მათთვის, ვინც უყურებს “სამეფო კარის თამაშებს” და ვინც არ უყურებს, მათთვისაც
რაც უფრო ზემოთ მივყვებოდით სერპანტინს, მით უფრო პატარავდებოდა ჩვენს თვალწინ ვარძია, მით უფრო მეტი სივრცე და მთები მოჩანდა ვარძიის მიღმა. არადა, როდესაც გამოქვაბულებში დავდიოდით, ვფიქრობდი, ნეტავ დამანახა, ამ კლდის მიღმა რა ხდება-თქო.. რაც უფრო დიდი ხდებოდა მასშტაბი, მით უფრო მეტად წააგავდა ფუთკრის სკას ვარძია, პატარა გველს ემსგავსებოდა ქვემოთ მტკვარი, ცა იყო სავსე უცნაური მოლურჯო-მოშავო ლაბირინთებით… ბოლოს, 40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ.
ძირითადად, აჭარელი ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელში ჯერ სახლი-მოჩვენებები შემოგვეფეთა - ბევრი მიტოვებული, ზოგიც დაუმთავრებელი სახლი თუ ნასახლარი გაშლილ ოქროსფერ მინდორში - უცნაური კონსტრუქციის საბჭოთა დროინდელი რკინის შავი მაღალი კოშკი - ალბათ ძველი საქვაბე. ხრამთან, საიდანაც ჩვენი სასტუმრო წერტილივით ძლივს მოჩანდა, ზუოდა ქარი - ველოდებოდით “სტალკერს”….
ჰაერი იყო სულ სხვა, რასაკვირველია, 2000 მეტრზე ზემოთ ვიყავით დიდი ხანია, ქარი იყო მშრალი და მოჰქონდა ბალახის სურნელი. სკოლის ეზოსკენ გავემართეთ, იქ უნდა გვქონოდა შეხვედრა ადგილობრივებთან. სკოლის ეზოში “დავბანაკდით”, გავშალეთ ჩვენი საინფორმაციო ბანერები და პლაკატები… უნდა მომეყოლა, ევროკავშირთან ვაჭრობის წარმატების მაგალითებზე. მომეჩვენა, რომ ამოცანა აქ გაცილებით რთული იქნებოდა, ვიდრე ბარში, სხვა სოფლებში. ვხვდებოდი, სინამდვილეში სულ სხვა რამეზე მოუნდებოდა აქ ხალხს საუბარი…
მზე იყო და ცხელოდა, ნერვიულობისგან, არა, სიცხისგან უცებ პირი გამიშრა, ჩემი პრეზენტაციის დრო მოვიდა… რა უნდა მეთქვა ამ ხალხისთვის, რომელსაც არ ჰქონდა სოფელში გაზი, სარწყავი წყალი, რომელიც უგზოობის გამო მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს, სადაც მოჰყავთ ძირითადად კარტოფილი და ვაჭრებს ადგილზე აბარებენ, რომლებიც ახალქალაქის მიმდებარე სოფლებიდან ამოდიან და, “კაპიკებში” იბარებენ მათგან ტომრებს, რომელიც შემდეგ დიდ ქალაქებში მიაქვთ . “ჩვენ რომ გზა გვქონდეს, უფრო გაგვიადვილდებოდა ცხოვრება, მეტი მიმოსვლა გვექნებოდა, ჩვენც უფრო ადვილად წავიღებდით ჩვენს კარტოფილს, ჩავიტანდით ყველს, კარაქს, ერბოს… ამ ფონზე მოდი და ევროკავშირის სიკეთეებზე ელაპარაკე ამ მიტოვებულ ადამიანებს..
ერთი სიტყვით, ღმერთს შეწევნა ვთხოვე და უცებ ერთი მაგარი ამბავი გავიხსენე, საუბარიც ამით დავიწყე…
“ხომ ვიცით ყველამ, დღეს სუნელებში ტყვია რომ აღმოაჩინეს? - ვეკითხები. ქალებმა შეწუხებული სახეებით, თავი დამიქნიეს, კი, როგორ არ ვიცითო, - ერთი მეწარმეა, შიდა ქართლში ცხოვრობს, სულ პატარა ბიჭი იყო, 14 წლის, როდესაც სოფლებიდან კოწახურს აგროვებდა და ბაზარში ყიდდა, - განვაგრძე - დღეს უკვე საკუთარი შემოსავლიანი საქმე აქვს და იცით როგორ? დაქირავებული ჰყავს ხალხი და შიდა ქართლის სოფლებში, სვანეთში, სხვაგან, სადაც კლდოვანი, მთიანი ადგილებია, აგროვებინებს სხვადასხვა მცენარეებს სუნელებისთვის, ამბობს, რომ ასეთ ადგილებში გამონაბოლქვი არ არის და ამიტომ, მისი სუნელი ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელია, მოთხოვნაც დიდია მის პროდუქციაზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც კი შეამოწმა და თქვა, რომ გელას სუნელი სრულიად უვნებელია. - დავინახე ინტერესი ქალების სახეებზე, აუდიტორია ყურადღებით მისმენდა - დღეს უკვე ამ კაცს, გელა ჭყოიძეს, საკუთარი საწარმო აქვს, აფართოებს, ახალ დანადგარებს ყიდულობს, ამბობს, რომ უნდა სუნელები ევროპაშიც გაყიდოს, ესპანეთში და საბერძნეთში ბიზნეს პარტნიორები ჰყავს. თქვენ, ვინც აქ ცხოვრობთ, - ვაგრძელებ, - ამ დროს ხალხში დავინახე მამაკაცი, რომელიც იგრძნობოდა, რომ ადგილობრივი თემის ლიდერი იყო, თავს დასტურის ნიშნად მიქნევდა, მივხვდი, რომ კონტაქტი დავამყარე, ინტერესი გამოვიწვიე და მიხაროდა.. თქვენც რომ დაგეწყოთ ასეთი საქმიანობა, აქ ხომ გარშემო სულ მთებია, ამდენი სასარგებლო მცენარეებია, ზოგი სრულიად იშვიათობაა, დარწმუნებული ვარ, რომ გაერთიანებულიყავით და ეს საქმე წამოგეწყოთ, შედეგს ნამდვილად მიაღწევდით, შემდეგ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია აუცილებლად შემოგეშველებოდათ, ამდენი სახელმწიფო პროგრამაა, ჩვენ დაგეხმარებით პროგრამის შერჩევაში, მერე ვინ იცის, იქნებ ევროპაში გატანაზე ფიქრი დაიწყოთ, - ვეუბნები და უკვე დავიწყე ჩვენი წარმატების მაგალითების მოყოლა: როგორ გაიტანა ოთხმა ხულოელმა გლეხმა გერმანიაში 4 ტონა ეკოლოგიურად სუფთა ნიორი, როგორ ყიდის კომპანია “ჯეო ფლაურსი” მშრალ სამკურნალო მცენარეებს გერმანიაში, როგორ შეუკვეთეს თიანეთში გერმანელებმა ერთ-ერთ კოოპერატივს რამდენიმე ტონა ტყის მაჟალო, როგორ გავიტანეთ კივი, ლურჯი მოცვი, მატყლი, სხვადასხვა მომსახურებები და ასე შემდეგ…. ვყვებოდი, თან ვაჩვენებდი ჩვენს საინფორმაციო საილუსტრაციო მასალებს და მიხაროდა იმიტომ, რომ თვალებში იმედის ნაპერწკლის მაგვარ “შუქებს“ ვხედავდი…
შემოდით ჩვენთან საიტზე, დაათვალიერეთ, დაგვირეკეთ, აი ჩვენი სავიზიტოები, დაგეხმარებით - ვამბობდი - მერე, როდესაც შეხვედრა დამთავრდა ქალები მოვიდნენ, - რა, განა შინდი რომ დავკრიფოთ ან ასკილი გავახმოთ ვერ ჩავაბარებთ? - რასაკვირველია, ჩააბარებთ, ასეთი კოოპერატივები უკვე არსებობს საქართველოში, ევროკავშირის პროგრამა ENPARD აფინანსებს და თქვენც თუ დაამატებთ თქვენს პროდუქციას, საბოლოოდ საქართველოდან რაც მეტი ასკილი გავა, მაგალითად გერმანიაში, სადაც ძალიან დიდი მოთხოვნაა ბიოლოგიურად სუფთა მცენარეებზე, მით უფრო კარგად დაიმკვიდრებს საქართველო ადგილს საექსპორტო ბაზრებზე და მით უფრო მეტი შემოსავალი, თანაც ევროებში და არა წყალწაღებულ რუბლებში გექნებათ თქვენ, მით უფრო უკეთეს განათლებას მისცემთ შვილებს, წინ წახვალთ, წელგამართულები ივლით, - ვეუბნები.
მაგრამ ზაქარიამ მიწაზე ჩამოგვიყვანა… არ გვაქვს გაზი, არ გვაქვს გზა, - ამბობს. არ შევეპუე - მოსთხოვეთ ხელისუფლებას გაიყვანონ გაზის მილსადენი, დააგონ მოასფალტებული გზა, როდესაც აქ ამოვდიოდით წეღან, ემოციისგან თავი ვერ შევიკავე, ისეთი სილამაზე იშლებოდა ყოველი ახალი ამოსახვევიდან, რა, განა თქვენ აქ რომ გაზი და გზა გქონდეთ, პატარა სასტუმროებს ვერ ააშენებთ? ზედ თავისი პატარა მეურნეობებით, საქონელი კი გაქვთ და კარტოფილი - აგერ ვხედავ თვალუწვდენელ მინდვრებს, დავიჯერო, ან ფუთკარი არ გყავთ? იცით, რა ღირს ალპური ზონებიდან თაფლი ევროპაში? - და მოვყევი ფასებზე, რატომ სჯობს ჩვენი თაფლი ჩინურს, რას ამბობენ ჩვენს გრძელხორთუმიან მშრომელ ფუტკარზე, როგორ შეიძლება მისი “დაბრენდვა”, რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტთან წვდომა (გაირკვა, რომ მხოლოდ მობილური ინტერნეტი აქვთ ადგილზე), რამდენი შესაძლებლობებია, რომ შენი უნიკალური ადგილი დაიმკვიდრო დღევანდელ სამყაროში, როცა იცი შენი კონკურენტული უპირატესობა, და ა.შ. და ა.შ. - მოკლედ, ბოლომდე დავიხარჯე, იქ კიდევ დათო ტურაშვილი ჩაერთო, მოყვა იაგო ბიტარიშვილის ისტორია, როგორ დაიწყო ერთი პატარა ვენახით სოფელ ჩარდახიდან და დღეს მთელს მსოფლიოში თავის უნიკალურ ქვევრის ღვინოს რომ ყიდის - შემოვაშველე ჩვენი პლაკატი მომღიმარი იაგოთი მხარზე “ჩინურის” ბოთლით…
შორიდან “ქართული ოცნების” მაისურიანები გვიყურებდნენ ღობიდან, მობრძანდით დავუძახე, გვიღიმოდნენ, არ მოსულან.
