი ევრო.
კლასტერის საქმიანობა:
-ფილმების, ანიმაციების, სერიალების წარმოება,
-სარეკლამო პროდუქციის დამზადება;
-კამერის, განათების აღჭურვილობის გაქირავება და მომსახურება;
-სპეცეფექტების შექმნა;
-ტექნოლოგიური და სოციოლოგიური კვლევები;
-ფესტივალების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება.
ზემოთ ჩამოთვლილი კლასტერების გარდა ლიეტუვაში აქტიურად ფუნქციონირებენ: ლაზერული და საინჟინრო ტექნოლოგიების კლასტერი; ლაზერული მიკრო მოწყობილობების კლასტერი; ლიეტუვას ავტონაწილების ექსპორტის ასოციაცია; სამედიცინო ტექნიკის კლასტერი.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.