უკრაინული მარცვლეული ირანში საქართველოს გავლით მოხვდება
უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ირანში ნაწილობრივ საქართველოს გავლით განხორციელდება, - აცხადებენ „ფოთის მარცვლეულის ტერმინალში“.
როგორც eugeorgia.info-ს ტერმინალის დამფუძნებელმა, კონსტანტინე ოსიპოვმა, განუცხადა, ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ წელს ხელი მოეწერა უკრაინის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ირანის რკინიგზების შეთანხმებას კონკურენტუნარიანი სატარიფო პოლიტიკის შესახებ. შესაბამისად, უკრაინული მარცვლეულის ირანში გასატანად საქართველო-აზერბაიჯანის სატრანზიტო სივრცის გამოყენება ხელსაყრელი იქნება.
„ირანი სიმინდისა თუ ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია. უკრაინული მარცვლეულით გემები ოდესის პორტში იტვირთება და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ბანდერ-აბასის პორტის მეშვეობით ხვდება. ხორბლისა, თუ ნავთობის ფასები სტაბილურია, ერთადერთი, რითაც შეიძლება, მათი თვითთღირებულებაში რამე შეცვალო, შედარებით ხელსაყრელი ლოჯისტიკური ჯაჭვი ააწყო. პირობითად, თუ 1 ტონა ხორბლის გადაზიდვა სპარსეთის ყურით 40-45 დოლარი ჯდება, 2-3 დოლარით იაფი გზა რომ შესთავაზო, თუ დიდ მოცულობებზეა საუბარი, ბიზნესი აუცილებლად წამოვა, შეიძლება, 0,5 ცენტიან სხვაობაზეც კი დათანხმდეს’, - აღნიშნა კოკი ოსიპოვმა.
მისი გათვლებით, საქართველოს გავლით უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირება ირანში ალტერნატიულ გზასთან შედარებით 2-3%-ით იაფი იქნება.
„უკრაინული ხორბლის პირველ პარტიას ახალი მოსავლისთვის ველოდებით, ანუ, ივლისში. ჩვენი გათვლებით, პირველ ეტაპზე, 100-150 ათასი ტონა შეიძლება მივიღოთ, ან უფრო მეტი“, - იმედოვნებს კოკი ოსიპოვი.
„ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ მესამე წელია, მოქმედებს. როგორც მენეჯმენტი აცხადებს, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარს, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით ტვირთების გატარებას ემსახურებაge