1 ივლისიდან სეს-ი სურსათში ფარმაკოლოგიური ნივთიერებების ნარჩენების კონტროლს იწყებს
2016 წლის 1 ივლისიდან ცხოველური წარმოშობის სურსათში ფარმაკოლოგიური ნივთიერების ნარჩენების კონტროლი იწყება. ტექნიკური რეგლამენტი - „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ მთავრობამ №639 დადგენილებით 2015 წლის 18 დეკემბერს დაამტკიცა, ამოქმედების ვადად კი 2016 წლის 1 ივლისი განსაზღვრა. დადგენილების თანახმად, ცხოველური წარმოშობის სურსათში ფარმაკოლოგიური ნივთიერების ნარჩენების კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს, ხოლო საბაჟოზე − ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
ტექნიკური რეგლამენტით დადგენილია ცხოველური წარმოშობის სურსათში ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ნარჩენების მაქსიმალურიდასაშვები ოდენობა. ასე მაგალითად, მსხვილფეხა საქონლის ცხიმში აბამექტინის ნარჩენის რაოდენობა 10 მკგ/კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ღვიძლში - 20 მკგ/კგ-ს. ამავე პრეპარატის მაქსიმალური დასაშვები ზღვარი ცხვრის ღვიძლისთვის 25 მკგ/კგ-ია.
„ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი აკრძალული ნივთიერებების სიასაც ადგენს. ამ სიაში ჩამოთვლილი ნივთიერებები და მათი ნარჩენები ცხოველური წარმოშობის სურსათში საერთოდ არ უნდა ფიქსირდებოდეს.
აკრძალული ნივთიერებებია:
Aristolochia spp და მისი პრეპარატები
ქლორამფენიკოლი
ქლოროფორმი
ქლორპრომაზინი
კოლხიცინი
დაფსონი
დიმეტრიდაზოლი
მეტრონიდაზოლი
ნიტროფურანი (მათ შორის ფურაზოლიდონი)
რონიდაზოლი
ცხოველური წარმოშობის სურსათში ფარმაკოლოგიური ნივთიერების ნარჩენების კონტროლის თაობაზე www.eugeorgia.info სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსს, კახა სოხაძეს ესაუბრა.
- რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ცხოველური წარმოშობის სურსათში ფარმაკოლოგიური ნივთიერების რაოდენობა მაქსიმალურ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბებს?
- მაშინ, როდესაც დადგენილია სურსათის უვნებლობის მაჩვენებლები და სურსათში ფარმაკოლოგიური ნივთიერებების ნარჩენების მაქსიმალური დასაშვები ოდენობა, ამ ოდენობაზე გადაჭარბება დაბინძურებად მიიჩნევა. ასეთ შემთხვევაში სურსათზე ვრცელდება სურსათის უვნებლობის მოთხოვნები. უნდა მოხდეს შეფასება და განვსაზღვროთ: რა ტიპის სურსათია, რა რაოდენობით არის მასში ფარმაკოლოგიური ნივთიერება, რა რაოდენობით აღემატება ის ნორმას და რატომ და სურსათის წარმოების რა ეტაპზე მოხდა ეს დაბინძურება. ამის შემდეგ სურსთზე გავრცელდება შემზღუდავი ღონისძიებები.
- შემზღუდავ ღონისძიებებში რა იგულისხმება?
- როცა სურსათის უვნებლობაზეა საუბარი, დასაშვებია რადიკალური ზომების გამოყენება. შეიძლება, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდეს და სურსათიც განადგურდეს. გადაწყვეტილება დაბინძურების მასშტაბზე იქნება დამოკიდებული.
- ანალოგიური შემზღუდავი ღონისძიებები იქნება გამოყენებული იმ შემთხვევაშიც, თუ პროდუქტში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდება?
- აკრძალული ნივთიერება სურსათში არ უნდა იყოს. თუ სურსათში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდება, მასზე გავრცელდება სურსათის უვნებლობის მოთხოვნები და ის განადგურდება.
- შემზღუდავი ღონისძიებების გატარებამდე უნდა დადასტურდეს, რომ სურსათში უვნებლობის მოთხოვნები დარღვეულია. სად შემოწმდება პროდუქტების უვნებლობა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში, რომელსაც ყველა ფარმაკოლოგიური ნივთიერების ნარჩენზე ლაბორატორიული შემოწმების ჩატარება ჯერჯერობით, არ შეუძლია?
- ამას ვერ გეტყვით ზუსტად. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია უნდა მივიდეს იმ კონდიციამდე, რომ შეძლოს ასეთი კვლევების ჩატარება.
- ანუ პირველი ივლისიდან სურსათის უვნებლობის სრულფასოვანი შემოწმება ვერ მოხერხდება?
- არა, ჩვენ ვიწყებთ უკვე ნარჩენების კონტროლს ლაბორატორიის არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მუშაობს შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ახლო მომავალში ის ამ კვლევებში სრულფასოვნად ჩაერთვება.
- სად ჩატარდება კვლევები, რომლებიც სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას ჯერ დანერგილი და აკრედიტებული არ აქვს?
- ისეთ პარამეტრებზე, რომლებიც ჯერ აკრედიტებული ან დანერგილი არ არის, კვლევა ვერ განხორციელდება.
- სად მოხდება ლაბორატორიული შემოწმებისთვის ნიმუშების აღება - სავაჭრო ქსელში თუ სურსათის წარმოების ადგილზე, კომპანიაში და ვის შეეხება შემოწმება - მხოლოდ დარეგისტრირებულ ბიზნესოპერატორებს თუ საოჯახო მეურნეობებსაც?
- ნიმუშებს ავიღებთ როგორც სავაჭრო ქსელში, ისე კომპანიაშიც. სურსათის უვნებლობის კანონმდებლობა ვრცელდება მხოლოდ ბიზნესოპერატორებზე და შესაბამისად, მხოლოდ ისინი შემოწმდებიან.
- სურსათის ეროვნული სააგენტო მონიტორინგის ფარგლებში, ყოველწლიურად ლაბორატორიული კვლევისთვის თაფლის სინჯებს გზავნის რიგაში. ბოლო ასეთი კვლევის დროს 104 ნიმუშიდან 20 ანტიბიოტიკების ნარჩენებით იყო დაბინძურებული. მორიგი მონიტორინგის დროს, თუ კვლავ დაფიქსირდება თაფლის სინჯებში აკრძალული ნივთიერებები ან ანტიბიოტიკების ნარჩენები დასაშვებზე მეტი ოდენობით, შემზღუდავი ღონისძიებები მათზეც გავრცელდება თუ არა?
- დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი შემთხვევების რაოდენობა მაღალი არ იქნება: სეს-მა ძალიან მასშტაბური საინფორმაციო სამუშაო ჩაატარა საქართველოს ყველა რეგიონში ბიზნესოპერატორებთან და მეფუტკრეებთან იმისთვის, რომ მათ აკრძალული ნივთიერებები აღარ გამოიყენონ, ნებადართული ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაში კი დაიცვან დოზები და ვადები. თუმცა, თუ ასეთი დარღვევა გამოვლინდება, მასზე გავრცელდება სურსათის უვნებლობის მოთხოვნები. შემზღუდავი ღონისძიების ხასიათი დარღვევის ტიპზე იქნება დამოკიდებული.