მეწარმე გელა ჭყოიძე საკუთარი წარმოების სუნელების გატანას ევროპაში გეგმავს
ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ „სუნელის სახლის“ პროდუქცია სრულიად უვნებელია
ქართული სუნელები, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე „სუნელის სახლის“ ბრენდით იყიდება - ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ კომპანია ‘სუნელის სახლის“ პროდუქცია სრულიად უსაფრთხოა და მომხმარებელს მისი შეძენა თამამად შეუძლია.
კომპანიის მფლობელი გელა ჭყოიძე ამბობს, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგები მისთვის მოსალოდნელი იყო.
„გლეხებს ნედლეულს მთიან ზონებში ვაკრეფინებ. ეს არის, სვანეთი, სამცხე ჯავახეთი, სადაც უცხო სუნელია ბევრი, ბორჯომიდან ქონდარი მომაქვს, რომელსაც კლდეებზე კრეფენ. ასეთ ადგილებში გამონაბოლქვი არ არის“, - აღნიშნავს გელა ჭყოიძე.
სუნელების გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი, ქარელის რაიონში, სოფელ ზემო ხვედურეთში მდებარეობს. 300 კვადრატულ მეტრზე გაშენებული საწარმო სრული დატვირთვით წლის ბოლომდე ამოქმედდება და პირველ ეტაპზე, ყოველთვიურად, 5 ტონამდე ნედლეულს გადაამუშავებს.
„თავად გამიჩნდა ევროპული სტანდარტების დანერგვის სურვილი, რადგან მივხვდი, რომ ჩემი პროდუქცია უფრო კარგად გაიყიდებოდა და მომხმარებლისთვისაც უსაფრთხო იქნებოდა. სამომავლოდ, დაგეგმილი მაქვს Global Gap-ის დანერგვა, მაგრამ ეს თანხებთან არის დაკავშირებული. ჩემი მიზანია, ვაწარმოო ნატურალური პროდუქტი, რადგან ის უფრო მოთხოვნადი იქნება. უნდა ვისწავლოთ, რომ უსაფრთხო პროდუქტის წარმოება მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესის განვითარებისთვის“, - ამბობს გელა ჭყოიძე.
„სუნელის სახლის“ პროდუქცია ამჟამად თბილისის, ბათუმისა და გორის ბაზრებზე ბითუმად იყიდება. საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, მეწარმე ბრენდირებულ, დაფასოებულ პროდუქციას მსხვილ სავაჭრო ქსელებში შეიტანს. იგეგმება აჯიკის, ტყემლისა და სხვა ტრადიციული სანელებლების წარმოებაც. რაც შეეხება სუნელებს, „სუნელის სახლის“ ბრენდით გაიყიდება ქინძი, წიწაკა, სვანური მარილი, უცხო სუნელი, რეჰანი და სხვა.
„სამომავლოდ, მინდა, რომ ჩემი პროდუქცია ევროპაში გავიტანო. მაქვს პირადი კონტაქტები საბერძნეთსა და ესპანეთში და, საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, საცდელ პარტიას სწორედ ამ ქვეყნებში გავგზავნი. ჩემი უმთავრესი მიზანია, გავაცნო ევროპელებს ქართული ტრადიციული პროდუქტი. გორში სუნელების საბითუმო მაღაზია მაქვს, ხშირად მოდიან ევროპაში მცხოვრები ქართველები და ჩემი პროდუქცია მიაქვთ, რათა ევროპელებს გააცნონ. როგორც მითხრეს, ევროპელებს ქართული სანელებლები ძალიან მოსწონთ“, - ამბობს გელა ჭყოიძე.
მეწარმე სოფელ ზემო ხვედურეთში ვენახის გაშენებას, ბიო ღვინის წარმოებას და ევროპულ ბაზარზე გატანას აპირებს. გელა ჭყოიძე ამბობს, რომ ბიზნესის განვითარების შემთხვევაში, უამრავი იდეის განხორციელება სურს, მათ შორისაა, მშობლიურ სოფელში ეკოტურიზმის ცენტრის გახსნა და ევროპული ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვა.
P.S. რამდენიმე წლის წინ,საქართველოშიევროკავშირისწარმომადგენლობისხელმძღვანელისმოადგილე, ბორისიაროშევიჩმა, EUGeorgia.info-სთანსაუბარში აღნიშნა, რომ ჩატარდა არაერთი კვლევა იმ სექტორების დასადგენად, სადაც საქართველოს, შესაძლოა, ევროპის ბაზრებზე გასვლის მხრივ, უპირატესობა ჰქონდეს. მისი თქმით, ასეთ „სტრატეგიულ“ პროდუქტად შეიძლება, სუნელები და საკმაზებიც ჩაითვალოს.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს