ლიტვა რუსეთის ნაცვლად გაზს აშშ-დან მიიღებს
ლიტვის გაზის ტრეიდერმა სახელმწიფო კომპანიამ Lietuvos Duju Tiekimas განაცხადა, რომ პირველად თხევად ბუნებრივ აირს პირდაპირ აშშ-დან შეისყიდის. ამერიკულ საწვავს ბალტიისპირეთის ქვეყანა აგვისტოს მეორე ნახევარში მიიღებს.
Cheniere Energy -ისთან მიღწეული შეთანხმება ლიტვის მცდელობაა, გაზის წყაროების დივერსიფიცირება განახორციელოს და რუსეთის “გაზპრომზე” დამოკიდებულება შეამციროს.
ლიტვა თხევად გაზს ინკუკალნსის მიწისქვეშა გაზსაცავში შეინახავს,- აცხადებენ კომპანიაში.
კლაიპედას პორტში თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალმა, რომელიც 2014 წელს ამოქმედდა, ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსეთის “გაზპრომის” მონოპოლიის შესუსტება შეძლო . ის ლიტვას დღეისათვის გაზის მთლიანი მოხმარების ნახევარს აწვდის. დანარჩენი ბუნებრივი აირით კი ქვეყანა “გაზპრომისგან” მარაგდება, თუმცა, ეს უკანასკნელი მონოპოლიური ფასების დაწესებას ვეღარ ახერხებს.
აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი ლიტვური კომპანია Litgas,,ასევე სასუქების მწარმოებელი ლიტვური Achema თხევადი გაზის იმპორტს უკვე ახორციელებენ, ამჯერად, ნორვეგიის “სტატოილის” ტერმინალის მეშვეობით.
მიმდინარე თვეს ამერიკული თხევადი გაზის პირველი პარტია Cheniere-ის მეშვეობით პოლონეთის გაზის სადისტრიბუციო სახელმწიფო კომპანიამაც (PGNiG) მიიღო.
პოლონეთი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტის შედეგად, რომელიც მომავალ თვეს დაიგეგმა, ბუნებრივი აირის მიღებაზე ამერიკელ მწარმოებლებთან უფრო მეტ ხელშეკრულებებს დადებს