(როგორი) იქნება გერმანული რაციონალიზმი 30 წლის შემდეგ?
ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.
რა დასანანი იქნება, გერმანიაში, ჩემი აზრით, საგანგაშოდ მომძლავრებულმა სოციალისტურმა აზროვნებამ ამ პროტესტანტულ კულტურას, რისი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინებაც წესრიგი და შრომისმოყვარეობაა, ბოლო მოუღოს. ამის ნიშნები, ჩემი აზრით, აშკარაა: ბერლინში ძალიან მაღალია მემარცხენე 20-35 წლის ადამიანების რიცხვი, ვისაც არა მხოლოდ შურს მდიდრების, არამედ მათ მიმართ ფიზიოლოგიური სიძულვილი აქვს. ამ ზაფხულს ბერლინში ერთ კაცს, როგორც კი ვუთხარი, რომ დაბალ გადასახადებს, მინიმალურ მთავრობას და რეგულირებას ვემხრობი მეთქი, მაგიდიდან წამოდგა და მითხრა შენთან რა საერთო შეიძლებოდა მქონდესო და წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ავუხსენი ლიბერტარიანელი არ ვარ მეთქი.
განზოგადებას ძალიან ფრთხილად ვუდგები, მაგრამ ბერლინში შვებულების ორი კვირის მანძილზე სხვის ხელებში შემყურე და მდიდრებზე დაბოღმილ იმდენ 20-35 წლის გერმანელს გადავეყარე, გაოცებული დავრჩი: ამ ადამიანებიდან, ვინც მუშაობდა, მოთქვამდა რა უბედურებაა 40 საათიანი სამუშაო კვირა და ნაწილი არც ცდილობდა სამსახური ეპოვა და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობდა ჩაგვრაზე.
რა კარგია, იმუშავეთ ამერიკელებო წელიწადში 360 დღე, საშუალოდ 5 სამუშაო დღე დაისვენეთ წელიწადში, იზრუნეთ მესამე მსოფლიოს განვითარებაზე, ხარჯეთ თქვენი შემოსავლის ევროპელებზე 30-ჯერ მეტი წილი ქველმოქმედებაზე და ევროპელებმა დაისვენონ: ადამიანი სულ ხო ვერ იშრომებს, ცოტა დასვენებაც ხო უნდა, რა ჯობია 30 საათიან სამუშაო კვირას. არ ვიცი ამ განწყობების ხელში გერმანიას, რომელიც ჯერჯერობით ისევ ევროკავშირის ლოკომოტივია, რა მომავალი აქვს.
პროტესტანტული შრომის ეთიკა იყო ის ძირითადი მაფორმირებელი ფაქტორი, რამაც გერმანია აქცია იმ ქვეყნად, რაც ჯერ კიდევ არის. რა იქნება როცა გერმანელების ის თაობა, რომელსაც სისხლში აქვს გამჯდარი შრომის ეს პროტესტანტული ეთიკა, წავა და მოვლენ ეს საყოველთაო გათანაბრების მომხრე, ფულის კეთების და კაპიტალიზმის მადემონიზებელი, რისკის გაწევის მოძულე, თვითკმაყოფილი, მდიდარ და წარმატებულ ადამიანებზე დაბოღმილი, დასვენებაზე (არა მაინცდამაინც გართობაზე) ორიენტირებული, უნიციატივო, ზარმაცი ადამიანები (30 საათიანი სამუშაო კვირა რატომ არ არის სიზარმაცე ვინმემ დამაჯერებლად ამიხსნას და ვიტყვი, რომ არ არიან ზარმაცები), რომლებიც არც საკუთარ თავზე დახარჯავენ ფულს და არც სხვებზე, არა იმიტომ, რომ ძუნწები არიან, არამედ იმიტომ, რომ არაფერი ექნებათ დასახარჯი. ესენი ხომ მოკლავენ ეკონომიკას (სამომხმარებლო ხარჯვაა ეკონომიკის უმთავრესი მასაზრდოებელი და თუ ფულს არ დავხარჯავთ, რა დაემართება ბიზნესს?!). ცხადია, რომ ეს თითქმის მთლიანად(!) მემარცხენე ახალგაზრდა თაობა სხვების დასახმარებლად გაცილებით ნაკლებს დახარჯავს, ვიდრე გერმანელების უფროსი თაობა, რომელიც ამერიკელებთან შედარებით ისედაც ხელმოჭერილია, ისევ არა სიძუნწის გამო, არამედ იმიტომ, რომ არაფერი ექნებათ დასახარჯი.
რაც შეეხება, რისკის გაწევის უხალისობას რაც ზემოთ ვახსენე, რისკის გაწევის კვლევები აჩვენებს, რომ გერმანიაში და მთლიანად ევროპაში ამ ასაკობრივ ჭრილში (როგორ შეიძლება ჯანსაღი და ნორმალური იყოს ბიზნესში რისკის გაწევის ესეთი დაბალი მზადყოფნა ამ ასაკის ახალგაზრდებში?!) რისკის გაწევის მაჩვენებლები ძალიან დაბალია. ვერავინ დამაჯერებს, რომ რისკის გაწევის გარეშე შესაძლებელია ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების დონის შენარჩუნება.
მეორე პრობლემაა კონსუმერიზმის ხელაღებით დემონიზება, რაც, უკვე გადაიზარდა მოხმარების შემცირებაში. კონსუმერიზმის დემონიზების ფონზე გარემოსთვის ზიანის არმიყენების მოტივებით მოხმარების შემცირება უკვე იღებს საშიშ ხასიათს, ამერიკელ ახალგაზრდებშიც კი. როცა ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებაზე ეკითხებოდნენ ჯორჯ ბუში უმცროსი ამერიკელებს ეუბნებოდა წადით საყიდლებზეო. პასუხისმგებლიანი მოხმარება შესაძლებელია მოხმარების არსებული მასშტაბების პირობებშიც. გარემოსთვის ზიანის მინიმიზებაზე გამუდმებით ვფიქრობ და მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი უარყოფითი კვალი მინიმუმამდე დავიყვანო.
საშუალო კლასის კომფორტზე (არა ფუფუნებაზე) ორიენტაცია არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გარეშეც დასავლეთში ეკონომიკა ვერ მიაღწევდა განვითარების ამ მასშტაბებს. ევროპაში საშუალო კლასის კომფორტზე (ფუფუნებაზე არ ვლაპარაკობ) ორიენტაცია 20-30 წელიწადში სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება: რაში გვჭირდება ახალი დივანი, ძველი ხომ არ გაცვეთილა?! ძველი არ გაცვეთილა, მაგრამ მოგვბეზრდა და ვიყიდოთ რა ახალი. ამაზე გერმანელი 20-35 წლამდე ადამიანების, ჩემი აზრით, საგანგაშოდ დიდი ნაწილი ამბობს რა უყაირათობა/ფლანგვააო! (what a waste!).
ჩემი მოკლე ჭკუით, ეს ტენდენციები ამ პროტესტანტულ კულტურას, რისი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინებაც გერმანული წესრიგი და შრომისმოყვარეობაა, ბოლოს მოუღებს, რაც ძალიან არ მინდა, რომ მოხდეს.