ქართულ კასრებზე მოთხოვნა გერმანიასა და ყაზახეთშია
კომპანია „პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები”, რომელმაც პირველად საქართველოში კასრების წარმოების მივიწყებული ტრადიცია აღადგინა, ავეჯის წარმოებასაც იწყებს.
კომპანიას ქართველი და ესპანელი დამფუძნებლები ჰყავს. 2013 წელს გურჯაანში მიტოვებული მექანიკური ქარხნის რეაბილტაცია განახორციელა, სადაც 630 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩადო, აქედან550 ათასი დოლარი სახელმწიფოსგან შეღავათიანი სესხის სახით მიიღო. ქართული კასრები ექსპორტზე გერმანიაში გაიტანა, თუმცა, როგორც ქარხნის მენეჯმენტი აცხადებს, მოთხოვნა ქართულ ბაზარზეც საკმაოდ მაღალია. „პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები” წელიწადში, დაახლოებით, 300-მდე კასრს აწარმოებს, რომლის ფასი 550 ევროა, მაღალ ფასს ნედლეულის სიძვირე განაპირობებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მასალა საფრანგეთსა და აშშ-დან შემოაქვთ და ადგილზე ამუშავებენ.
„მუხის 365 ჯიში არსებობს, თუმცა, კასრისთვის მხოლოდ რამდენიმე თუ გამოდგება, შეიძლება, საქართველოშიც იყოს ამ ჯიშის მუხა, მაგრამ ჯერ ერთი, 60 წლის ზევით უნდა იყოს და ასეთ ხეს ვინ მოგვაჭრევინებს?! გარდა ამისა, ვერ მივცემთ მეღვინეს გარანტიას, როგორ არომატს მისცემს ღვინოს. მოგეხსენებათ, ალკოჰოლის ბუკეტს - კენკრის იქნება, ქლიავის, ატმის, ვარდის, თუ სხვა ყვავილებისა და ხილის - ზუსტად მუხის კასრები განაპირობებს, ამასთანავე, დამოკიდებულია გამოწვის ხარისხზეც. შავ ღვინოს თეთრზე ნაკლები გამოწვა ესაჭიროება, უფრო ცოტა სპირტს, ვისკიზე კი - პრაქტიკულად, დანახშირებულია. აღსანიშნავია, რომ მასალის მომზადებასაც თავისი ტექნოლოგია აქვს - ორი წლის განმავლობაში გარეთ უნდა იყოს, აწვიმდეს, ათოვდეს, რომ ბუნებრივი ფილტრაცია განიცადოს“, - განუცხადა eugeorgia.info-ს კომპანიის დირექტორმა, ვასიკო კალანდაძემ.
საწარმოს საქმიანობაში არა მხოლოდ ახალი ჭურჭლის, არამედ გამოყენებულის აღდგენაც შედის. როგორც წესი, მუხის კასრში მხოლოდ სამი მოსავლის ღვინის დავარგება შეიძლება, შემდეგ მის დეზინფექცირებას, მოხვეწასა და გამოწვას ახორციელებენ.
„ამის შემდეგ კიდევ ორი მოსავლის დავარგება შეიძლება, შემდეგ კი სპირტისთვის იყენებენ. ზოგადად, ჩვენი კასრების კედლები 3,4 სმ-ია, 2,2 სმ-ს რომ ჩამოდის, შემდეგ უკვე აღარ გამოდგება. მოვიფიქრეთ და ასეთი გამოუსადეგარი კასრებისგან ორიგინალური დიზაინის დეკორატიული ავეჯის წარმოება დავიწყეთ“, - აღნიშნა ვასიკო კალანდაძემ.
კომპანია კასრის ფორმის მაგიდებს, სავარძლებს და სხვა ნივთებს აწარმოებს. მათი ფასი პროდუქტის მოცულობისა და დამზადების სირთულის მიხედვით, 50 ლარიდან იწყება 600 ლარამდე აღწევს.
„ავეჯზე ძალაინ დიდი მოთხოვნაა, იგივე ღვინის კომპანიებისგან, პაბებისგან, რესტორნება და სასტუმროებისგან. ჩვენს მაგიდებს იყენებენ, როგორც ღვინის სადეგუსტაციო მაგიდებს. უცხოურ ანალოგებთან შედარებით ჩვენი პროდუქცია 2-3- ჯერ უფრო იაფია“,- აღნიშნა მეწარმემ.
მისი თქმით, მართალია, როგორც კასრებზე, ასევე ავეჯზე ადგილობრივ ბაზარზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ კომპანიის განვითარებისთვის მაინც ექსპორტის დივერსიფიცირებაა საჭირო.
„კასრებს საფრანგეთი და იტალია თავად აწარმოებს, გერმანიაში კი - გაცილებით მოთხოვნადი პროდუქტია. თუმცა, როგორც კასრები, ასევე ავეჯი საკმაოდ მძიმეა, ევროპისგან შორს ვართ და ტრანსპორტირების ხარჯი მაღალია, ამიტომ ვცდილობთ, ახლომდებარე რეგიონის, მაგალითდ, „აბრეშუმის“ გზის ქვეყნებიც ავითვისოთ. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ღვინის კასრებზე დიდი დაინტერესება გამოთქვეს ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდანაც კი. ამ ეტაპზე უცხოურ კომპანიებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - აღნიშნა ვასიკო კალანდაძემ.