საქართველოში პირველად, გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენელი დაინიშნა
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, თერეზა მეიმ პარლამენტის წევრი მარკ პრიტჩარდი საქართველოში და სომხეთში ვაჭრობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.
როგორც ჩანს, ე.წ. „ბრექსიტ“-ის შემდეგ, რაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან (DCFTA) გამოსვლასაც გულისხმობს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, გააღრმავოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები იმ ქვეყნებთან, სადაც პროდუქტიული თანამშრომლობის პერსპექტივას ხედავს. სავაჭრო წარმომადგენლები ხელს უწყობენ უკვე არსებულ სავაჭრო ურთიერთობებს და მუშაობენ ორმხრივი სავაჭრო კავშირების გაუმჯობესებაზე.
საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველო-დიდი ბრიტანეთის სავაჭრო ბრუნვამ 73 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. აქედან ექსპორტი 8 598.3 ათასი აშშ დოლარი, იმპორტი კი 65 111.9 აშშ დოლარია.
დღეს გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტზე სხვადასხვა ქართული პროდუქცია გადის, მათ შორისაა: წვენები („BPC“ LTD და და „Aroma Product / Georgia's Natural“-ი), ღვინო („იაგოს ღვინო“, „ჯაყელების ღვინო“, „ბადაგონი“, „ბაგრატიონი“, „ხარება ღვინო“), ლურჯი მოცვი (კომპანია „Vanrik Agro Group“), ბოსტნეულის კონსერვები („Aroma Product / Georgia's Natural“), შოკოლადი/კაკაო („გრეიფი“).
ბრიტანულ ბაზარზე ასევე, გადის ქართული მატყლი („ქართული მატყლის კომპანია“), ცხოველების ავეჯი („ჯორჯიან პროდაქტ“), სარეკლამო მომსახურების სფეროში წარმოდგენილია ქართული კომპანია „Advertwise“ , ლოგისტიკა/გადაზიდვების სფეროში კი - ქართული კომპანია „გოლდ ვეი გრუფ„-ი.
„ჩემი დანიშვნა ხაზს უსვამს ბრიტანეთს, საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობას და ბრიტანეთის მთავრობის სურვილს, ჩვენს ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალი საკმაოდ დიდია“, - განაცხადა მარკ პრიტჩარდმა.
გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენლის ფუნქციას პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული პარლამენტარები ითავსებენ, რომელთა ფუნქციაშიც შედის ერთ ან მეტ განვითარებად ბაზარზე ჩართულობა, სადაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მნიშვნელოვანი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების არსებობა გამოავლინა.
წარმომადგენლები ხელს უწყობენ მათი დაფარვის ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდას გაერთიანებულ სამეფოსა და აღნიშნულ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებით და ორმხრივი ვაჭრობის მაქსიმალურად გაზრდის ხელშეწყობით.
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენლის რანგში, მარკ პრიტჩარდი მონაწილეობას მიიღებს ოქტომბერში ლონდონში დაგეგმილ უორდროპის სტრატეგიულ დიალოგში, რომელშიც ქართველი და ბრიტანელი ბიზნესმენებიც იქნებიან ჩართულნი.
გაერთიანებულ სამეფოში სავაჭრო წარმომადგენლის პროგრამა 2012 წლიდან არსებობს და ამჟამად, 50-ზე მეტ ბაზარზე 28 სავაჭრო წარმომადგენელი საქმიანობს.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს