მიტლაიდერი: სასათბურე მეურნეობის მოწყობის ეფექტური მეთოდი
სასათბურე მეურნეობების მოწყობის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ტექნოლოგია არის მიტლაიდერის მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს მოსავლის მოყვანას სპეციალური ყუთების გამოყენებით. აღნიშნული მეთოდი საშუალებას აძლევს ფერმერს, მოსავალი მცირე ფართზე, არასტაბილურ და მკაცრ კლიმატურ პირობებში, ცუდ ნიადაგზე მოიყვანოს.
მიტლაიდერის მეთოდით მოწყობილ სათბურებში მოსავლიანობა უფრო მაღალია, პროდუქტი კი, ეკოლოგიურად სუფთაა და გამოირჩევა გემოვნური თვისებებით. მნიშვნელოვნად იზრდება პროდუქტიულობა მცირე დანახარჯებით, არაორგანული პესტიციდებისა და მინერალური სასუქების გამოყენების გარეშე.
მიტლაიდერის ყუთი წარმოადგენს უძირო, ხის ან ბეტონის ჩარჩოს, რომლის სიგანე, ჩვეულებრივ, არის 1 მეტრი, სიგრძე – 9 მეტრი და სიღრმე – 20 სანტიმეტრი. ის შესაძლოა იყოს ნებისმირი ზომის, განთავსებული ნებისმიერ ადგილას. მისი ავსება ხდება “საგანგებოდ დამზადებული ნიადაგით” – ნახერხის და ქვიშის ნარევით ან სხვა ორგანული და ინერტული მასალების კომბინაციით.
„მიტლაიდერის მეთოდი არის ბიო მიმართულების ერთ-ერთი სახე, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებისთვის. ამ მეთოდის გამოყენების დროს, ნიადაგი ანუ გრუნტი სადაც მცენარე ითესება, ფაქტობრივად, თავიდან იქმნება: ორგანული ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციის მქონე ნახერხის ნიადაგში ანუ ლამში მოხვედრის შედეგად, იწყება ორგანული ნივთიერებების დაშლა და ის ჰუმუსად გარდაიქმნება. ორგანული ნივთიერებები იღებს ისეთ სახეს, რომელიც მცენარისთვის უფრო ადვილად ასათვისებელია და მცენარის ზრდას უწყობს ხელს. ასეთ ნიადაგში არ არის მავნე ბაქტერიები და ფაქტობრივად, მცენარე სტერილური ნიადაგიდან იწყებს ზრდა-განვითარებას. საფრთხე იმისა, რომ მას დაავადება გაუჩნდება - მინიმუმამდეა დაყვანილი. 12 წლის განმავლობაში ნიადაგი მუშაობს იმგვარად, რომ მცენარეს დამატებით, ქიმიური პრეპარატები არ სჭირდება“, - განმარტავს EUGeorgia.info-სთან საუბარში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“-ს წარმომადგენელი, ალეკო ბაღდაძე.
ფერმერ შალვა კვინიხიძეს ბაღდათის რაიონის სოფელ ქვედა დიმიდან, მიტლაიდერის მეთოდი საკუთარ სათბურში აქვს დანერგილი და შედეგებით კმაყოფილია. ამბობს, რომ აღნიშნული მეთოდის საშუალებით, მინიმალური დანახარჯებით, მეტი მოსავლის აღება შეძლო.
შალვა კვინიხიძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის - ENPARD-ის ბენეფიციარია. საკუთარ სათბურში მიტლაიდერის მეთოდის დანერგვა მან ENPARD-ისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მიერ დაფინანსებული, PIN-ის კოოპერატივების განვითარების პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად შეძლო.
„ეს მეთოდი გაცილებით ეკონომიურია. მიწა უფრო იოლად თბება, სასუქი დიდი რაოდენობით არ იხარჯება, მოსავალი კი, ჩვეულებრივზე უკეთესად მოდის. მიტლაიდერის მეთოდს ბევრი დადებითი მხარე აქვს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა. ნაყოფში მძიმე მეტალების დაგროვება არ ხდება“, - განმარტავს EUGeorgia.info-სთან საუბარში შალვა კვინიხიძე.
სოფელ ქვედა დიმში, 500 კვადრატულ მეტრზე მოწყობილ სათბურში წელს, კიტრის მოსავალი აიღო და საკმაოდ მაღალ ფასად გაყიდა.
„წინასაახალწლო პერიოდში ერთ კგ კიტრში 7 ლარი გადამიხადეს, ვინაიდან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მაქვს. მინდა გითხრათ, რომ მიტლაიდერის მეთოდი ყველა თანამედროვე სასათბურე მეურნეობას აქვს დანერგილი. ამ მეთოდით სათბურის მოწყობა, გათბობა, მორწყვა, შეწამლვა საკმაოდ მარტივია და ბევრი ქართველი ფერმერია ამ მეთოდით დაინტერესებული“, - ამბობს ფერმერი შალვა კვინიხიძე, რომელიც წელს, მიტლაიდერის მეთოდით ახალი სათბურის მოწყობას გეგმავს.
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“-ს წარმომადგენელი ალეკო ბაღდაძე ამბობს, რომ მიტლაიდერის მეთოდი განსაკუთრებით პოპულარულია ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებაში არიან დაინტერესებული - განსაკუთრებით გერმანიაში. თუმცა იმისთვის, რომ საქართველოში ამ მეთოდის ფართოდ გამოყენება დაიწყოს, ფერმერებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო.
„ფერმერებამდე უნდა მოხდეს ამ ცოდნის დაწვრილებით მიტანა, მოტივაციის შესაქმნელად. დღევანდელ ქართულ ბაზარზე ძალიან ცოტა ადამიანი აქცევს ყურადღებას იმას, რომ მისი პროდუქცია ხარისხით და ეკოლოგიური სისუფთავით გამოირჩეოდეს. თუ ფერმერს დავანახებთ, რომ შეუძლია, ნაკლები დანახრჯებით აიღოს გაცილებით უკეთესი მოსავალი - მაშინ ამ ტექნოლოგიას პოტენციალი ნამდვილად ექნება“, - გამოთქვამს მოსაზრებას ალეკო ბაღდაძე.
მისი განმარტებით, მიტლაიდერის ტექნოლოგია განსაკუთრებით ეფექტურია იმ რეგიონებში, სადაც მცირემიწიანობის პრობლემა დგას, რაც საქართველოსთვისაც არის აქტუალური.