საქართველოში თხილზე ფასები ეცემა, საერთაშორისო ბაზრებზე კი - იზრდება
გავრცელებული დაავადების გამო, თხილის ხარისხი საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესდა, შესაბამისად, ფერმერებისგან შესყიდვის ფასი 1 კგ-ზე 5 ლარიდან- 3-3,30 ლარამდე დაეცა.
როგორც eugeorgia.info-ს ექსპორტიორმა კომპანია “ქესკიას” ხელმძღვანელმა, დალი მარხულიამ განუცხადა, შავი ზღვისპირეთში წელს თურქეთიდან მინდვრებს ე.წ. “ნაცარი” მოედო, რომელმაც თხილთან ერთად სხვა კულტურებიც დააზიანა, ადგილობრივი ფერმერები კი მზად არ აღმოჩნდნენ.
“ნაცარი, როგორც დაავადება, ჩვენთან არასდროს ყოფილა, ამიტომ არასდროს ვწამლავდით. ვერავინ შენიშნა, ჩუმად მოედო, მარტო თხილს კი არა, ხეებსა და ბალახსაც კი. თხილს გარედან რომ შეხედავ, საღია, გულს რომ გატეხავ, სულ შავი წერტილები აქვს, გაფუჭებულია. ალბათ, მაღალი ტენიანობისა და სიცხის ბრალია. გადარჩა მხოლოდ ნაკვეთები, რომლებიც შედარებით მაღალმთიან რეგიონებში იყო. ჩვენ ნაჭუჭიან თხილს ვიბარებთ გლეხებისგან, ვამტვრევთ და ექსპორტზე ვუშვებთ. თუ ადრე, 1 კგ გულის დასამზადებლად, 2,7 კგ თხილი სჭირდებოდა, ახლა 3,5 კგ-ია საჭირო. ხარჯი გვეზრდება, გარდა ამისა, მუშახელიც მეტ ანაზღაურებას ითხოვს, რადგან უფრო მეტი შრომა უწევს. თხილზე ფასებიც ამიტომ დაეცა”, - განაცხადა დალი მარხულიამ.
მისი თქმით, მთავრობამ მომავალ წელს თადარიგი უნდა დაიჭიროს და ე.წ. “ნაცარზე” მინდვრების მასობრივ შეწამვლაზე იზრუნოს, რადგან ფერმერებს ინდივიდუალურად შესაბამისი პროცედურების ჩატარება ძვირი უჯდებათ და, იმავდროულად, არაეფექტურია.
“1 ჰა მიწის ფართობს, სულ მცირე, 3-4 -ჯერ შეწამვლა სჭირდება, რაც, დაახლოებით, 300-400 ლარი ჯდება, თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ხელით ჩაატარებს პროცედურებს და ტექნიკას არ გამოიყენებს. რაც ძალიან შრომატევადია და დიდ დროს მოითხოვს”, - მიიჩნევს მეწარმე.
აღსანიშნავია, რომ ქართული ბაზრისგან განსხვავებით, ბოლო ორ თვეში თხილის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 25%-ით გაიზარდა და 1 კგ-ზე 8,5 დოლარი შეადგინა. მიზეზი თურქეთში არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა და მოსალოდნელი მცირე მოსავალია. მეზობელი ქვეყანა კი მსოფლიო თხილის 80%-ს აწარმოებს. როგორც თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, წელს 468 ათას ტონა თხილს აიღებენ, მაშინ როცა, მაისში 604 ათას ტონას ვარაუდობდნენ. უცხოელი ექსპერტების ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, 30%-ით შემცირდება მოსავალი საქართველოსა და აზერბაიჯანშიც (ერთად 70 ათასი ტონა). ისინი თხილის საერთაშორისო ბაზარზე წელს მეოთხე კვარტალში არასტაბილურობას პროგნოზირებენ.