კოოპერატივებისთვის ახალი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
კოოპერატივებს გრანტის სახით 8000–დან 15 000 ევრომდე თანხის მიღება შეუძლიათ. ახალი კონკურსი კოოპერატივების გასაძლიერებლად „ქეამ“ საერთაშორისო კავკასიაში (CARE), რეგიონული განვითარების ასოციაციამ (RDA) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) გამოაცხადეს. პროექტი „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“ დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში ხორციელდება. კერძოდ: სენაკში, ხობში, აბაშაში, მარტვილში; ლანჩხუთში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ცაგერში და ლენტეხში.
„2014 წლიდან დღემდე ხუთი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 51 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომლებმაც პროექტის ფარგლებში მიიღეს, როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური დახმარება. ამჟამად გამოცხადებულ რიგით მეექვსე კონკურსში მხოლოდ „ქეას“ მიერ დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს (51 კოოპერატივს ) შეუძლიათ განაცხადის შემოტანა, რომლებმაც აუცილებლად უნდა დააკმაყოფილონ განაცხადში მითითებული მოთხოვნები“, – ამბობს „ქეას“ წარმომადგენელი ნათია კაცია.
განმცხადებელმა პროექტის დასაფინანსებლად საჭირო მთლიანი თანხის მინიმუმ 20% თავად უნდა უზრუნველყოს, მაქსიმუმ 80%–ის მიღება კი კონკურსის ფარგლებში შეეძლება. პროექტის პირობების თანახმად, მიღებული გრანტით ბენეფიციარი ვერ შეიძენს მიწის ნაკვეთს, ასევე საბრუნავ კაპიტალს, რომელიც ხელფასებსა ან კომუნალურ ხარჯებს გულისხმობს.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შეუძლია,განაცხადი შემოიტანოს როგორც ცალკე, ასევე კოოპერატივების გაერთიანების მეშვეობით. დაფინანსების მოცულობა მერყეობს 8000-დან 15 000 ევრომდე, ხოლო კოოპერატივის გაერთიანების შემთხვევაში დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 40 000 ევროა, კონკურსის მიზანია, „ქეას“ მიერ დაფინანსებულმა კოოპერატივებმა გააძლიერონ ღირებულებათა ჯაჭვი, დანერგონ ინოვაციები, მოახდონონ ბიზნესის დივერსიფიცირება და არსებული საქმინობის ეფექტურობის გაუმჯობესება“,–ამბობს ნათია კაცია.
პროექტს ევროკავშირი (EU), ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD - საქართველო) და ავსტრიის განვითარების სააგენტო აფინანსებენ. გრანტის მიღების მსურველებმა ბიზნესგეგმები 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ.