როცა ციხე შიგნიდან ტყდება
დანგრეულ, მაყვლის ბუჩქებით გადავლილ ციხეს გვერდი ავუარეთ თუ არა, იქვე ახლოს თითქმის გაუდაბნოებულ ველზე ერთ პატარა გორაკთან შევჩერდით. გორაკთან იმიტომ, რომ აქედან უფრო კარგად გამოჩნდებოდა ის, რის სანახავად შინდისელმა დომენტიმ საგანგებოდ წაგვიყვანა. თუმცა ბევრი თხოვნაც არ დაგვჭირვებია აქ მოსასვლელად. ძალიან გვაიტერესებდა საკუთარი თვალით გვენახა დომენტის და მისი თანასოფლელების გულისწყრომის მიზეზი.
„თქვენი გვარი შემახსენეთ“, კეთილგანწყობილი მზერით მივმართე შუახნის დომენტის, არ მინდოდა დამეფრთხო. - „არ არის პრობლემა შვილო“, მიმიხვდა განზრახვას და გვარი რიხიანად შემოგვძახა და იქვე დააყოლა: „არავისი არ გვეშინია“. გავიფიქრე, რისი უნდა გეშინოდეს, ადამიანო, ამდენი ომი და უბედურება გამოგივლიათ. გორის რაიონის სოფელ შინდისში ვიყავით, ცხინვალიდან რამდენიმე კილომეტრში ე. წ. გამყოფ საზღვართან ახლოს.
„იმ ადგილს ხომ ხედავთ?“ - ლიახვის გაღმა მდებარე პატარა შენობაზე მიგვითითებდა დომენტი - „ერთი კაცი მართავს ყველაფერს იქედან, სულ თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი ყველაფერი, დააჭერ ხელს სტიქიის დროს დამცავი ბადეები გადაეფარება მცენარეებს, გვალვის დროს კი მთელი 60 ჰაქტარი წვეთოვანი სისიტემებით ირწყვება. თუ ვინმეს ჰგონია მარგველაშვილი წმინდანი, ნამდვილად ცდება, სწორედაც რომ ჩვენი პრეზიდენტის არის ეგ თანამედროვე ვაშლის ბაღები, რომელიც 28 მილიონი დაჯდა, არა ბიჭოს! აბა, მითხარით, გლეხი გაუწევს კონკურენციას მაგას?! “ - ცხარობდა კი არა, გაცეცხლებული იყო დომენტი.
უსიტყვოდ დავიშალეთ. დომენტის, რომელიც იქვე ცხოვრობდა, დავემშვიდობეთ და გზად ისევ ციხესთან ამოვიარეთ, მოუვლელობით გაპარეტახებულ ციხესთან. ეს ციხე მეჩვიდმეტე საუკუნის მაინც იქნებაო, გვითხრეს ადგილობრივებმა, ციხეს სათოფურები აქვს და მეჩვიდმეტემდე თოფები საქართველოში არ იყოო.
ციხე რომლის სახელი შინდისელებმა ვერ გვითხრეს, სოფლის ცენტრში მდებარეობს. აქვე გზაჯვარედინი და პატარა მოედანია, სადაც „ბირჟისთვის“ იდეალური ადგილია. აქვე 24 წლის ფერმერი ბექა გავიცანით, რომელიც პომიდვირის მოყვანისთვის თავის დანებებას და ამერიკაში ბიძაშვილთან სამუშაოდ (რომელმაც მწვანე ბარათი მოიგო) წასვლას გეგმავს.
რომ გაიგო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე უნდა გვესაუბრა, ბექამ გასაყიდად დაწყობილი, პომიდვრით სავსე ყუთები მიატოვადა და ჯერ საინფორმაციო ბანერების ჩამოკიდებაში მოგვეხმარა, შემდეგ კი მომდევნო ორი საათის განმავლობაში ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია ჩვენი მოსმენა. ეს საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის ბაზრის სიკეთეებზე „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი“-ს მხარდაჭერით გაიმართა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა საინტერესო ადამიანები გაგვეცნო და მათი პრობლემები შეგვეკრიბა.
