1 მარტიდან ფიტოსანიტარიული ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი მკაცრდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოს სამომხმარებლო ბაზრისა და იმპორტირებული სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის მიზნით, ცვლილებები შევიდა მთავრობის ორ დადგენილებაში.
„ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მიხედვით, დაავადების, აკრძალული და არასასურველი ნივთიერებების, პათოგენების, მომწამვლელი ნივთიერებებისა და სხვა პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენის მიზნით, საზღვარზე ხორციელდება ლაბორატორიული ანალიზისთვის ნიმუშების აღება. თუმცა, სანამ ლაბორატორიული ანალიზი დასრულდება, საქონლის მფლობელს შეუძლია საქონლის მიმოქცევაში გაშვება. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საეჭვო წარმომავლობის სურსათი რთულად მიკვლევადია. შესაბამისად, საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ფიზიკური შემოწმებისას, განისაზღვრა კონკრეტული სახეობის პროდუქციის შეჩერების პროცედურები. საქონლის მფლობელს ეკისრება ვალდებულება, ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე, საქონელი განათავსოს საბაჟო საწყობში, სხვა საქონლისგან განცალკევებით.
ცვლილების მიხედვით პროდუქციის შეჩერება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა დამატებით დოკუმენტების წარდგენა ან/და საქონლის საკარანტინო სადგომზე განთავსება.
ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ძირითადი კატეგორიებია:
- ცოცხალი ცხოველები
- ხორცი და ხორცის საკვები პროდუქტები
- თევზი და კიბოსნაირნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები
- რძის პროდუქცია; ფრინველის კვერცხი; ნატურალური თაფლი; ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები
- მარცვლოვნები (ცხოველთა საკვებად გამოსაყენებელი)
- მზა კვების პროდუქტები ხორცის, თევზისა ან კიბოსნაირების, მოლუსკების ან წყლის სხვა უხერხემლოებისაგან
- და სხვ.
მეორე დადგენილება, რომელში ცვლილებაც ასევე 1 მარტიდან ამოქმედდება ეხება შემოსავლების სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცებას (საქართველოს მთავრობის #426 დადგენილება). კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის განმავლობაში, ერთსა და იმავე საწარმოდან იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქტში ორჯერ აღმოჩნდება სალმონელა (Salmonella) ან/და ლისტერია მონოციტოგენეზი, ამ პროდუქტის მწარმოებელი საწარმოდან აღნიშნული პროდუქტის იმპორტი ჩერდება ერთი წლის ვადით. ეროვნული სააგენტო მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ატყობინებს შესაბამისი ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს. ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ იმპორტის ნებართვა გაიცემა ამ წესის შესაბამისად.
სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილებები განაპირობა შემოსავლების სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივმა ღონისძიებებმა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას და ეფექტიანმა კომუნიკაციამ, რის შედეგადაც, გასულ წელს სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან შევიდა 32 შეტყობინება საზღვარზე აღმოჩენილი დარღვევების შესახებ და სურსათის მონიტორინგისას, ლაბორატორიულმა კვლევებმა სალმონელას და ლისტერია მონოციტოგენეზის არსებობა დაადასტურა.