"დანიის სართაშორისო განვითარების სააგენტომ" სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების დაფინანსება დაიწყო
სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდასაჭერად ახალი პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“ დაიწყო. პროგრამას, რომელსაც დანიის სართაშორისო განვითარების სააგენტო (DANIDA) აფინანსებს, „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ (“აპმა”) ახორციელებს და ის განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც საქართველოში ბიზნეს საქმიანობა სურთ. როგორც APMA-ში EUGeorgia.info-ს განუმარტეს, აღნიშნულ პროგრამას განსაზღვრული ვადა არა აქვს და ბიუჯეტის ამოწურვამდე გაგრძელდება.
პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება მოხდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში, თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთის და ბათუმის გარდა (შეზღუდვა არ ვრცელდება ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ბიზნეს მიმართულებაზე).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია:
ა). რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეს, რომლის ასაკი შეადგენს 18-35 წელს მამაკაცის შემთხვევაში და 18-40 წელს ქალის შემთხვევაში;
ბ). საქართველოში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომლის დამფუძნებლები/მეპაიეები და გამგეობის თავმჯდომარე/დირექტორ(ებ)ი 18-35 წლის მამაკაცები ან/და 18-40 წლის ქალები არიან.
„ახალგაზრდა მეწარმის“ ფარგლებში მოხდება მხოლოდ ახალი ბიზნესის დასაწყებად საჭირო ხარჯების თანადაფინანსება, კერძოდ:
- სამეწარმეო საქმიანობა, რომელსაც იწყებს პირი (სააგენტოში განაცხადის წარდგენის მომენტისთვის არ გააჩნია მიმდინარე ბიზნესი);
- სამეწარმეო საქმიანობა, რომელსაც პირი იწყებს სხვა მუნიციპალიტეტში;
- სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც წარმოადგენს პირისთვის ახალ ბიზნეს მიმართულებას.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო ბიზნეს საქმიანობა, რომელსაც გააჩნია ფიქსირებული ადგილმდებარეობა. სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს ბიზნეს გეგმაში აღწერილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების 40%-ს, მაგრამ არაუმეტეს 60 000 ლარს. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 000 ლარს. სააგენტოს თანაფინანსება შესაძლოა შეადგენდეს 40%-ზე ნაკლებს იმ შემთხვევაში, თუ პროექტის საინვესტიციო ღირებულება აღემატება 150 000 ლარს.
უძრავი ქონება, სადაც ხორციელდება ბიზნეს გეგმით გათვალისწინებული თანხის ინვესტირება, უნდა იყოს ბენეფიციარის საკუთრებად რეგისტრირებული სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ან/და მიღებული უნდა ჰქონდეს იჯარით/აღნაგობით; უძრავ ქონებას, სადაც დაგეგმილია ახალი ბიზნესის დაწყება არ უნდა ედოს ყადაღა ან/და იპოთეკა (დასაშვებია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების იპოთეკა); ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, პოტენციური ბენეფიციარი უნდა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე http://danida.apma.ge/ და შეავსოს განაცხადის ელექტრონული ფორმა,რომელსაც სააგენტო 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს.