აშშ-სა და ნიდერლანდებში ყინვით გამომშრალი ქართული ჩირი იყიდება
ქართულმა კომპანია „გემუანმა“ ჩირის ექსპორტი აშშ-სა და ნიდერლანდებში დაიწყო. ასორტიმენტშია შერეული, ასევე ერთი სახის პროდუქტი: ვაშლის, მანდარინის, ნესვის, ქლიავის, ატმის, გარგრის, მარყწვისა და ჟოლოს ჩირი, რომელიც ინოვაციური, ყინვით გამოშრობის ტექნოლოგიით არის დამზადებული. შერეული, ასევე ერთი სახის ხილისგან დამზადებული ჩირი.
“ჩვენი მიზანია ვაწარმოოთ პრემიუმ კლასის ქართული პროდუქტი, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი უცხოურ ბაზარზე. ჯანმრთელ პროდუქტზე ყოველთვის მაღალი მოთხოვნაა. მუდმივად ვმონაწილეობთ გამოფენებში საქართველოში და ასევე სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც უამრავ ბიზნეს კონტაქტებს ვამყარებთ”, - ყვება EUGeorgia.info-სთან საუბარში „გემუანის“ პროექტების მენეჯერი, ზაქარია ყურაშვილი.
„გემუანის“ ხრაშუნა ჩირი „კრისპი“ არის ნატურალური, ყინვით-გამშრალი ხილი, რომელიც დამზადებულია სუფთა ნედლეულისგან და არ შეიცავს დანამატებს, დამატკბობლებს და კონსერვანტებს. აღნიშნული ტექნოლოგიის საშუალებით, პროდუქტი ვიტამინებისა და მიკროელემენტების 98% პროცენტს ინარჩუნებს.
“ყინვით შრობა არის ყველაზე უსაფრთხო პროცესი ხილისთვის, რომელიც მთლიანად აშორებს წყალს პროდუქტს. ნედლეული იყინება -42 გრადუსზე ძალიან სწრაფად, რაც იწვევს ხილში არსებული წყლის მიკროკრისტალებად გადაქცევას. შემდგომში სპეციალურ საშრობში, აღნიშნული წყლის ყინულის მიკროკრისტალები გადადის აირად ფორმაში თხევადი ფაზის გავლის გარეშე”, - განმარტავს ზაქარია ყურაშვილი.
„გემუანის“ პლანტაციები განთავსებულია დასავლეთ საქართველოში. კომპანიის მფლობელობაშია 111 ჰა საერთო ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებზეც გაშენებულია ჩაისა და თხილის პლანტაციები, კივის ბაღები და ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, ეკონომიკის სამინისტროსა და USAID-REAP-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა.
„ჩვენი საწარმო სერტიფიცირებულია ISO 22 000-ით, სერტიფიცირებულია ასევე FDA-ის მიერ. საწარმოში დასაქმებულია 22 ადამიანი, ასევე დღიურ სამუშაოებზე კომპანია ასაქმებს 30-მდე თანამშრომელს“, -ამბობს ზაქარია ყურაშვილი.
„გემუანი“ 2011 წელს დაარსდა და დასავლურ ბაზარზე ექსპორტი შარშან დაიწყო. ზაქარია ყურაშვილი ამბობს, რომ შეთანხმებას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) ქართველი მეწარმეებისთვის დიდი სარგებელი მოაქვს.
„DCFTA გვეხმარება, შევიდეთ ევროკავშირის დივერსიფიცირებულ და კონკურენტულ ბაზარზე. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ბაზარი ცნობილია თავისი პროტექციონიზმით, რომელიც ვლინდება მაღალ მოთხოვნებში და სტანდარტებში. შანსი იმისა, რომ ეს ბაზარი ავითვისოთ ნიშნავს, რომ პროდუქცია რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ არის ძალიან მაღალი ხარისხის და აკმაყოფილებს ყველა ევროკავშირის სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ მოთხოვნას, ასევე ხელს გვიწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა-მიღებაში. ვფიქრობ, რომ DCFTA ხელს უწყობს ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც ყველა მეწარმისთვის პრიორიტეტულია”, - ამბობს ზაქარია ყურაშვილი.
ამჟამად „გემუანი“ ახალი ბაზრების ათვისების მიზნით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. გაფართოებასთან ერთად, კომპანია უნარჩენო წარმოებაზე გადასვლასაც გეგმავს.