ევროკავშირში მოცვის გატანას „აგროლეინი“ მიმდინარე წელს გეგმავს
„ჩვენ გვსურს ევროკავშირის ბაზარზე შესვლა და დამკვიდრება, მისთვის დამახასიათებელი სტაბილურობიდან გამომდინარე“
„აგროლეინი“ ლურჯი მოცვის ევროკავშირში გატანას კენკრის კრეფის სეზონის დაწყების შემდეგ გეგმავს. კომპანიას ამჟამად ნედლად დაფასოებული მოცვი სპარსეთის ყურის ქვეყნებში გააქვს. მწარმოებლები ევროპაში ექსპორტისთვის ემზადებიან და სწორედ ამ მიზნით ISO 22 000-ის სერტიფიკატი აიღეს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და USAID/REAP-ის მხარდაჭერით „აგროლეინი“ 2017 წლის 7 - 11 ოქტომბერს, გერმანიაში, ქალაქ კიოლნში სასმელი და საკვები პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა "Anuga 2017"-ში მონაწილეობდა. საწარმოს წარმომადგენლებმა ამ გამოფენაზე ევროპელ შემსყიდველებთან მოლაპარაკებები დაიწყეს.
„გასულ წელსაც ვგეგმავდით ევროკავშრში მოცვის ექსპორტს, თუმცა საერთაშორისოდ აღიარებული ISO სერტიფიკატის აღება კენკრის კრეფის სეზონის დამთავრების შემდეგ მოვახერხეთ. ამას გარდა, კიოლნში გამართულ გამოფენაზეც შემდეგ წავედით და იქ უამრავ პოტენციურ პარტნიორს შევხვდით. მოთხოვნა არის, მთავარია ახლა ლოგისტიკური საკითხები გადავწყვიტოთ. ვიქრობთ საჰაერო გადაზიდვებზე, თუ მოვილაპარაკებთ იაფ ტარიფებზე, ქართული კენკრა ევროპულ ბაზარზე კონკურენტული იქნება“, ამბობს „აგროლეინი“-ს გენერალური დირექტორი გიორგი ღვინიაშვილი.
კომპანია „აგროლეინი“ გადამამუშავებელ და შემნახველ საწარმოს ფლობს, რომლის აშენება 2016 წელს დასრულდა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში. საწარმოში მოცვის დაფასოების გარდა მისი შოკური გაყინვის და მინუს თვრამეტ გრადუსზე შენახვის ინფრასტრუქტურაც აქვთ. საწარმოს დამფუძნებლები ფლობენ შპს „ვარციხის პლანტაციებს“, სადაც კენკრის გაშენება 2010 წლიდან დაიწყეს.
ამ ეტაპზე ლურჯი მოცვი ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში 6 ჰექტარზე აქვთ გაშენებული, თუმცა ნედლეულის შესყიდვას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. საწარმოში მუდმივად ოცდაათი ადამიანი მუშაობს, სეზონურად კი ასამდე ადგილობრივია დასაქმებული.
„აგროლეინი“ მოცვს საექსპორტო ბაზრების გარდა ადგილობრივ მარკეტების ქსელშიც ყიდის. ევროკავშირის ბაზარს პრიორიტეტულ მიმართულებად განიხილავენ: „კენკის რეალიზაციის პრობლემა არც ერთ ბაზარზე არ არის, მოთხოვნადი პროდუქტია. რუსეთშიც შეიძლება ექსპორტირება, მაგრამ არასდროს გაგვიტანია, ჩვენ გვსურს ევროკავშირის ბაზარზე შესვლა და დამკვიდრება, მისთვის დამახასიათებელი სტაბილურობიდან გამომდინარე, ამიტომ ევროკავშირი ამ თვალსაზრისით ჩვენთვის პრიორიტეტულია“, ამბობს გიორგი ღვინიაშვილი.