თხილის ექსპორტიორებს გაისად HCCP-ის დანერგვა მოუწევთ
მომავალი წლიდან თხილის ექსპორტიორი კომპანიებისთვის ჰიგიენის საერთაშორისო სტანდარტის, HCCP -ის, დანერგვა სავალდებულო გახდება.
როგორც თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე მოწერილიამ eugeorgia.info -ს განუცხადა, დარგი წლების განმავლობაში ქაოტურად ვითარდებოდა, დღეისათვის ბევრი მცირე თუ საშუალო საწარმო ფუნქციონირებს, რომლებიც რეგისტრირებული არ არის, წარმოების პროცესში სურსათის უსაფრთხოების ნორმები ხშირად დარღვეულია და თხილის გადამუშავება დაბინძურების მაღალ რისკებს შეიცავს.
„ყველა, ვისაც არ ეზარება, თხილს ყიდულობს, ტეხავს, გადაყიდის, გადმოყიდის, ცხრა ადამიანის ხელში გადადის და ბოლოს ხვდება საწარმოში, რომელიც მის ექსპორტს ახორციელებს. ეწევიან უკანონო საქმიანობას, ზოგი ოჯახური ბიზნესია, ზოგი არაოჯახური, რეალურად, იმ კომპანიების რიცხვი, სადაც ხარისხის კონტროლი ხორციელდება, საქართველოში 20-ზე მეტი არ იქნება. წვრილი საწარმოები ექსპორტიორებზე არიან მიბმული. სახელმწიფო ჰკარგავს შემოსავლებს, გლეხიც. ეს ქაოსი უნდა მოწესრიგდეს როგორც საგადასახადო, ასევე ჰიგიენის კუთხით. რომ დაინახოთ, რა პირობებში ხდება ზოგან თხილის გადამუშავება, შეიძლება, არც შეჭამოთ - არც საპირფარეშოა იქ, არც ხელსაბანი, ზის 30 ქალი და თხილს ტეხავს. შეიძლება, ნაწლავის ჩხირიც აღმოჩნდეს ასეთ თხილში და სხვა დაავადებებიც“, - აღნიშნა მოწერილიამ.
მისი თქმით, არცთუ იშვიათია ფალსიფიკაციების შემთხვევებიც, რაც, საბოლოო ჯამში, მსოფლიო ბაზარზე ქართული თხილის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს. შესაბამისად, სხვა ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციასთან შედარებით, დაბალ საფასო სეგმენტში იყიდება.
„გასულ წელს საექსპორტო პროდუქციაში მიწის თხილი აღმოაჩინეს. ის კომპანია გაჩერებულია, მწარმოებელი კი, ვიდრე გამოძიება დასრულდებოდა, გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს. არ ვიცი, რა ბედი ეწია. თხილის ფქვილში მჭადის ფქვილს ურევენ. მართალია, ამის ფაქტი ოფიციალურად არ გამოვლენილა, თუმცა, საქართველოა და ასეთი რაღაცეები არ იმალება“, - აღნიშნეს ასოციაციაში.
მოწერილიას თქმით, 2018 წლიდან ექსპორტიორი კომპანიები სხვა მეწარმეების გადამუშავებელ თხილს, რომლებიც HCCP-ის სერთიფიკატს არ ფლობენ, ვეღარ ჩაიბარებენ.
eugeorgia.info-ის კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ HCCP-ის სავალდებულო დანერგვის მოთხოვნამ მცირე მეწარმეების ბიზნესიდან „ამოვარდნა“ და დარგის გამსხვილება გამოიწვიოს, ალექსანდრე მოწერილიამ განაცხადა:
„რეალურად, თხილის გადამამუშავებლებს არ აქვთ ფინანსური პრობლემები, რომ 15 ათასი დოლარი სტანდარტის დანერგვისთვის ვერ გადაიხადონ, გარდა ამისა, მათ დასახმარებლად ფუნქციონირებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID - ს პროგრამა, რომელიც თანხის ნახევარს უფინანსებს, აგრეთვე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.
თხილს საქართველოს საექსპორტო პროდუქტებს შორის მოცულობის მიხედვით მეორე ადგილი უკავია, გასულ წელს ექსპორტზე 179 მილიონი დოლარის თხილი გავიდა. საქართველოს მსოფლიო თხილის წარმოებაში 4,3% უკავია და სიდიდით მეოთხეა თურქეთის, იტალიის და აშშ-ის შემდეგ.