ერთი შეხედვით წარმოუდგენელია ჩახვიდე შინდისში და იმის მოლოდინი გქონდეს, რომ ვინმე პროდუქციის ექსპორტისათვის ლოგისტიკური მარშრუტების თემაში ღრმად შემოგყვება. სოფლის რწმუნებული ალექსი ის კაცია, რომელის ლოგისტიკურ თემებში შემოგყვება კი არა, „თუ ფეხი დაგიცდა“ დაგცინებს. ამ კაცთან ანტვერპენის საზღვაო პორტზე საუბარიც კია შესაძლებელი. ლოგისტიკაში ძლიერი ვერ არის მაგრამ, შინდისელ ვასიკოს სეზონზე 100 ტონამდე კომბოსტოს მოყვანა შეუძლია, თუმცა წელს რეალიზაციის პრობლემის გამო 80 ტონის გადაყრა მოუწია. რაც შეეხება დომენტის, მას უკვე კარგად ვიცნობთ, ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ის ე.წ. „პრეზიდენტის ვაშლის ბაღების“ სანახავად წაგვიყვანს და განათლების მინისტრ ა. ჯეჯელავას ვაშლების ამოცანასაც ამოხსნის.
დომენტი და შინდისის საინფორმაციო შეხვედრის სხვა მონაწილეები „პრეზიდენტის ბაღებს“ და ჯეჯელავას მიერ სკოლებში ვაშლების დარიგების ინიციატივას ერთმანეთს დაუკავშირებენ და ჩვენც საკმაოდ გაოგნებულებს გამოგვაცილებენ. მარგველაშვილი რომ ვაშლს მოიყვანს, ხომ უნდა გაყიდოს, ჯეჯელავაასთვის ვაშლები უბრალო ახირება კი არ არის, მარგველაშვილს პროდუქციას უსაღებსო. ასეთი უსამართლობის გამო კი ჩვენ პატარა ფერმერები ვიჩაგრებით, რადგან არაკეთილსინდისიერ მონოპოლიებს კონკურენციას ვერ ვუწევთო - დაიჩივლებენ ჩვენთან საუბარში გულგატეხილი შინდისელები.
კიდევ ერთი საკითხი რომელიც შინდისის მაცხოვრებლებს ძალიან აწუხებთ, შხამ-ქიმიკატების ვარგისიანობის პრობლემაა. მათი თქმით, “ბაიერი“-ს ან სხვა ფირმის ნაწარმოები შესაწამლი საშუალებები ერთ წელს კარგად მოქმედებს, მეორე წელს კი არანაირი ეფექტი არ აქვთ. მათი ვარაუდით, რეალიზატორი ბიზნესოპერატორები შხამ-ქიმიკატებს აყალბებენ, პასუხს კი ამაზე არავინ ითხოვს, ფერმერები ზარალდებიან, პროდუქციის ხარისხი და უვნებლობა კი კატასტროფულია.
კატასტროფულია შინდისის ციხის მდგომარეობაც, რომელსაც ბევრი ტურისტის მიზიდვა შეეძლო, მაგრამ სარეველებით და მაყვლოვანით სავსეა. მთელი გზა თბილისამდე კი ჩვენი თავებია სავსე იმაზე ფიქრით, ამ ჩიხური მდგომარეობითან გამოსავალი როგორ ვიპოვნოთ.
რამდენიმე დღეში „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი“-ს ორგანიზებულ „ბას ტურში“(bus tour) მივიღეთ მონაწილეობა და ისევ გორში ამჯერად კი საზღვართან ახლოს მდებარე სოფელ ტირძნისსა და ქვემო ხვითში შევხვდით მოსახლეობას. ამ შეხვედრის მიზანი იყო, რომ ევროპულ ფასეულობებსა და თითოეული მოქალაქისათვის ევროკავშირთან ვაჭრობის სარგებელზე გვესაუბრა.
ტირძნისში თბილისიდან ჩასულმა ცნობილმა და ნაკლებად ცნობილმა ადამიანებმა არაფორმალურ გარემოში ვცადეთ მოსახლეობის განწყობების შესწავლა ევროკავშირთან მიმართებაში. სკეპტიციზმი არ გაჭაჭანებულა, ვაჩუქეთ წინასწარ შერჩეული ლიტერატურა და გავცვალეთ საკონტაქტო ინფორმაციები. სამაგიეროდ, მეორე სოფელში, ქვემო ხვითში კი ისეთი “წინააღმდეგობა“დაგვხვდა ევროინტეგრაციის პროცესებზე, რომ არც დაგვესიზმრებოდა.
