ევროპაში ქართულ მეორად ავეჯზე მოთხოვნა იზრდება
ქუთაისში მდებარე კომპანია „მადერა ჯორჯია“, რომელიც მეორადი ხის მასალისგან ავეჯსა და დეკორებს აწარმოებს, ჰოლანდიაში თავისი პროდუქციის ექსპორტს ზრდის.
როგორც კომპანიის დირექტორმა, ბესიკ მატკავამ eugeorgia.info- ს განუცხადა, ჰოლანდიელ პარტნიორთან უკვე 2 წელია თანამშრომლობს და პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.
“გასულ წელს 35%–ით გაგვეზარდა გაყიდვები, წელს 50%–ით ზრდა იგეგმება. განახლებულ ხელშეკრულებაზე მუშაობა დღესაც მიმდინარეობს და ალბათ თვის ბოლომდე დავასრულებთ”– აღნიშნა მატკავამ.
მისი თქმით, ჰოლანდიელი პარტნიორის დამკვეთი პარფიუმერული კომპანიაა, რომელიც საკუთარი ბრენდული მაღაზიების მოსაწყობად მათ მიერ წარმოებულ დეკორებს იყენებს. კომპანია, რომლის დასახელებისგანაც "მადერა ჯორჯიაში" თავს იკავებენ, წარმოდგენილია მსოფლიოს 33 ქვეყნის, მათ შორის, აშშ, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, გერმანიის, საუდის არაბეთის, ყატარის უმსხვილეს ქალაქებში.
„ეს ცნობილი პარფიუმერული ქსელია, რომელსაც უამრავი მაღაზია აქვს მსოფლიოში და დამატებით კიდევ მრავალი ობიექტის გახსნას გეგმავს. ორი წელია, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ჩვენს კონკურენტს, ევროპულ ფირმას ყველაფრით ვაჯობეთ: ფასით, მომსახურებით და დროული მიწოდებით“, - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.
როგორც მატკავა აცხადებს, მათი პროდუქციით, კიდევ ერთი ჰოლანდიური კომპანია დაინტერესდა. ამჟამად საუბარია იატაკის მოსაპირკეთებელი მასალების ექსპორტზე.
“სანიმუშო პარტია გავაგზავნეთ და დიდი მოწონება დაიმსახურა, ეხლა ველოდებით როდის ჩამოვლენ კომპანიის წარმომადგენლები და მოცულობებზე და ფასზე დაიწყება მოლაპარაკებები ” – აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.
„მადერა ჯორჯიას“ საექსპორტო ფასი დამოკიდებულია პროდუქციის მოდელზე, დამუშავების ხარისხსა და ზომაზე, კვადრატული მეტრის მინიმალური ფასი 45 დოლარიდან იწყება.
მისი თქმით, ძველი ხის მასალებისგან წარმოებული ავეჯი მსოფლიოში მოდური გახდა, რადგან გარემოს დაცვასა და მწვანე წარმოებას თანამედროვე სამყარო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. კომპანია უკვე გამოყენებული მუხის, თელის და წაბლის ხის მასალისგან მაგიდებს, სკამებს, იატაკებს, ჭაღებს, დეკორებსა და სხვა პროდუქციას ამზადებს
ავეჯის მწარმოებელი ქარხანა 2004 წლის მარტში ქუთაისში დაარსდა.საწარმოში ამ ეტაპზე 40 ადამიანია დასაქმებული. „მადერა ჯორჯია“ ადგილობრივ ბაზარზეც არის წარმოდგენილი, თუმცა, მენეჯმენტი აცხადებს, რომ, ძირითადად, მაინც უცხოური ბაზრების ათვისებაზეა ორიენტირებული, მოლაპარაკებებს ამ ეტაპზე სხვა ევროპულ კომპანიასთანაც აწარმოებენ.