IFC-მა „საქართველოს ბანკის“ ლარში დენომინირებულ ევროობლიგაციებში 45 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო
„საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ“ (IFC)„საქართველოს ბანკის“ ლარში დენომინირებულ ევროობლიგაციებში 108.34 მილიონი ლარის (დაახლოებით, 45 მილიონი დოლარის) ინვესტიცია განახორციელა. როგორც საფინანსო ინსტიტუტში აცხადებენ, ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივ ვალუტაში საქართველოს კერძო სექტორისთვის აუცილებელი საერთაშორისო დაფინანსების მოზიდვას. შესაბამისად, კომპანიებს გაფართოების, სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკურ ზრდაში წვლილის შეტანის შესაძლებლობა ექმნებათ.
“IFC-მ, როგორც რიგით პირველმა ინვესტორმა (anchor investor), მზადყოფნა გამოხატა, ბანკის დაგეგმილი ემისიის, დაახლოებით, 30 პროცენტი შეეძინა, რითაც მხარი დაუჭირა ინვესტორებისთვის შეთავაზებას და ხელი შეუწყო ნდობის განმტკიცებას დაგეგმილი ტრანზაქციის მიმართ. ამ ობლიგაციების ემისიის შედეგად საქართველოს ბანკმა 500 მილიონი ლარი (დაახლოებით, 207 მილიონი დოლარის ეკვივალენტი) მოიზიდა 20 საერთაშორისო ინვესტორისგან“, - აცხადებენ საერთაშორისო საფინანო ინსტიტუტში.
ობლიგაცია სამწლიანია და ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც საქართველოს საფინანსო ინსტიტუტმა საერთაშორისო ბაზარზე ლარში დენომინირებული ობლიგაცია გამოუშვა (ასევე პირველია უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში პოსტ-საბჭოთა სივრცეში, რუსეთის გარდა). ემისია ქვეყნის წამყვან ბანკს საშუალებას მისცემს, გაზარდოს გრძელვადიანი დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში, რაც საშუალებას მისცემს კომპანიებს გაფართოვდნენ და თავიდან აიცილონ უცხოურ ვალუტაში დაფინანსებასთან დაკავშირებული რისკები. ემისია ხელს შეუწყობს დედოლარიზაციის სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირების არის მიმართული.
„ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის წარმატება ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას ქართული ვალუტის და ეკონომიკის მიმართ. ეს ასევე ხელს შეუწყობს საერთაშორისო ინვესტორების მიერ საქართველოს კერძო სექტორის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამ ტრანზაქციამ „საქართველოს ბანკს“ საშუალება მისცა, მოიზიდოს ძალზე საჭირო დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში, რაც საცალო მსესხებლებსა და მცირე და საშუალო ბიზნესს გაფართოებისა და სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას მისცემს და ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწყობს“, - აღნიშნა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა.
საქართველო IFC-ის წევრი1995 წელსგახდა. 22 წლის განმავლობაში საფინანსო, აგრობიზნესის, წარმოებისა და ინფრასტრუქტურულ 60-მდე პროექტში IFC-მა 1.64 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მსოფლიოს მასშტაბით, 2016 საფინანსო წლის განმავლობაში IFC-იმ განვითარებადი ქვეყნებისთვის, ჯამში, დაახლოებით, 19 მილიარდი დოლარი გამოყო.