„ევროკავშირის ბაზარი არა ისა“
„მაინც ვერაფერს გავიტანთ“
„რა ფერმერობაზეა ლაპარაკი, ქლიავის ნერგის ყიდვაც რომ გინდოდეს იმასაც არ მოგყიდიან სანერგეები, მარტო ფულიან ფერმერებზე გასცემენ ნერგებს“
„შესაწამლი საშუალები დღეს რომ კარგია, ხვალ უავარგისია, ამის გამკითხავი არავინაა“
„გუშინ რომ „ბუტკა“ ედგათ დღეს უზარმაზარი მაღაზიებით აქვთ შხამ-ქიმიკატების გამყიდველებს, არადა გაყალბებაზე დაიჭირეს ცოტა ხნის წინ, დღეს ისევ გარეთ არიან და ისევ თავისუფლად გვატყუებენ…“
„აქმდე არ ვიცოდი, რომ პროდუქციის ნამდვილობის და შესაბამისობის სერტიფიკათი უნდა მოვითხოვოთ, აწი მოვითხოვთ, მაგრამ აგერ ვნახავთ, რა ნაყოფსაც გამოიღებს ეს მცდელობა!“
„თურქეთიდან ან სხვა ქვეყნიდან რომ შემოდის თავისუფლად პროდუქცია, ჩვენ რატომ ვერ გაგვაქვს?“
„ან გამგებელმა ბაჩუკამ რა ქნას, ჩვენ იმას ვთხოვთ, ის გორში ჩადის და იმასაც დააშოშმინებენ, ყველაფერს მოვაგვარებთო და კი ხედავთ, რომ საქმე არ კეთდება, ძმაო“
„ჩვენ აბა რისი შეცვლა შეგვიძლია, ჩვენ ვინ რას გვკითხავს…“
ამ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას არცერთი ჩვენთაგანი შეჰგუებია. ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი, გამომცემლობა „რადარამი“-ს წარმომადგენელი მაია მესტუმრე, სცენარისტი ქეთი დევდარიანი, შეხვედრის ორგანიზატორი ეკა იმერლიშვილი და მე გადაქანცვამდე ვსაუბრობდით ევროპულ ფასეულობებსა თუ ევროკავშირთან ურთიერთობის პრაქტიკულ სარგებელზე. ქართველი ექსპორტიორების წარმატების მაგალითებმა და ალბათ ჩვენმა სიღრმისეულმა მიდგომებმა გაჭრა. ყინული გავალღვეთ. ქვემო ხვითელი სკეპტიკოსი გიორგი, პაატა, ავთო და კიდევ მათი რამდენიმე მეზობელი გადმოვიბირეთ. ადვილი ნამდვილად არ იყო. თუმცა, გადმოვიბირეთ და ყველა კითხვაზე პასუხი ნათელია, ამის მტკიცება უნამუსობა იქნებოდა. ბევრი საკითხი ისევ ღია დარჩა და ისევ ნათლად გამოჩნდა ჩიხური მდგომარეობა, საიდანაც გამოსავალი წინასაარჩვნო დაპირებები კი არა კომპლექსიური და გააზრებული მიდგომებია.
გზად სოფელ შინდისში გამოვიარეთ და უკვე მეორედ ვნახე რამდენიმე დღის შუალედში შინდისის უსახელო დაქცეული ციხე. ძველ გამოთქმას თუ დავუჯერებთ: „ციხე შიგნიდან ტყდება“. საქართველოს ბევრ სოფელსა და ქალაქში შინდისის ციხესავეთ გულგატეხილი ადამიანების პოვნა არ ჭირს. მითები „პრეზიდენტის ბაღებზე“, ეჭვები ფალსიფიცირებულ შხამ-ქიმიკატებზე და უსამართლობის შეგრძნება არის პირობა, როცა ციხე შიგნიდან ტყდება. შემდეგ კი ეკალ-ბარდის ამოძირკვა რთულია.