მერე, წავედით და ადგილობრივებისგან სამყურას და იონჯას ნარევი თაფლი ვიყიდეთ თეთრი, ლამაზი. მივედით ხრამთან სოფლის პირას, საიდანაც ვარძია და მტკვარი დეკორაციასავით მოჩანდა. თვალუწვდენელი ჯავახეთის სივრცეები, საოცარი მთა, როგორც კედელი, რომელზეც ვიდექით და სამყარო ჩვენს ქვემოთ. ისევ უკან ვეშვებოდით იმავე რთულად სასიარულო სამანქანო გზით და ვფიქრობდი, აქ რომ ინფრასტრუქტურა მოაწყოს სახელმწიფომ, ხომ იქნებოდა ეს საოცარი ადგილი ტურისტებისთვის ზღაპარი? მერე, მე ხომ “სამეფო კარის თამაშების” “ფანი” ვარ, ერთხელ ვნახე ვიდეო, იქ მოთამაშე მსახიობები ყვებიან, სად მოგზაურობენ გადაღებების დროს. ხორვატია, კანადა, ირლანდია, ისლანდია - ეს ის ადგილებია, სადაც GOT გადაღებები მიდის, არადა ეს ჩვენი ჯავახეთის “სამხრეთის კედელი” ისე კარგად შეასრულებდა “ჩრდილოეთის კედლის” “როლს” ამ სერიალში, რომ მოვინდომოთ! რომ მოგვენდომებინა, ამ წლებში ქვეყანა წინ წაგვეწია, ხომ არ ჩამოვვარდებოთ 8 პუნქტით ქვემოთ “გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში”, სადაც 137 ქვეყანაა შეფასებული, რატომ გაუარესდა ჩვენი მიმზიდველობა? არც ომი ყოფილა, ღმერთით, არც რაიმე სერიოზული პრობლემა, რატომ არ არის ჯერაც ქვეყანაში თავდადებული ადამიანების “კრიტიკული მასა” ხელისუფლებაში, ვისთვისაც სულერთი არ არის “ჩამოვვარდებით” თუ “ავფრინდებით” საერთაშორისო რეიტინგებში, შემოვა ჩვენთან მეტი უცხოური ინვესტიცია, თუ არ შემოვა, გაიყვანენ ჯავახეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში გაზს, დაუგებენ თუ არა მყარ, უსაფრთხო გზას, გაუყვანენ ინტერნეტს და ამით შეუქმნიან იქ მცხოვრებ ადამიანებს განვითარების შესაძლებლობებს, კონკურენტულ უპირატესობას, შანსს გადარჩენაზე ფიქრის გარდა სხვა ფიქრებიც და ოცნებებიც გააჩნდეთ?! ეეეეეეჰ
როდესაც დავბრუნდით სასტუმროში, გავიცანი სასტუმროს მეპატრონე, ასმათ დიასამიძე - 1 წელია, რაც ამ საოცარ ადგილას, ვარძიის სამონსტრო კომპლექსის წინ, მტკვარს გადაღმა კომფორტის ოაზისი შექმნა, 9 წელი აშენებდა - ეს სულ სხვა ისტორიაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გაჩერებას არ აპირებს, გაზი არც მას აქვს და სასტუმროს დენზე ამუშავებს, რა ხარჯია წარმოგვიდგენია ყველას….ეგეთი პატრიოტი და თავდადებული ქალები სხვებიც მინახავს და მათი იმედი მაქვს ყოველთვის. საერთოდ, კერძო სექტორში გაცილებით დიდი მუხტია ვიდრე სახელმწიფო სექტორში ამ ქვეყანაში. იმის მიუხედავად, რომ ნათელი თავები აქაც არსებობს და შემართებაც არის, მაგრამ ასეთი არასაკმარისი რაოდენობის ადამიანებშია, იმისთვის, რომ სასიკეთო ცვლილებები სწრაფად მოიტანონ.
ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს სოფლებში მოგზაურობას “აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის” ე.წ. “ბას ტურების” (bus tours) ფარგლებში, კიდევ ბევრი გვექნება მოსაყოლი…