თელავში „ჰოლიდეი ინი" სექტემბერში გაიხსნება ქართულ ბიზნეს ჯგუფს ევროკავშირი შეღავათიანი სესხით დაეხმარა
სასტუმრო „თელავის” შენობაში, რომელიც თელავის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, საერთაშორისო ბრენდის „ჰოლიდეი ინის” სასტუმრო განთავსდება. შენობის რესტავრაცია, სადაც სასტუმრო ჯერ კიდევ 1938 წლიდან ფუნქციონირებდა, სექტემბერში უნდა დასრულდეს.
ძველი სასტუმრო ბიზნესმენმა შალვა ერისთავმა რამდენიმე წლის წინ შეიძინა და მისი რესტავრაცია საკუთარი სახსრებით დაიწყო. გასულ წელს სარემონტო სამუშაოებისთვის დამატებითი თანხები დასჭირდა და EBRD-ის პროგრამა Creditline-ის ფარგლებში 6 მილიონი ლარის კრედიტი აიღო. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში კომპანიაზე სესხი „თიბისი ბანკმა” გასცა.
ბიზნესმენს სასტუმროს მოწყობისთვის თანხის დამატება წელსაც დასჭირდა და იგივე პროგრამით ბანკიდან მილიონი დოლარის კრედიტი გამოიტანა. თანხის სრულად ათვისების შემდეგ, კომპანია „ქეშ ბექ” -ის სახით კრედიტის15%-ს საჩუქრად მიიღებს, როგორც ამას Creditline-ის პირობა ითვალისწინებს.
„სასტუმრო „თელავი” ისტორიულ შენობაშია განთავსებული. აქ 1935 წლის შემდეგ სასტუმრო იყო. ის სახელმწიფოსგან კერძო პირს ჰქონდა ნაყიდი და მისგან გამოვისყიდე. შენობა იმდენად იყო დანგრეული, რომ ძველი სასტუმროდან მხოლოდ ჩონჩხი იყო დარჩენილი. მისი აღდგენა პარტნიორებთან ერთად. ჩემი პარტნიორი სასტუმრო ბიზნესში ბიზნესმენი ჭიჭიკო გოლეთიანია, რომელთან ერთად ვფლობ წილს რესტორნების ქსელში „კახელები”. ჩვენ ასევე, ვართ „ნოკიას” წარმომადგენლები საქართველოში. მაგრამ ჩვენი საკუთარი სახსრები არ აღმოჩნდა საკმარისი. ამ დროს დაიწყო EBRD-ის პროგრამა და შარშან ივნისში დაგვიმტკიცდა შეღავათიანი კრედიტიც. მისი აღებით სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან „ქეშ ბექი” ჩვენთვის სერიოზული დახმარებაა. ახლა უკვე მეორე კრედიტს ვიმატებ 1 მილიონ დოლარს.
„ჰოლიდეი ინ”-ის მოთხოვნები აქვს, რომ მისი შესრულება იოლი არ იყო. ბრენდმა საინჟინრო თვალსაზრისით ახალი სტანდარტები შემოიღო, რომელიც 2019 წლიდან შედის ძალაში. ამის გამო ძველი გაკეთებული ვისაც აქვს საინჟინრო სისტემები, მას გამოცვლა მოუწევს. ჩვენ უკვე ეს აღარ დაგვჭირდება.
ახალმა სტანდარტებმა პროექტის ღირებულება გაზარდა. სახანძრო უსაფრთხების თვალსაზრისით ყველაფერი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით გაკეთდება. თაბაშირ-მუყაო, რაც მშენებლობისას გამოიყენება, კარი და სხვა აღჭურვილობა, ცეცხლგამძლეა. სასტუმროში ფარდა, საწოლის გადასაფარებელი, ხალიჩა არააალებადია. საგანგაშო დინამიკები, კაბელები ასევე ცეცხლგამძლეა და ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში ელემენტებზე იწყებს მუშაობას. ხანძრის დროს სპეციალური წყლის სისტემები უნდა ჩაირთოს და ა.შ. შენობაში აგრეთვე არის მანიშნებლები, ადამიანი როგორ გავიდეს შენობიდან ხანძრის შემთხვევაში და ა.შ. ასევე, მეტლახი უნდა იყოს მოცურებისგან დაცული. სასტუმროში განსაზღვული რაოდენობის ნომრები იქნება შშმ პირებისთვის, შესაბამისად უნდა იყოს მოწყობილი ტუალეტი, კიბე და ა.შ.
„ჰოლიდეი ინმა” კარის შესასვლელი ბარათის კონკრეტული მოდელის მექანიზმის დაყენება მოითხოვა. სტანდარტები მარტის ბოლოს შეიცვალა, რომლის მიხედვით, ყველა სეიფი უნდა იყოს სმარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ზომაა 13 ინჩი. ადმინისტრაციაში თითოეული სტუმარი იღებს 8-ციფრიან კოდს, რომლითაც იღება შემდეგ ეს სეიფი. ამან 85 სასტუმრო ნომრის ფასი დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა, რადგან სმარტი სეიფები ძვირი ღირს. თანაც, ჩვენთან ძალიან ცოტაა ისეთი კომპანია, რომელსაც ამ სისტემების გაკეთება შეუძლია.
სახანძრო უსაფრთხოების გარდა ძალიან მაღალია კონტროლი კვების ობიექტებზე. მაგალითად, გასარეცხი ჭურჭელი ერთი კარიდან უნდა შევიდეს და გარეცხილი აუცილებლად მეორე კარიდან უნდა გამოვიდეს.
„ჰოლიდეი ინის” ჯგუფი თვითონ ჩამოდის, ყველაფერს ამოწმებს, სტანდარტებს შეესაბამება თუ არა. ხალიჩების ზომებიც კი მოწმდება. თავის მხრივ, მონიტორინგს ახორციელებს სესხის გამცემი „თიბისი” ბანკიც. მისი ავტორიზაციის გარეშე თანხა არ ირიცხება. თავის მხრივ, Creditline -ის მონიტორინგის ჯგუფი ამოწმებს მშენებლობისთვის რა მასალებს ვიყენებთ. თაბაშირ-მუყაოს ფილები, მინა, მოსაპირკეთებელი მასალები, ყველაფერი ევროსტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს და აუცილებლად ენერგოეფექტური”,- ამბობს Eugeorgia.info-თან საუბრის დროს ბიზნესმენი შალვა ერისთავი.
სასტუმრო 6 სართულიანი იქნება, სადაც 85 ნომერი განთავსდება. ნულ სართულზე იქნება საკონფერენციო დარბაზები და ოფისები. პირველ სართულზე იქნება რესტორანი „კახელები” და ლობი. 2,3, და მე-4 სართულზე იქნება სასტუმრო ნომრები. მეხუთე სართულზე განთავსებული იქნება აუზი და ტრენაჟორები. ასევე, მე-5 სართულზე იქნება ესპანური რესტორანი.
„რადგან სასტუმროს ესპანური ჯგუფი მართავს, მათ რესტორნის თავიანთი კონცეფცია შემოგვთავაზეს. ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, „ჰოლიდეი ინ”-თან შეთანხმდა. თელავის სასტუმრო „ჰოლიდეი ინ”-ის სასტუმროებს შორის ყველაზე მაღალი კლასის იქნება. მის გახსნას სექტემბერში ვვარაუდობთ”, ამბობს შალვა ერისთავი.
ნონა ქვლივიძე