თერჯოლის ღვინო აშშ-ისა და ევროპის ბაზარზე იყიდება
თერჯოლაში მდებარე მეღვინეობის კოოპერატივის, „თერჯოლის ღვინის” პროდუქცია ბოლო რამდენიმე წელიწადია საერთაშორისო ბაზარზე იყიდება. როგორც კოოპერატივის ხელმძღვანელი, ახალგაზრდა მეწარმე გოგიტა მაკარიძე ყვება, წელიწადში ექსპორტზე 3 500 ბოთლამდე გააქვთ. უნაკალური ოცხანური საფერე, ციცქა, ალადასტური და სოლიკაური აშშ-ის, დანიის, საფრანგეთის, ავსტრალიისა და იაპონიის ბაზრებზეა წარმოდგენილი.
„ყველაფერი დაიწყო 2010 წელს, როცა იტალიაში, საერთაშორისო გამოფენა „Slow food“-ში მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენი ღვინო უცხოელებს ძალიან მოეწონათ და ამით დაიწყო ჩვენი წარმატების ისტორია და აქტიური მონაწილეობა ღვინის ბაზარზე“, - ყვება გოგიტა მაკარიძე EUGeorgia.info-სთან საუბარში.
ამ ეტაპზე კოოპერატივი „თერჯოლის ღვინო“, რომელშიც მაკარიძის გარდა, მისი თანასოფლელი მეღვინეები არიან გაწევრიანებული, წელიწადში 6-7 ტონა ღვინოს აწარმოებს. 2014 წელს, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით, კოოპერატივი გადაიარაღდა, რამაც, გოგიტა მაკარიძის თქმით, წარმოება საგრძნობლად გაზარდა.
„ეს მხარე ყოველთვის გამოირჩეოდა ხარისხიანი ღვინით. ჩვენს კოოპერატივში მეღვინეები არიან გაწევრიანებული, რომლებიც ღვინოს ძველებური, ტრადიციული, მეთოდებით აწარმოებენ. ჩვენი წინაპრებიც იყვნენ მეღვინეობით დაკავებული ამიტომ, ვენახის და ღვინის სიყვარული წინაპრებისგან გვაქვს“, - ყვება გოგიტა მაკარიძე.
„თერჯოლის ღვინის“ მფლობელობაში 5 ჰექტარზე გაშენებული ვენახია. კოოპერატივს დიდი გეგმები აქვს: გოგიტა მაკარიძე ყვება, რომ უპირველესი ამოცანა ვენახის გაფართოება და ღვინის წარმოების ტექნოლოგიის დახვეწაა.
„აქ დაახლოებით 20-მდე ოჯახია, რომლებსაც კოოპერატივში გაერთიანება სურთ. მაგრამ გვაქვს უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორი - ერთ-ერთია ბაზარზე პროდუქტის რეალიზაციის სირთულე. გვჭირდება დამატებითი აგრეგატები, რადგან მიწა ძნელად დასამუშავებელია და ტექნიკა ჯერ არ გვყავს. თუმცა, ვცდილობთ, თერჯოლელ მევენახეებს მონდომება არ დავუკარგოთ, დავხვეწოთ ღვინის ტექნოლოგია და ხარისხი შევინარჩუნოთ“, - ამბობს გოგიტა მაკარიძე.
EUGeorgia.info-სთან საუბარში ყვება, რომ თერჯოლაში აგროტურიზმის განვითარება სურს და ამ მიზნით, შენდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
„ვაშენებთ 3-სართულიან სასტუმროს, სადაც, პირველ სართულზე განთავსებული იქნება 300 კვადრატული მეტრის მარანი. ჩვენი მიზანია აგროტურიზმის განვითარება თერჯოლაში. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხარისხიანი და ცნობადი ღვინო გვაქვს, აქ ბევრი უცხოელი ტურისტი ჩამოდის, ძირითადად ევროპიდან, ასევე აშშ-დან და ავსტრალიიდან“, - ამბობს გოგიტა მაკარიძე.
კოოპერატივი „თერჯოლის ღვინო“ რამდენიმე ჯილდოს მფლობელია. 2015 წელს, ღვინის ყოველწლიურ ფესტივალზე თბილისში, თერჯოლის ღვინომ საქართველოში საუკეთესო ციცქას და ოცხანური საფერეს წარმოებისთვის უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. გასულ წელს მიიღო მონაწილეობა “სალიმა”-ს ღვინის გამოფენაზე ჩეხეთში, სადაც კოოპერატივს სპეციალური ჯილდო ერგო ნომინაციაში „საუკეთესო წითელი ღვინო“. იმავე წელს, “Code de Vino“–ს საერთაშორისო დაჯილდოებაზე, თერჯოლის ღვინოს უმაღლესი ჯილდო – ოქროს თასი მიენიჭა.