თბილისის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობა ივლისში დასრულდება
თბილისის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობა ივლისში დასრულდება.
როგორც თეზ-ის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ტაბიძემ eugeorgia.info -ს განუცხადა, მარტიდან ეკონომიკურ ზონაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის, კომუნიკაციების, სანიაღვრე არხებისა და გზების გაყვანა,
“ჩვენი კომპანია 2015 წლის ბოლოს შეიქმნა, თუმცა, რეალურად, მის მოსაწყობად სამუშაოები მხოლოდ ახლა დაიწყო. საკმაოდ რთულია ისეთი კომპანიების მოზიდვა, რომლებიც საჭირო კომუნიკაციებით საკუთარ თავს უზრუნველყოფდნენ, ამიტომ თანხების მოძიებამ და ინფრასტრუქტურის მშენებლობამ მოგვიწია. ამ პროექტში უკვე 2,5 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია ჩავდეთ ”, - აღნიშნა გიორგი ტაბიძემ.
ამ ეტაპზე თბილისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მხოლოდ ერთი საწარმო - ამერიკული კომპანიის მიერ დაფუძნებული დატა-ცენტრი (BitFury) მუშაობს.
“ჩვენს ზონაში რეგისტრაციის სურვილი აზერბაიჯანულმა, უკრაინულმა და ირანულმა საწარმოებმა გამოთქვეს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ უკვე კონკრეტულ პროექტებს განვიხილავთ”, - აღნიშნა ტაბიძემ.
თბილისის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომლის ფართობი 17 ჰა-ია, გლდანში მდებარეობს. კომპანიამ ვალდებულება აიღო, ჯამში, 30 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია განეხორციელებინა. როგორც თეზ-ში აცხადებენ, აღნიშნული ვალდებულება უკვე შეასრულეს, თანხა, ძირითადად, დატა-ცენტრის მშენებლობას მოხმარდა.